#მოდა #ცნობილები #WOMEN POWER

მარია გრაცია კიური პანდემიაში ფემინისტურ ხელოვნებას ქმნის

გაზიარება:

მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილ დიზაინებს თეზისი რომ ჰქონდეთ, ის უდავოდ ფემინიზმისა და მოდის განუყრელობაში მოიძებნებოდა. მოდის სახლ Dior-ის პირველმა ქალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, სადებიუტო ჩვენებაში ხაზი მკვეთრად გაუსვა ამ მოვლენის მნიშვნელობას, 2016 წლის სექტემბერს გამართულ Dior-ის ჩვენებაში, მოდელებმა ერთი-მეორის მიყოლებით მოირგეს ზედები წარწერით WE SHOULD ALL BE FEMINISTS (ჩვენ, ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ). 

მარია გრაცია კიური

სადებიუტო კოლექცია მარია გრაცია კიურიმ, ნიგერიელი მწერლის ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის ბესტსელერი წიგნის სახელწოდების შთაგონებით შექმნა და მას შემდეგ, დიზაინერი და კრეატიული დირექტორი, ყოველ ახალ სეზონზე, მკაფიოდ წარმოაჩენს ხელოვანი, მეცნიერი თუ შემოქმედი ქალების ხმას საკუთარ კოლექციებში, მეტიც, მარია ხშირად აცხადებს, რომ მისი შთაგონების წყარო ახალი სილუეტების შექმნის პროცესში, სწორედ ძლიერი და ყოვლისშემძლე ქალები არიან.

„1964 წელს რომში დავიბადე, 1970-იანი წლების მიჯნაზე კი იტალიაში, საკმაოდ ძლიერი ფემინისტური ძვრები მიმდინარეობდა. მახსოვს, როგორ იბრძოდნენ დედა და მამა ცვლილებებისთვის. კათოლიციზმის გავლენა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი გახლდათ და ქვეყანაში არც აბორტის და არც განქორწინების უფლება არ გააჩნდა ქალს.

გამიმართლა, რადგან საკუთარ თავზე არასოდეს მიფიქრია, როგორც ჩარჩოებში მოქცეულ ქალზე, არამედ როგორც მარია გრაციაზე.

ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ: უნდა ისწავლო და გახდე დამოუკიდებელი, მათ არასდროს უთქვამთ ჩემთვის, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვილიყავი და შვილები გამეჩინა. კიდევ იმიტომ გამიმართლა, რომ ჩემი პირველი სამსახური Fendi-ში იყო, რომლის სათავეშიც 5 და დგას. 

როდესაც ტანსაცმელს ვქმნი, ვცდილობ მასში აზრიც ჩავდო, მაგრამ მთავარი იდეა მაინც ისაა, რომ ის ჩემს პიროვნულობას უნდა ასახავდეს და შინაგან სამყაროს.

არსებობს მოსაზრება, რომ გენიოსი მხოლოდ კაცისგან იბადება, რომ მხოლოდ კაცს შესწევს უნარი იყოს გენიოსი. არ ვიცი ეს საიდან მოდის, თუმცა მოდაშიც ასეა. სწორედ ამის საპირწონედ წარმოვადგენ ჩემს კოლექციებში ხელით ნაქარგ ნიმუშებს, რომლებიც ქალების მიერ რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ იქმნება, ჩემთვის ეს ქალები შემომედები არიან“.

ზევით