#მხატვრობა

მარიამ ახობაძის და მოქანდაკე დავით ნათიძის შოუ „დელიკატური დილემები“ The Why Not Gallery-ში

გაზიარება:

8 ივნისს, The Why Not Gallery ფერმწერ მარიამ ახობაძის და მოქანდაკე დავით ნათიძის შოუ „დელიკატურ დილემებს“ წარმოგვიდგენს.

ექსპოზიციაზე განვითარებული ვიზუალური დიალოგი ტრადიციულ მედიუმში მომუშავე ორ ხელოვანს შორის იმართება, რომლებიც ცდილობენ მრავალსაუკუნოვანი მასალის გადააზრებას. აკადემიურობიდან ამოსული ორი შემოქმედებითი ხმა, ფორმისა და მასალის დამკვიდრებულ ტრადიციაში, წარმატებულად ახერხებს საკუთარი, მეტად უნიკალური ხელწერის პოვნას. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, სიმძიმის და სტატიკურობის პლასტიკურსა და დინამიკურად გარდაქმნის ბალანსზეა.

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება, ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის დავით ნათიძის ბუნებრივ ქვაში შესრულებული მცირე ზომის სკულპტურები. ნათიძის ნამუშევრები მოდერნისტული ქანდაკების ტრადიციიდან ამოდის, მის შემოქმედებაში ფორმალისტური ძიებები წამყვან როლს თამაშობს. ხელოვანი შთაგონებას ბუნებრივი ფორმებიდან იღებს, შემდეგ აბსტრაგირებს მათ და მინიმალისტური ჟესტით მეტად დახვეწილ და ნატიფ ქანდაკებად გადააქცევს. შედეგად შექმნილი ნამუშევრები ფაქიზ შუახაზს პოულობს აბსტრაქტულსა და ფიგურატიულს შორის და ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისათვის. ხელოვანს განსაკუთრებული სენსიტიურობა აქვს მასალის მიმართ, რომლის მეშვეობითაც იგი ქმნის სადა, მაგრამ უაღრესად დახვეწილ ფორმებს. ქვას ამუშავებს ისე, რომ აბრეშუმივით გლუვი ზედაპირი მიიღოს და ამგვარად ახერხებს, რომ მასალას, ბუნებრივ ქვას, მისცეს სინატიფე და ელეგანტური ჰაეროვნება. ნათიძის ბიომორფული ფორმები, სიმარტივეში ნაპოვნი დახვეწილობა, მისტიურსა და ფილოსოფიურზე, სიცოცხლის სიმყიფესა და ამ ამოუხსნელ ბალანსზეა, რომელსაც სამყარო უჭირავს.

ახალგაზრდა ფერმწერის, მარიამ ახობაძის ახალი ფიგურატიული სერია ტანმოვარჯიშეების გარშემო ვითარდება. ანდროგენულ ფიგურებს მხატვარი მოძრაობაში, ვარჯიშის სხვადასხვა ეტაპზე ხატავს. უდროობასა და უწონადობაში მოქცეული ფიგურები თითქოს ისეთი კონცენტრირებული არიან ბალანსის შეინარჩუნებაზე, რომ ერთმანეთს საერთოდ ვერ ამჩნევენ; საკუთარ თავში ჩაძირულნი, კოლექტიურ მარტოობაში არიან გახვეული. ნაცნობი ტანვარჯიშის ილეთები და სხვადასხვა პოზაში გაყინული ადამიანები, რომელსაც ხელოვანი ხატავს თითქოს ადამიანის ფიგურის შესწავლის სავარჯიშოებია; ნახატებზე იგრძნობა ხელოვანის ღრმა დაინტერესება მხატვრობის ტექნიკური მხარით. თუმცა, უნებურად, აკადემიურ ხატვაში გაწაფული ხელოვანის ნახატებზე გამოხატული ფიგურები ფსიქოლოგიური პორტრეტებად და მეტაფორებად გადაიქცევა, იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და დელიკატურ დილემებზე, რომელიც განგვსაზღვრავს პიროვნებად.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by David Natidze (@davart_16)

დავით ნათიძე (დ.1969) ბელგიაში მოღვაწე მოქანდაკეა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1994 წელს, ქანდაკების ფაკულტეტი და განათლება გააგრძელა ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 
ნათიძის ნამუშევრების შთაგონების წყარო ხშირად ბუნებრივი ფორმებია, რომელსაც ხელოვანი აბსტრაგირებს და ბუნებრივი ქვის ნაჭრებს მინიმალისტური ჟესტით მეტად დახვეწილ და ნატიფ ქანდაკებად გადააქცევს. მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. იგი აქტიურად მუშაობს ქანდაკების რესტრავრაციაზეც და არაერთი მნიშვნელოვანი მონუმენტის აღდგენაზე აქვს ნამუშევარი. 2008 წლიდან იგი ასწავლის ატელიე შილდერჰოფში (Atelier Schildershof in Schilde), ბელგია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by David Natidze (@davart_16)

მარიამ ახობაძე (დ.1990) ახალგაზრდა მხატვარია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი, შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში (2007-2015). მარიამი ძირითადად ფიგურატიულ ფერწერაზე მუშაობს და აკადემიურ ფერწერაში კარგად გაწვრთნილი ხელით ის მომხიბვლელ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის. მარიამის ნახატები ხშირად ასახავს მის გარემოცვას - მეგობრებს, ნათესავებს, სტუდიის ინტერიერს, მაგრამ უჩვეულო კომპოზიტიური გადაწყვეტა განსაკუთრებულ ინტენსივობას ანიჭებს მის ნამუშევრებს. მარიამის ნამუშევრები გამოფენილა საქართველოში, მათ შორის მისი პერსონალური გამოფენა ‘ჩვეულებრივი ცხოვრება’ თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (2021) და ჯგუფური გამოფენები საზღვარგარეთ, მათ შორის პოლონეთში, ისრაელში, იტალიასა და სომხეთში.

ზევით