ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეპოქალური ნოველის გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, „დიდი გეტსბი“ დეკადენტურ აურზაურთან, შამპანურის შადრევნებთან, დაუსრულებელ, ხმაურიან, თავზეხელაღებულ წვეულებებთან ასოცირდება. ეს სწორედ ის უტრირებული ინტერპრეტაცია იყო იმ დიდებული წიგნისა, რომლითაც თავად ფიცჯერალდიც კი აღშფოთებული და განაწყენებული იყო, მისი „დიდი გეტსბის“ იდეის შესახებ ხომ რეალური წარმოდგენა თითქმის არავის ჰქონდა შექმნილი. წიგნი მხოლოდ შამპანურის წვიმასა და დროსტარებაზე არ არის, ის უფრო მაღალ მატერიალებს ეხება, თუ სად ვართ ჩვენ, და რომ შეიძლება ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრეს, როგორც ეს ჯეი გეტსბის შემთხვევაში ხდება. ალბათ ამ ღრმა საკითხებზე დაფიქრება და გააზრება ხდის წიგნს მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს.
„ყველაზე დიდი ენთუზიაზმის გამომხატველი რეცენზიების ავტორებსაც კი წიგნის იდეის შესახებ ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდათ“ - სწერდა ფიცჯერალდი ედმუნდ უილსონს.
დიდი იყო გეტსბი და კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მე-20 საუკუნის ამერიკელი მწერალი, რომელიც პერსონაჟთა სულიერი მსხვრევის, უიმედობისა და იმედგაცრუების ფონზე ხატავდა ყველაზე დიდებულ გრძნობას - სიყვარულს. მწერლის ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ მისი შეცნობა არათუ სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც კი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ეპოქალური რომანი თავის დროს ელოდა და როგორც კი ეს დრო მოახლოვდა, ამერიკული ოცნების ახალი ზმანებაც მასთან ერთად იშვა.
გამოქვეყნებიდან ათწლეულების შემდეგ ხელახლა დაიბადა „დიდი გეტსბი“ და მასთან ერთად გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული პერსონაჟი, რომელიც ლიტერატურულ სამყაროს ახსოვს - ჯეი გეტსბი. ჯერ ლიტერატურაში, შემდეგ კი კინემატოგრაფიაშიც, სულ რამდენიმე პერსონაჟი განასახიერებს ეპოქას ისე, როგორც ამას ჯეი ახერხებს და მისი არსებობით ჭეშმარიტ ლიტერატურას კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას იმისთვის, რომ „დიდი გეტსბის“ უგზო-უკვლოდ დაკარგვა არ დაუშვა.
ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და თან არაფერი - ჯეი გეტსბი მკითხველის წინაშე თავიდნავე დიდებულებით წარსდგა და ალბათ დღემდე, თითოეულ ჩვენგანში იწვევს აღფრთოვანებას. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა ზუსტი შესატყვისი უპოვა ფიქციურ პერსონაჟს - "დიდი“ გეტსბი, რადგან ის სწორედ ასეთი გახლდათ.
ჯეის გასაცნობად დიდი დრო და ძალისხმევა არ დაგვჭირვებია. ის ჩვენ წინაშე გადაშლილი წიგნი იყო, იდეის ერთგული, ხელგაშლილი, მდიდარი და გრაციოზული ჯეი, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა: დაკარგული სიყვარული დაებრუნებინა და მის სახლში მწვანე შუქურის ნათება შემოეშვა. თუმცა, გეტსბის გარშემო იმედებმა მსხვრევა მალევე დაიწყეს და დეიზის შესახებ შექმნილი ილუზიაც სადღაც გაქრა; დაიკარგა ისე, თითქოს საფუძველი არც არასოდეს ჰქონია. ჯეის ერთადერთ მეგობრად ჩვენი მთხრობელი ნიკი დარჩა. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, იმიტომ ვართ დიდი გეტსბით ასე აღფრთოვანებულები, რომ მას ნიკის თვალებით ვხედავდით, რომელიც უბრალოდ ადიდებდა ჯეის, თუ ის ნამდვილად იმსახურებდა ყველაფერს, რაც მისთვის გვემეტებოდა, გარდა ტრაგიკული დასასრულისა, რომელიც წილად ხვდა.
მდიდარია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის პერსონაჟი და კიდევ უფრო მდიდარია მწერლის ლიტერატურული ენაც, ილუზიური და დელუზიური რომანის ზედაპირზე არსებული საკითხები და ის თემები, რომლებიც მის მიღმა იმალება. შესაძლოა „დიდი გეტსბის“ თანამედროვე ლიტერატურულ პრიზმაში გატარების შემდეგ ნაკლი უპოვო, თუმცა სიღრმეს ვერასდროს დაუკარგავ. 27 წლის ასაკში, როდესაც წიგნს კიდევ ერთხელ მიუბრუნდებით, აღმოაჩენთ, რომ თინეიჯერობის ასაკში სრულიად განსხვავებულ დეტალებს აქცევდით ყურადღებას, 45 წლის ასაკში კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინაშე სრულიად ახალი წიგნია გადაშლილი.