#მხატვრობა

„კანაგავას ტალღის ქვეშ“: 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰოკუსაის შედევრის შესახებ

გაზიარება:

„კანაგავას ტალღის ქვეშ“, აგრეთვე ცნობილი როგორც „დიდი ტალღა“, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნამუშევარია, რომელსაც მუზეუმის კოლექციების გარდა შეხვდებით თითქმის ყველგან, პრინტებით დაწყებული, ფაზლებითა და ჩანთებით დამთავრებული. კაცუსიკა ჰოკუსაის უკიო-ე ჟანრის შედევრი, პოპკულტურის განუყრელ ნაწილად იქცა, თუმცა რამ განაპირობა გრავიურის მსგავსი პოპულარობა და რა გამოარჩევს „დიდი ტალღას“, დღეს სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.

„კანაგავას ტალღის ქვეშ“

გრავიურა, რომლის შექმნაც კაცუსიკა ჰოკუსაიამ 70 წლის ასაკში დაიწყო და 1 წლის შემდეგ, 1831 წელს გამოაქვეყნა, იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მთის ფუძიამას ფონზე აზვირთებულ ტალღებს ასახავს, რომელიც მასზე მოძრავ ნავებს დაძირვით ემუქრება. ხეზე დახატული ამ უნიკალურ გრავიურას უფრო ზუსტი ლოკაციაც აქვს, მასზე გამოსახულია კანაგავა-ჯუკუ (ჯუკუ იაპონურად სადგურს ნიშნავს). ქალაქ ტოკაიდოდან მომავალი მგზავრებისა თუ ვაჭრებისთვის, კანაგავას სადგური ტოკაიდოს ორმოცდასამი სადგურიდან, რიგით მესამე გახლდათ. საუკუნეების განმავლობაში იმ ხედსა და ჰორიზონტს, რომელიც კაცუსიკა ჰოკუსაიამ ასე პოპულარულად აქცია, ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადიოდა.

კანაგავას ტალღის ქვეშ, კაცუსიკა ჰოკუსაი, დიდი ტალღა

ცხადია, კანაგავას სადგური კაცუსიკა ჰოკუსაიას აღმოჩენა არ ყოფილა, ყველასათვის ცნობილი ხედები ასახულია სხვა მხატვრების ნამუშევრებზეც. ეს დატვირთული მარშრუტი აღბეჭდა ცნობილმა მხატვარმა უტაგავა ჰიროშიგემაც. უტაგავამ შექმნა სერია სახელწოდებით „ტოკაიდოს ორმოცდასამი სადგური“, რომელთა შორისაც ვხვდებით კანაგავასაც. ჰოკუსაიასგან განსხვავებით, ჰიროშიგეს ვერსიაში ვეცნობით უფრო მშვი სცენას: ცისფერი ცისა და დამშვიდებული ზღვის ფონზე, მიმავალ ვაჭრებს.

დღეს, ამ მარშრუტის დაფარვა, რომლებსაც მგზავრები დღეებს ანდომებდნენ, სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. რკინიგზამ, რომელიც ტოკაიდოს, ოსაკას, ნაგოიასა და კიოტოს აკავშირებს, ძველი დროის საცალფეხო ბილიკის მნიშვნელობა გააქრო, თუმცა ეს ადგილი მაინც რჩება იმ საკულტო ლოკაციად, სადაც ნამდვილი შედევრები დაიბადა.

კაცუშიკა ჰოკუსაის გრავიურების სერია

ეგრეთ წოდებული „დიდი ტალღა“ მხოლოდ პირველი ნამუშევარი იყო იმ სერიისა, რომელსაც კაცუსიკა ჰოკუსაიამ დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა. კომპოზიციის ნამდვილმა ოსტატმა, გეომეტრიული ფორმების ერთობლიობისგან შექმნა საყოველთაოდ ცნობილი „ფუჯის მთის ოცდათექვსმეტი ხედი“ და თითოეული მათგანი განუმეორებელი ხიბლით შეამკო.  

კანაგავას ტალღის ქვეშ, კაცუსიკა ჰოკუსაი, დიდი ტალღა

სიუჟეტების უცვლელი ობიექტი - მთა ფუძიამა

„კანაგავას ტალღის ქვეშ“, ისევე როგორც დანარჩენი 45 (ჰოკუსაიამ 10-ით მეტი გრავიურა შექმნა, ვიდრე საჭირო იყო) ნამუშევრის სიუჟეტის ცენტრში ყოველთვის მთა ფუძლიამა ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ „დიდი ტალღის“ წინა პლანზე თვალს აღელვებული ტალღები და ნავები გვჭრიან, გრავიურის დისტანციაზე მთა ფუძიამა მოჩანს, გამოსახული პატარა სამკუთხედის სახით, რომელიც ბუნების ძალის და მარადიულობის სიმბოლოა. 

თუმცა, მთა ფუძიამა ამაზე მეტია, იაპონურ კულტურაში მისი მნიშვნელობის ძიება, ლეგენდებსა და რელიგიურ თაყვანისცემებამდე მიგვიყვანს. საუკუნეების წინ, ფუძიამა წმინდა მწვერვალად მიიჩნეოდა, რომელიც თავის სიღრმეში უკვდავების საიდუმლოს მალავდა. ცხადია, კაცუსიკა არ ყოფილა პირველი, ვისაც ფუძიამას ხელოვნებაში ასახვა მოაფიქრდა.  მთის მიმართ პოეტებისა და მხატვრების ინტერესი ათწლეულების, საუკუნეების გასვლასთან ერთად იზრდებოდა. ამ პროცესმა ზენიტს მე-19 საუკუნეში მიაღწია.

კაცუსიკა ჰოკუსაიას 4 ტიპი

კაცუსიკა ჰოკუსაიას თავისი 46 გრავიურა არ დაუთარიღებია, თუმცა მისი სერია შინაარსის მიხედვით 4 ტიპად არის დაყოფილი:

1. ფუძიამა, დანახული დასავლეთის გავლენით

2. ჩიტის თვალით დანახული ფუძიამა

3. ფუძიამა, ლანდშაპტის გასწვრივ მიმავალი მოგზაურების უკანა ფონზე

4. ფუძიამა, როგორც შორეული არსება, რომელიც პერსონაჟთა ცხოვრებას უკანა პლანიდან აკვირდება.

კანაგავას ტალღის ქვეშ, კაცუსიკა ჰოკუსაი, დიდი ტალღა

ზღვის ფერი

ხელოვნების საუკუნოვან ისტორიაში, დანომრილი საღებავები, ლითონის შეფუთვით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი. ის, რისი დანახვაც მაღაზიებში ჩვენთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, ჰოკუსაიას პერიოდში წარმოუდგენელ ფუფუნებასთან იქნებოდა ასოცირებული. სასურველი ფერების მიღება/მოპოვება მხატვრებისთვის წარმოუდგენელ სირთულესთან იყო დაკავშირებული. გრავიურის „კანაგავას ტალღის ქვეშ“ წინა პლანზე ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ ლურჯ ფერს, ამ ბეჭდვისთვის ჰოკუსაიმ გამოიყენა დასავლეთიდან ახლად შემოტანილი იმპორტირებული პრუსიული ლურჯი. ის ბევრად უფრო კონცენტრირებული და ძლიერია, ვიდრე ტრადიციული მცენარეული ალტერნატივა.

ზევით