UFC-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის დღეს დიდი დღეა, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია! ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში, 27 წლის ილია თოფურიამ მოქმედი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი, არც მეტი არც ნაკლები ნოკაუტით დაამარცხა და საკუთარი საჩემპიონო ეპოქის წერას შეუდგა.
საქართველოს დროით დილის 07:00 საათიდან, UFC-ის დიდი თაყვანისმცემლებისა და ქართველი მებრძოლების ქომაგებისთვის ყველაზე ამაღელვებელი წუთების ათვლა დაიწყო. 2 დიდი შერკინება, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდებოდით, მერად დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს შეხვედრით დაიწყო. „ქართველმა მანქანამ“ ყველაზე დიდი გულშემატკივრის მარკ ცუკერბერგის თვალწინ, ჰენრი სეჰუდოს რუსულად წარმოთქმული ყოველი სიტყვა ანანა და მსაჯთა გადაწყვეტილებით, სამრაუნდიანი ორთაბრძოლის ერთპიროვნულ გამარჯვებულადაც დასახელდა.
მოგვიანებით მარკ ცუკერბერგმა მერაბს გამარჯვება Instagram Story-შიც მიულოცა.
ამ მოგებით, მერაბ დვალიშვილს 10 ბრძოლიდან, 10 გამარჯვება დაუგროვდა. რამდენიმე საათის წინ UFC-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე იქნება!
რაც შეეხება ილია თოფურიას, მისი მე-15 ბრძოლა ისტორიული აღმოჩნდა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის პირველად იასპარეზა და ის დიდი გამარჯვებით დაასრულა. UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელსაც ქამარი ხუთჯერ ჰქონდა დაცული, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნო... მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“ - აღნიშნა ილია თოფურიამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე.
ილია თოფურიამ კარიერის დასაწყისში დასახული მიზანი და დიდი ოცნება გასულ ღამეს ოქტაგონზე მილიონობით მაყურებლის თვალწინ აიხდინა, ახლა მერაბ დვალიშვილის დროა!