ხელოვნების მარადიული მუზა სხვადასხვა დროსა და სივრცეში იყო, არის და იქნება სიყვარული. ადამიანებმა დროის უკვდავსაყოფად სახვითი ხელოვნება გამოიგონეს. ჯერ იყო, გამოქვაბულის კედლებზე ვხატავდით მოგონებებს, შემდგომ კი, ევოლუცია განვიცადეთ და ხელოვნებად ვაქციეთ ჩვენი ფიქრები, ფანტაზიები, სიზმრები, რეალიები. ათასწლეულების განმავლობაში ხელოვნება სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩაიშალა, მათ შორის გაჩნდა ფოტოგრაფია, კომიქსი, გრაფიკა, მურალი. თუმცა, დღეს ფოტოგრაფიაზე მინდა მოგიყვეთ და მის სიყვარულთან ურთიერთობებზე.

ფოტოგრაფია x სიყვარულის საუკეთესო მაგალითი - რობერ დუანოს საკულტო კადრი "კოცნა"

რობერტ დუანო, ფოგოგრაფია, magnum

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საკულტო ფოტო 1950 წლის გაზაფხულზე, რობერტ დუანომ სიყვარულის ქალაქში, პარიზში გადაიღო. ფოტო დუანოს ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა. სურათზე წყვილია ასახული, რომელიც ერთმანეთს ქაოსური პარიზის შუაგულში კოცნის. მათთვის თითქოს არავინ არსებობს, მხოლოდ ისინი და სამყარო. თუმცა, ირგვლივ გულგრილი პარიზელები დადიან, თითქოს მანქანების გრუხუნიც ისმის ფოტოდან; კაფესთან  მჯდომი პარიზელები კი ემოციურად განიხილავენ 1950 წლის გაზაფხულის მოვლენებს. ფოტოზე რეალური ემოციაა, რაც მას უნიკალურ ნამუშევრად აქცევს. უნიკალურობა კი გაყინული მომენტის მარადიულობაშია, რომლის შესახებ მხოლოდ შეყვარებულმა წყვილმა და ფოტოგრაფმა იციან.

MAKE LOVE, NOT WAR

ბითლზი, ენი ლეიბოვიცი, ჯონ ლენონი, იოკო ონო

ენი ლეიბოვიცის ეს 1980 წელს გადაღებული პორტრეტი საუკეთესოდ ასახავს ჯონ ლენონისა და იოკო ონოს არაორდინალური სიყვარულის ბუნებას. ფოტო, ჟურნალ Rolling Stone-ისთვის გადაიღეს, თუმცა თავიდან იოკო საერთოდ არ მოიაზრებოდა ფოტოსესიაში, ვიანიდან ის ძალიან პოლარიზებული ფიგურა გახლდათ; მას ხალხი The Beatles-ის დაშლაში ადანაშაულებდა. თუმცა, ლენონის დაჟინებული მოთხოვნით შეიქმნა ეს საკულტო ფოტო. მომღერალმა განცხადა, რომ ან მეუღლესთან ერთად გადაიღებდნენ, ან საერთოდ უარს იტყოდა გადაღებაზე. დღემდე უცნობია, თუ რა ნახეს საერთო ლენონმა და იოკო ონომ, რატომ შეიცვალა მის გამო ცხოვრების სტილი და ხედვა მუსიკოსმა, ან რატომ დაშორდა იოკოს გამო ცოლს??? კითხვები ბევრია, პასუხი კი ერთი - ეს სიყვარულია, რომელსაც მეცნიერული ახსნა არ გააჩნია.

მეზღვაურისა და მედდას სპონტანური კოცნა თაიმ სქუერზე 

 Alfred Eisenstaedt, ფოგოგრაფია, magnum

ეს ისტორიული ფოტო ალფრედ ეიზენშტადტმა 1945 წლის 14 აგვისტოს გადაიღო, როდესაც ნიუ-იორკელები თაიმ სქუეარზე იაპონიის კაპიტულაციასა და II მსოფლიო ომის დასასრულს აღნიშნავდნენ. სურათი, რომელიც თავის დროზე ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, დღეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ ვიზუალურ ილუსტრაციად აღიქმება. ბევრმა არ იცის, რომ ფოტოზე უცნობი მეზღვაური უცნობ მედდას სპონტანურად კოცნის. ფოტოზე გამოსახული გმირების ვინაობა 2000-იანი წლების დასაწყისამდე ცნობილიც კი არ იყო. დიდი ხნის კვლევისა და ძებნის შემდეგ კი გაირკვა, რომ სურათზე გამოსახული არიან ახალგაზრდა მეზღვაური, 22 წლის ჯორჯ მენდოზა და მედდა, 21 წლის გრეტა ციმერ ფრიდმანი.

LOVE IN THE TIME OF RIOT

Richard Lam, კოცნა, ფოტო

ჩვენი დროის ყველაზე პოპულარულ ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვანკუვერის არეულობის დროს კოცნის. ფოტო კანადელმა ფოტოჟურნალისტმა, რიჩარდ ლამმა 2011 წლის 15 ივნისს გადაიღო. ჰოკეის კლუბმა Boston Bruins-მა სტენლის თასი მოიგო, რის საპასუხოდაც Vancouver Canucks-ის ფანებმა ვანკუვერის ცენტრში არეულობა მოაწყვეს. დაპირისპირების დროს სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა. დაშავდა ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა ქალიც, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დასამშვიდებლად კი მას შეყვარებულმა აკოცა. აი, სწორედ ეს მომენტი უკვდავყო რიჩარდ ლამმა. ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. მოგვიანებით, ფოტოზე ასახული წყვილის ვინაობაც გახდა ცნობილი, ეს სკოტ ჯონსი და ალექსანდა თომასი არიან. 

ზევით