გალერეა „ფუნგუსი“ დათო ქორიძის პერსონალურ გამოფენას „რძე და თაფლს" უმასპინძლებს

7 მაისს, 20:00 საათზე Fungus Gallery და Creative collective spectrum, ელენე ფასურის კურატორობით, დათო ქორიძის პერსონალურ გამოფენას - „რძე და თაფლს" წარმოგვიდგენენ. 

დათო ქორიძე თბილისში დაფუძნებული არტისტია, რომლის ფოტო-ნამუშევრებიც ძირითადად უთანასწორობას, უმცირესობათა თემებსა და სოციალურ წინააღმდეგობებს იკვლევს. დათო ფოტოხელოვნების მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე თუ გამარჯვებულია, და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფოტო-პუბლიკაციის კონტრიბუტორი. 

დათო ქორიძის პერსონალური გამოფენა აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში სხვადასხვა დროს გადაღებულ ორ ფოტო-სერიას აერთიანებს: 2022 წლის გრინვიჩ ვილიჯის უბანში გადაღებულ Dance Parade Festival-ს რომელიც ქალაქის მულტიკულტურულ კლიმატს ზეიმობს და ტრადიციების უნიკალურობას ეძღვნება; და 2019 წელს. ტრამპის მმართველობისას, ანტი-იმიგრაციული სენტიმენტებისა და ინიციატივების ხანაში გადაღებულ, ტაიმზ-სკვერზე მომუშავე კოსტუმირებულ ანიმატორებს - რომელთა უმრავლესობაც დაბალშემოსავლიანი ემიგრანტია.

ოქროსფერთმიანი გოგონა გემის ბაქანზე. მისი ხელი ოკეანის ბრიზს ჭრის „აი ამერიკა!“ - უზარმაზარი, ლურჯი წყლის ჰორიზონტზე თავისუფლების ქანდაკება მოჩანს. ჩვენ გვინახავს ეს კადრი, ჩვენთვის ხშირად მოუყოლიათ ასეთ სცენებზე - ამ ქვეყნის დაარსებიდან ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიან ფილმებამდე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პოტენციური ემიგრანტებისთვის შტატები ყოველთვის აღთქმული მიწა იყო: საზღვრის გადაკვეთა მატერიალურ კეთილდღეობას, სილაღეს და თანასწორობას გპირდება. აქ ყველა თავად ქმნის თავის ბედს. ცამდე ასული შენობებით, ბრჭყვიალა ბილბორდებითა და ღიმილით სახეებზე, ამერიკა - განსაკუთრებით კონსერვატიული კულტურებისა თუ ღარიბი ქვეყნების შვილთათვის - თავისუფლების და შესაძლებლობების ყოველდღიური ზეიმია.
„...ქვეყანა სადაც მოედინება რძე და თაფლი“ - ეს ბიბლიური გამონათქვამი აშშ-სთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება.
„რძისა და თაფლის ქვეყანაში 
ჩვენ გვითხრეს ვიოცნებოთ
გაქანებულ მანქანებს შორის
ოცნების მანქანაში
სიხარბის ბადეებში
გაუმაძღრობის ბლანდებში“ - მექსიკური წარმოშობის ამერიკელი პოეტის, ხუან ფელიპე ჰერერას ლექსი „საზღვრის გადამკვეთი ლამბორგინის ოცნებით“ (1999) გამოქვეყნებისთანავე გახდა ერთ-ერთი საკვანძო ტექსტი ამერიკის საემიგრაციო პოლიტიკისა და რასობრივი სეგრეგაციის კრიტიკისთვის. თუმცა ჰერერა, მეურნეობის მუშათა მექსიკური ოჯახიდან, რომლის შემოქმედების მთავარი თემა მისი ორი სამშობლო და იდენტობა იყო, ამავდროულად ამასაც წერს: „ცალ-ცალი ფეხი ორივე მიწაზე და ეს მიწა ჩემია. თანაბრად. თანასწორად ჩემი...მე ვარ. მე ვარ მე…და ვარ ის ვინც ვარ“ (“გამყოფი საათი”, 2008).

გამოფენის თარიღები: 07.05.2023 - 25.05.2023

მისამართი: გალერეა „ფუნგუსი“, კარგარეთელის #2

ზევით