#დეკორი

ისტორიულის და თანამედროვეს შერწყმა არქიტექტურაში

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

კლასიკური და მოდერნისტული არქიტექტურა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება - ამაზე ყველა ვთანხმდებით. ხშირად ვერ შევხვდებით ამის მაგალითებს, თუმცა ამ ორი არქიტექტურული მიმდინარეობის შერწყმას გასაოცარ შედეგებამდე მივყავართ. თანამედროვე არქიტექტურა, გარდა იმისა, რომ მას ნაგებობები დღევანდელ ეპოქასთან მოჰყავს თანხვედრაში, ხშირად ერთადერთ საშუალებასაც წარმოადგენს ძველი კულტურული ძეგლების შესანარჩუნებლად. ქვემოთ სწორედ იმ ისტორიულ ნაგებობებს გაგაცნობთ, რომლებმაც მოდერნისტულმა შტრიხებმა ახალი სული შთაბერა. 

სამხედრო ისტორიის მუზეუმი დრეზდენში

dresden, modern architecture, dresden museum,

დრეზდენში მდებარე ნაგებობა თავდაპირველად 1876 წელს სამხედრო აღჭურვილობის ბაზად აშენდა, მუზეუმი კი 1897 წელს გახდა. 1989 წლისთვის გერმანიის მთავრობამ საჯარო სტრუქტურის დახურვა გადაწყვიტა და სამხედრო ისტორიის მუზეუმი მხოლოდ 2011 წელს გაიხსნა თავიდან, მას შემდეგ რაც შენობას დენიელ ლიბესკინდმა აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარა. მან ტრადიციულ ნეოკლასიკურ არქიტექტურას თანამედროვე, შუშის ფასადი დაუმატა.

PORT AUTHORITY

ზაჰა ჰადიდი, ანტვერპენი, არქიტექტურა, port authority, antwerp, zaha hadid

ანტვერპენის Port Authority-ის შენობა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის ნამუშევარია. ზაჰას განუმეორებელი გონებით დაპროექტებული ანტვერპენის პორტის ადმინისტრაციის შენობა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ სხვა ნაგებობას არ ჰგავს. მის უნიკალურობაში კი დიდ როლს თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის ნაზავი ასრულებს. ის 2016 წელს, სახანძრო სადგურის რენოვაციისა და გაფართოების შემდეგ, პორტის ახალ შტაბ-ბინად იქცა, სადაც დღეს 500 ადამიანია დასაქმებული.

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი, ბაგრატის რესტავრაცია,

ამ სიაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი - ბაგრატის ტაძარიც მოხვდა. ბაგრატის აღდგენაზე საუბრები 2000-იანების დასაწყისიდან მიმდინარეობდა, თუმცა საზოგადოებაში ამ საკითხმა საკმაოდ დიდი უთანხმოება გამოიწვია. ინტენსიური რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და საბოლოოდ ერთ ნაწილში მინის კონსტრუქცია დაამატეს და ლიფტი დაუმონტაჟეს. 2017 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო. ამის მიზეზი სწორედ რეკონსტრუქციული სამუშაოები გახდა, რომელმაც, როგორც თავად კომიტეტმა აღნიშნა, თავდაპირველი ტაძარი იმ დონემდე შეცვალა, რომ მისი ავთენტურობა განადგურდა. შესაბამისად, ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიის კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

მოცეკვავე სახლი პრაღაში 

dancing house, prague,

შენობის დანახვისთანავე მიხვდებით თუ რატომ დაარქვეს მას მოცეკვავე. ჩეხი არქიტექტორის, ვლადო მილუნიჩისა და ფრენკ გერის ერთობლივი პროექტი საინვესტიციო ბანკისთვის Nationale-Nedernalden აშენდა. მოცეკვავე სახლი თავდაპირველად ჰოლივუდის ცნობილი მოცეკვავე წყვილის, ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის სახელებს ატარებდა. მინისა და ბეტონისგან აშენებული კონსტრუქცია ქალაქის ბაროკოს, არტ-ნუვოსა და გოტიკური სტილის ძეგლებს შორის გამოირჩევა. დინამიკური, გამრუდებული ცილინდრების შიგნით, რომელთაც მოცეკვავეებს უწოდებენ, არაერთი მუზეუმი, ოფისი თუ რესტორანია განთავსებული.

სასტუმრო MAEQUES DE RISCAL

Marqués de Riscal hotel,

სასტუმრო, რომელიც ალავაში, ესპანეთის ბასკეთის ტერიტორიის პროვინციაში მდებარეობს, არქიტექტორმა, ფრენკ გერიმ 2003 წელს დააპროექტა. მან 1858 წლით დათარიღებული ადრინდელი შენობის გაფართოება განიზრახა. თავდაპირველი პროექტით აქ ღვინის საწარმო უნდა ყოფილიყო, თუმცა ესპანელმა მფლობელებმა და გერიმ აქ სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. ძველი ღვინის ქარხნის თავზე აშენებულმა ქვიშაქვისა და ტიტანის თანამედროვე სასტუმრომ სტუმრებისთვის კარი 2006 წელს გახსნა და მანაც ისეთივე პოპულარობა მოიპოვა, როგორც გერის სხვა პროექტებმა, მათ შორის გუგენჰაიმის მუზეუმმა ბილბაოში.

GHARFA PAVILION

gharfa installation,

ინსტალაცია, რომელიც ახლისა და ძველის შერწყმას ყველაზე ნათლად ასახავს, რაიდში, საუდის არაბეთში მდებარეობს. ექსპერიმენტული ინსტალაცია დროებითი კრეატიული პროექტის Diriyah Oasis-ის ნაწილია. ნაგებობა ინსპირაციას მის გარშემო არსებული არაერთი განადგურებული კულტურული ძეგლიდან იღებს. თავად იდეის ავტორები ამბობენ, რომ პროექტი ადამიანს, ლანდშაფტსა და არქიტექტურას შორის არსებულ ინტიმურ ურთიერთობას ასახავს. ინსტალაცია ეკომეგობრულობით გამოირჩევა. მისი დიზაინის სირთულე კი არაბული სტილის დეკორის ჩართულობითაა გამოწვეული.

სენტ ფრანჩესკის მონასტერი

st. francesc monastery

მონასტერი, რომელიც კატალონიის პატარა ქალაქ სანტპედორში მდებარეობს, მე-18 საუკუნის დასაწყისში ფრანცისკანელი მღვდლების მიერ აშენდა. მონასტერი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული თანდათანობით იშლებოდა, 150 წელზე მეტი სანპედორის ნანგრევებში გაატარა, მისი რეკონსტრუქცია კი მხოლოდ 2000-იანების დასაწყისში ჩატარდა. რესტავრაციული პროექტი ეკლესიის აუდიტორიად გადაკეთებას და მრავალფუნქციური კულტურული ობიექტის აშენებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად რეკონსტრუქციისა, ეკლესიის დღევანდელ ვერსიაში მისი თავდაპირველი შტრიხები ბოლომდე შენარჩუნებულია. მონასტერი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქიტექტურის თანამედროვე მიდგომებით შენარჩუნდა.

ზევით