#კინო

ნინა ლორთქიფანიძე, ამჯერად ფსიქოლოგიური ტრილერის მთავარ როლში

გაზიარება:

გუშინ პირველი ქართული ფსიქოლოგიური ტრილერის მესამე სერია ვიხილეთ. ემოციურმა დასასრულმა და ახალმა პერსონაჟებმა გონებაში საოცარი ქაოსი წარმოშვა. The Diary Originals-ის რუბრიკაში ამჯერად სერიალის მთავარი როლის, თავად "სოფია გილგას" როლის შემსრულებელი მოვიწვიეთ. მსახიობ ნინა ლორთქიფანიძესთან ერთად chicos.tbilisi-ის კაფეს ვესტუმრეთ.

ნინა, რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?

ნინა: თითქმის ყოველთვის მქონდა ამის სურვილი. მახსოვს, ბავშვობაში ხან ასტრონავტობა მინდოდა, ხან მხატვრობა, თუმცა  მსახიობობა ჩემს ცხოვრებას ფონად სულ დასდევდა. პატარა რომ ვიყავი, სახლში სპექტაკლებს ვდგამდი, ვთამაშობდი. არ მახსოვს ის მომენტი, როცა მსახიობობა გადავწყვიტე. ინერციით მივყევი და ვიცოდი, რომ სკოლას რომ დავამთავრებდი, თეატრალურში უნდა ჩამებარებინა და ასეც მოხდა. 

როგორია თეატრში მუშაობა, როლისთვის სამზადისი?

ნინა: თეატრში მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება მაქვს, ვიდრე ეკრანზე. სულ ვამბობდი, რომ თეატრი მერჩივნა, მაგრამ სერიალი “უხილავი თამაშის” შემდეგ სიყვარული გათანაბრდა. მომზადების პროცესი თეატრსა და კინოში განსხვავებულია. თეატრში უფრო მყუდრო გარემოა, შენი საგრიმიორო გაქვს, მეტი საშუალებაა განმარტოვდე და იფიქრო.

თეატრიდან კინოში როგორ მოხვდი?

ნინა: მთელი ცხოვრება დავდიოდი "კასტინგებზე". ყოველთვის მიწუნებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ასაკით პატარას ვგავდი, მე ამაზე, რა თქმა უნდა, ნერვები მეშლებოდა. ერთ დღეს, კასტინგ მენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ მითხრა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში", მორიგ კასტინგზე გავსულიყავი და ამიყვანეს კიდეც. "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი ტელე დებიუტი იყო.

როგორ შეუერთდი "უხილავი თამაშის" შემადგენლობას?

ნინა: კასტინგზე გავედი და შემარჩიეს. როგორც იცით, სერიალი მარი ბექაურის წიგნზეა დაფუძნებული, მე გადაღებების დაწყებამდე დრო მქონდა, რომ წიგნიც წამეკითხა. მქონდა იმის ფუფუნება, რომ ეს როლი კარგად გამეაზრებინა. თანაც გადაღებებამდე დიდხნიანი რეპეტიციები გვქონდა და ეს ხშირად არ ხდება, არადა ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი როლისთვის უკეთ მოვმზადებულიყავი.

“უხილავი თამაში” Cavea+-ის პროექტია და ტრადიციულად ახალი თაობის მსახიობებისგანაა დაკომპლექტებული. რამდენად მოგწონს ეს ფაქტორი?

ნინა: ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ვთვლი, რომ არამარტო ჩემს, არამედ მომდევნო თაობაში ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი მსახიობია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. მგონია რომ მსგავსი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ყველაფერს, ძალიან კარგი საშუალებაა. 

სერიალის რეჟისორებზე რას გვეტყვი? როგორი იყო მათთან მუშაობა?

ნინა: სოსოს მანამდეც ვიცნობდი, "ჩემი ცოლის დაქალებში" გავიცანი და ჩემს სცენებზე ის მუშაობდა. ერთმანეთს თავიდანვე კარგად შევეწყვეთ. ამ სერიალს ორი რეჟისორი ჰყავს, გიორგი ქადაგიძე და სოსო ბლიაძე. გიორგის იდეა იყო ამ პროექტის განხორციელება და თავიდან სწორედ ის მესაუბრა, შემდეგ სოსო შემოგვიერთდა. კომპლექსური საკითხია, როცა ორი, რადიკალურად განსხვავებული ტიპის რეჟისორი ერთად იწყებს საქმის კეთებას, მაგრამ იმდენად იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს, Cut-საც კი ერთად იძახდნენ გადასაღებ მოედანზე და პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილიც მათი ტანდემი იყო.

როგორი მაყურებლისთვისაა სერიალია?

ნინა: სერიალი არის ფსიქოლოგიური ტრილერი, მისტიკა. ასეთი ჟანრის ფილმები საქართველოში ჯერ არ ყოფილა და იყო ფიქრები იმაზე, თუ რამდენად გაამართლებდა, რამდენად დააინტერესებდა ქართველ მაყურებელს. პირველი სერია რომ გამოვიდა, მივხვდი, რომ ყველა თაობის მაყურებელს მოეწონა. სერიალზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, ძალიან ჩახლართული სიუჟეტია. შემიძლია ვთქვა ის, რომ ერთი მწერლის დაწერილ წიგნში, მეორე მწერლის რეალური ამბავი ხდება. მთავარი კითხვა კი ისაა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?!

როგორი იყო გადასაღებ მოედანზე მსახიობებთან ურთიერთობა?

ნინა: ძალიან ბევრი შემიძლია მათზე ვისაუბრო. პირველი გადაღება კახა კინწურაშვილთან მქონდა და მას პირადად არ ვიცნობდი, ბუნებრივია ძალიან ვნერვიულობდი. ვკანკალებდი და დაძაბული ვიყავი. ყოველთვის ვიტყვი, რომ კახა არის ძალიან კომფორტული ადამიანი და პარტნიორისთვის ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. კახამ სრულიად მომიხსნა დაძაბულობა და ის, რომ პირველი წამიდან საერთო ენა გამოვნახეთ, გადაღებების მთლიან პროცესშიც ძალიან დამეხმარა. რაც შეეხება გივიკოს, მას შედარებით კარგად ვიცნობდი და მასთან თამაში სულ მინდოდა. გივიკო ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, სულ მეგონა ერთად თამაში კარგად გამოგვივიდოდა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს სურვილიც ამიხდა.

როგორი პერსონაჟია სოფია გილგა?

ნინა: სოფია არის ძალიან მრავალფეროვანი და მისტიკური პერსონაჟი. მას არ აქვს ერთი ხასიათი თუ ხაზი. ამიტომ, მასზე მუშაობა ძალიან რთული იყო. გადაღების პროცესიც ხომ არეულია, ერთ დღეს მიწევდა ერთი ხასიათის სოფიას თამაში, მეორე დღეს სულ სხვა ხასიათის მორგება. რთული იყო, მაგრამ იმხელა გამოცდილება მომცა და ისე გამზარდა, რომ გადაიფარა ყოველგვარი სირთულე.

რა წამოიღე ამ როლიდან ისეთი, რაც არამხოლოდ საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაში გამოგადგება?

ნინა: ამ როლმა ძალიან ბევრი კომპლექსი მომიხსნა. კამერის უკან უამრავი ხალხი დგას, რაც ჩემს ნერვიულობას აასმაგებდა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სწორედ ამ ხალხის დახმარებით, ყველანაირი შებოჭილობა მომეხსნა. ამ გამოცდილებით ვისწავლე კამერასთან მუშაობა. ერთგვარი გამოწვევა იყო, შემდეგ პროექტებში თამაშს კიდევ უკეთ და უკეთ შევძლებ.

ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის გამოსვლას ელოდები?

ნინა: ყველას ველოდები, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო სერიას. სოსომ ახსენა და მეც ვეთანხმები, რომ მთელი სერიალი პაზლივით არის, ყველა ეპიზოდში პატარ-პატარა ნაწილებს აგროვებ და ბოლო სერია არის კულმინაცია, რომლის დახმარებითაც გამოცანის ამოხსნასაც შევძლებთ.

რომელია შენი საყვარელი ფრაზა, რომელიც სოფია გილგას როლში წარმოთქვი?

ნინა: რატომ მე?! ეს ფრაზა პირველივე სერიაში გამოჩნდა და მთელი სერიალის მანძილზე გაჰყვება პერსონაჟს. 

რა მოგონება დაგამახსოვრდა გადასაღები მოედნიდან?

ნინა: ჩემი გადაღება იყო თუ არ იყო, გადასაღებ მოედანზე მაინც მივდიოდი, მთლიანად ამ პროცესით ვიყავი მოცული. ერთხელაც გიორგიმ და სოსომ რომ დამინახეს, დაუგეგმავად სცენის გადაღება გადაწყვიტეს. ყველას სასაცილოდ მოეჩვენა, რადგან ჩემი კოსტიუმიც კი არ გვქონდა, თან არავის ჰქონდა დრო, ჩემთვის გრიმი გაეკეთებინა. მაგრამ, ისევ საოცარმა ადამიანებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს და აი ასე, არსაიდან რამდენიმე სცენაში გამოვჩნდი.

 

კარიერულ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

ნინა: არ მაქვს ხოლმე გაწერილი გეგმები და ალბათ ვერც გავწერ. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში დავრჩე და რაიმე ღირებული აქ შევქმნა. მაგრამ, ეს რთული ამბავია, მაგიტომ შეიძლება გადავდგა ის ნაბიჯი, რომ არა სამუდამოდ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც წავიდე სადმე. ყველანაირი ჟანრის ფილში ვითამაშებდი, მაგრამ ალბათ კომედიაში თამაშია ის, რაც ძალიან მინდა. თეატრში უკვე მითამაშია კომედია, რაც ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, კინოშიც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. 

 

ზევით