წითელი ხალიჩის გამორჩეული ლუქები ბერლინალე 2025-ზე
ბერლინალეს 2025 წლის წითელი ხალიჩა ელეგანტურობით გამოირჩეოდა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ რობერტ პატინსონი, მარიონ კოტიარი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვა ვარსკვლავები ფესტივალზე.
ლონდონის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას, დებიუტი შედგა. მოდელებმა შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქართული ბენდის, Skazz-ის, მუსიკის ფონზე წარადგინეს. ქებურიამ ბრენდის მთელი ფილოსოფია ერთ კოლექციაში გააერთიანა. ვიხილეთ ავანგარდული ქუდები, ოთხკუთხედი ფორმის ფეხსაცმელები, გეომეტრიული სილუეტები და წარსულის მოდის შთაგონებით შექმნილი ფუტურისტული დიზაინები.
ტრადიციული სტერეოტიპებისგან დაცლილი კოლექციით ქებურიამ გამორჩეული ესთეტიკა შემოგვთავაზა, სადაც მკაცრი ფორმები ნაზი დეტალებით იყო დაბალანსებული.
ჩვენება შავ-თეთრი ლუქით გაიხსნა - მოდელს თეთრი თმა და შავი ტუჩსაცხი, ხოლო კაბას უზარმაზარი საყელო და გრძელი მკლავები გამოარჩევდა. კოლექციაში ვიქტორიანული მოდის შტრიხები, 90-იანი წლების ესთეტიკა და Y2K სტილის გამოძახილი ოსტატურად იყო შერწყმული. ფერთა პალიტრა ძირითადად შავ-თეთრ ტონალობებს ეფუძნებოდა, თუმცა მკვეთრი ფერები მოულოდნელ კონტრასტს ქმნიდა.
ქებურია ასიმეტრიული ჭრებისა და ნაჭრებით მანიპულაციის ოსტატია. მისი ნამუშევრები ყოველთვის დატვირთულია დინამიკით. ეს კოლექცია ფლუიდურ და სტრუქტურულ ელემენტებს აერთიანებდა - თითოეული ლუქი ტრადიციული სილუეტებისა და სტანდარტული ფორმებისგან შორს იყო, მაგრამ ამავდროულად, ყველა მათგანის ჩაცმა პოდიუმს მიღმა თავისუფლად შეიძლება.
ლონდონის მოდის კვირეულზე დებიუტი ქებურიას კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი ესთეტიკა და უნიკალური ხედვა თანამედროვე მოდის სამყაროში გამორჩეულ ადგილს იმსახურებს. დიზაინერის სამოსი ყოველთვის ემოციურად დატვირთული და სიმბოლიზმით გაჯერებულია. ამ კოლექციაში ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ხელები იყო, განსაკუთრებით შუა თითის სილუეტი როგორც სამოსზე, ისე ჩვენების პოსტერზე.
გამჭვირვალე ხელთათმანები და სხეულზე შემოხვეული ქსოვილები თითქოს გამოხატავდა ზეწოლას, რომელსაც საზოგადოება ინდივიდზე ახდენს ხოლმე და მის ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. დიზაინერის პასუხი კი მარტივი და მტკიცეა – თავისუფლება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ყურადღებას იმსახურებს ორი ლუქი - პონჩოები წარწერებით „Everything is important “ და „Normalize happiness“. შოუს ფინალი კიდევ უფრო მძაფრი იყო: ქებურია მაყურებლის წინაშე წარწერით ხელში წარსდგა – „Free political prisoners! Free Georgia!“.
ქებურიას დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული მოდის განვითარების გზაზე. დღევანდელი ჩვენება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მოდის სცენაზე ნელ-ნელა იმ ყურადღებას იქცევენ, რომელსაც ყოველთვის იმსახურებდნენ.
Ph: Kendam.com