#მუსიკა

ლიანა ფაილოძე-ჰარონის მუსიკალური მოღვაწეობა ოკეანის მიღმა

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

დღეს მსურს ქართველ პიანისტზე გიამბოთ, რომელიც უკვე 23 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. ლიანა ფაილოძე-ჰარონი ერთ-ერთია იმ გამორჩეულ არტისტებს შორის, რომლებმაც საქართველოსგან შორს უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, სამშობლოს კი არასოდეს ივიწყებენ. ინტერვიუში მისი მუსიკალური შემოქმედების არაერთ საინტერესო დეტალს და სიახლეს გაეცნობით.

liana pailodze-harron, vesna duo, georgian pianist, ლიანა ფაილოძე-ჰარონი

როდის და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მუსიკასთან?

როგორც, ბავშვების უმეტესობას საქართველოში, მუსიკასთან შეხება მეც დაბადებიდანვე მქონდა. სახლში ყოველთვის მუსიკა ჟღერდა: გიტარა, ფორტეპიანო და სიმღერა. აგრეთვე, მამა მუსიკოსი მყავს, დრამერი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო მოიარა და ამჟამად თბილისის ბიგ ბენდში უკრავს. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ 7 წლის ასაკიდანვე სერიოზულად მივუდექი ჩემს მუსიკალურ კარიერას და მაშინვე ვიცოდი, რომ პიანისტი უნდა გამოვსულიყავი. პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე - მეცადინეობა და კონცერტები. ⁠

როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები ამერიკული კარიერის დასაწყისში?

ჩემი კარიერა ამერიკაში 2001 წელს დაიწყო, როდესაც მაიამის უნივერსიტეტმა სასწავლებლად სრული დაფინანსებით მიმიწვია. ეს უნივერსიტეტი დღეს ყველაზე პრესტიჟულ სკოლებს შორისაა და პროფესორების სიაც განთქმულ ჯაზის და კლასიკურ მუსიკოსებს მოიცავს. თავიდან, როგორც სტუდენტს, საშუალება მომეცა ისეთ დარბაზში დამეკრა, როგორიც კარნეგი ჰოლია, ამის შემდეგ კი აქტიურად ჩავერთე აქაური ცხოვრების სწრაფ ტემპში: სწავლა, გამოცდები, კონცერტები, ჩაწერები და ლექციების ჩატარებაც კი. ძალიან თბილად მაგონდება მაიამის წლები (არამარტო ტროპიკული ამინდების გამო). ⁠

vesna duo, liana pailodze-harron,
Vesna Duo, ლიანა ფაილოძე-ჰარონი და ქსენია კომლიენოვიჩი

როგორც ვიცით, რამდენიმე წელია მუსიკოს და კომპოზიტორ ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად მუშაობთ, როგორ ჩამოყალიბდა Vesna Duo?

Vesna Duo არის ფორტეპიანოს და პერკუსიონის (მარიმბის და დასარტყამი ინსტრუმენტების) დუეტი ქსენია კომლიენოვიჩთან ერთად. დუეტი პანდემიის პერიოდში შეიქმნა, თუმცა, რადგან ყველაფერი გაჩერდა, დრო მოგვეცა უფრო დიდი პროექტის მოსაფიქრებლად. ქსენიამ არანჟირება გაუკეთა სტრავინსკის ცნობილ ბალეტს "კურთხეული გაზაფხული" (The Rite of Spring), რომელიც ზეპირად შევასრულეთ. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა: კონცერტები, ალბომის ჩაწერა და Grammy-ის ნომინაციების სიაში წარდგენა. ჩვენს ალბომზე სტატია The Wall Street ჟურნალშიც დაწერა პულიცერის პრიზის მფლობელმა მუსიკის კრიტიკოსმა, ტიმ ფეიჯმა. ამავე წლის აპრილში ჩვენმა დუეტმა 6 კონცერტი ჩაატარა ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად.

ცნობილია, რომ სტივენ ტაილერთან და სტინგთან გიმუშავიათ, როგორ აღწერდით ამ გამოცდილებებს?

სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივი გამოცდილება იყო ორივე შემთხვევაში. ორივე ძალიან პროფესიონალურად უდგებოდა საქმეს. სტივენ ტაილერთან ერთად United Nation-ის წვეულებაზე დავუკარი, სადაც აეროსმიტის სოლისტმა ჰუმანიტარული ჯილდო მიიღო. სტინგთან კი კარნეგი ჰოლში მქონდა კონცერტი სხვა ცნობილ მუსიკოსთან ერთად. ⁠

რომელი მომენტი მიგაჩნიათ ყველაზე გამორჩეულად თქვენი მუსიკალური კარიერიდან?

ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მომენტი ქართული სოლო ალბომის გამოშვებაა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტები თითქმის ყველა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში მქონია და არაერთ ვარსკვლავთან მიმუშავია, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ქართული კლასიკური მუსიკის სოლო ალბომის გამოშვება იყო. ეს მიზნად ყოველთვის მქონდა და წელს რეალობადაც იქცა. ⁠

როგორი გავლენა აქვს ქართულ მემკვიდრეობას, კულტურას თქვენს მუსიკალურ შემოქმედებაზე?

ქართული მემკვიდრეობა, კულტურა და ენა არის ფუძე, რომელზეც ჩემი მთელი არსებაა აგებული, ამიტომ ამ ყველაფერს უდიდესი გავლენა აქვს არა მარტო მუსიკალურ შემოქმედებაზე, არამედ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში ქართველი ვარ და მერე ყველაფერი დანარჩენი.

მოგვიყევით თქვენს უახლეს ალბომზე „ქართლი: საქართველოს ისტორიები“ - რა კონცეფცია დგას ალბომის უკან?

"ქართლი: საქართველოს ისტორიები" არის ჩემი მეოთხე ალბომი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს პროექტი ქართველი კლასიკური კომპოზიტორების 12 ნაწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის, კულტურის და რეგიონების თემატიკაზეა შექმნილი. ალბომი ჩემს ლეიბლზე, Armazi Productions-ზე გამოიცა და ქართული მემკვიდრეობის ფონდის მიერაა წარდგენილი. ის, პირველ რიგში, ჩემს შვილებს მივუძღვენი და ყველა იმ ქართველს, რომელიც საქართველოსგან შორს ცხოვრობს.

 

⁠სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ პროექტებისა და პერფორმანსების კუთხით?

ამჟამად კონცერტები და მასტერკლასები არაერთ შტატშია დაგეგმილი: ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტეხასში, კალიფორნიასა და მერილენდში.

ზევით