#მხატვრობა

„დროის ნაწნავები“ ქართული კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს გზების გადაკვეთის რეფლექსია

გაზიარება:

9 თებერვალს, ზარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება გამოჩნდა. ქალაქის ცენტრში, მოულოდნელად დადგმული სამი მეტრის სიგრძის მონოლითური ქანდაკება, გამოჩენის მომენტიდან იქცა განხილვის საგნად. ადამიანები მისი წარმომავლობით და სიმბოლური დატვირთვით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ პასუხებისთვის სოციალურ ქსელში მიეკვლიათ. მალევე გაირკვა, რომ ქანდაკების სახელწოდება „დროის ნაწნავები” იყო, მისი ავტორი გიორგი ხანიაშვილი, კურატორი კი ირინა პოპუაშვილი გახლდათ.

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

„გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის, ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ის გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს” - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

გაირკვა ისიც, რომ ქანდაკება ქართული და ანტიკურ კულტურების შეხვედრის, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ კულტურასთან ტრანსფორმაციის რეფლექსიას წარმოადგენს. არგონავტებით, კერძოდ კი მედეათი დაწყებული ისტორიული შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, ჩვენი ქვეყნისთვის ქრისტიანობასთან გადაკვეთით გაგრძელდა. „ეს შეხვედრა ახალგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული. თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს”.

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

„გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებათა რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელ-ნელა იშლება, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ტერფებს ფესვებად გადაიქცევა”.

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

„დროის ნაწნავები” თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნამუშევარია და ის მოედანზე მომავალი ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

რაც შეეხება ქანდაკების ავტორს და ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე ქართველ არტისტს, გიორგი ხანიაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მან თავისი შემოქმედება ხეში შესრულებული რელიეფებით და ქანდაკებებით დაიწყო. მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა თიხაში, მეტალსა და ცემენტში შესრულებული ნამუშევრებით. ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იფინება 2013 წლიდან. 2018 წელს მონაწილეობდა ლიუბლიანას გრაფიკული ხელოვნების ბიენალეში და გამოფენილი იყო დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 2022 წელს, Slavs and Tatars ხელოვანთა კოლექტივთან ერთად გამოიფინა კუნსტჰალე თბილისის გამოფენაში, ათინათის კულტურულ ცენტრში.

ზევით