#აფიშა

„ახალი თეატრის“ ნოემბერი/დეკემბრის თვის აფიშა აქ არის!

გაზიარება:

მუსიკისა და დრამის თეატრი გლობალური პანდემიის შემდეგ მაყურებელს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სახელით დაუბრუნდა. ახალი ლოკაცია (დავით აღმაშენებლის 127), ახალი სცენა, ახალი კონცეფცია, თუმცა ნაცნობი და საყვარელი სახეები თეატრალური ცხოვრების დღის წესრიგს ნელნელა, განახლებული შემართებით დაუბრუნდნენ.

ახალი თეატრი არ გახლავთ ჟანრობრივად გამოყოფილი, თუმცა გახსნიდან 6 თვის მანძილზე, ის სწორედ ახლა იწყებს ახალი წესების, ტრადიციების და ხასიათის ჩამოყალიბებასაც, რომლითაც მაყურებელს თავი ხელახლა უნდა შეაყვაროს. ფუნქციურ განახლებასა და ახალი ფორმების ძიებაზე ორიენტირებული თეატრი გვთავაზობს ექსპერიმენტებს და ცდილობს გახდეს ახალი სიტყვა და ის საციცოცხლო წერტილი, რომლის გარეშეც კულტურული ცხოვრება თბილისში შეუძლებელი გახდება.

მსოფლიო პანდემიამ ჩვენი კულტურული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, ნელ-ნელა შევეგუეთ ფაქტს, რომ უწინდებურად არაფერი იქნება, აღარც თეატრში შევაბიჯებთ ნიღბის გარეშე და ვერც ადგილს დავიკავებთ ერთმანეთის გვერდით. ეს ყველაფერი ახალი თეატრისთვის შთაგონებაც გახდა: თუ აღარაფერია ისე როგორც ადრე, მაშინ ისინიც შეიცვლებიან, შეიცვლება მათი პროგრამა, სამუშაო ეთიკა, ამბები, რომლებიც ჩვენამდე მოჰქონდათ და ისტორიები, რომლებსაც სცენიდან გვიამბობდნენ. ახლა ყველაფერი შემდეგნაირადაა:

გაყრა

18 ნოემბერი
4,5,9,10 დეკემბერი

სპექტაკლის შესახებ: გიორგი ერისთავის პიესა ,,გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად.

,,გაყრის“ თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული ქართული სიმღერა და ცეკვა.

შეყრა

21 ნოემბერი
2,3,11,12 დეკემბერი

სპექტაკლის შესახებ: ახალი ქართული მიუზიკლი ,,შეყრა“ მე-19 საუკუნის გამოჩენილი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის ,,მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა.

ფაბულა ძველი თბილისის ცხოვრებიდან არის აღებული.

თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყოფადი კულტურები თანაარსებობდნენ და ეს მრავალმხრივ არის წარმოდგენილი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით დრამატურგიაში.

პერსონაჟების მოქმედებას ძველ თბილისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - მზის დაბნელება განაპირობებს. ისინი ცდილობენ ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილნი, რადგან გადარჩება მხოლოდ ის, ვინც უცოდველი და დაოჯახებული იქნება.

სიმღერებით, ცეკვით და იუმორით უხვად გაჯერებული სიუჟეტი ქართული ვოდევილების თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც თანამადროვე მაყურებლისთვის საინტერესო სანახაობად იქცევა.

ოიდიპოსის მეფე

24,26,28 ნოემბერი
15,17,19 დეკემბერი

სპექტაკლის შესახებ: სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟები და არქეტიპები - დავით დოიაშვილმა „ახალი თეატრის“ გახსნა, სწორედ ამ ამბიციური პრემიერით გადაწყვიტა. ყოფილი მუსიკისა და დრამის თეატრის ისტორიის ახალი ეტაპი ახალ შენობაში ანტიკური დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი ქმნილებით, ტრაგედიის ჟანრის ერთ-ერთი მწვერვალის სცენური ინტერპრეტაციით დაიწყო. რეჟისორის არჩევანი ანტიკური დრამატურგიის გამორჩეულ ნიმუშზე კონცეპტუალურია, დამაინტრიგებელი, საკამათო და შესაბამისად, საინტერესოც.

დავით დოიაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და სრულიად ახლებურად გააზრებულ „ოიდიპოს მეფეს“ წარმოგვიდგენს

დავით დოიაშვილმა პანდემიის პერიოდის თეატრისთვის სწორედ ის კლასიკური ნაწარმოები შეარჩია, რომელიც ეპიდემიის გარდა, ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ადამიანურ პრობლემებს ეხმიანება, რომელიც აგერ უკვე 26-ე საუკუნეა (ანტიკური პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებიდან დღემდე) ვერ გადაჭრა კაცობრიობამ.

სპექტაკლების დასაწყისი 19:00 საათზე; მისამართი: დავით აღმაშენებლის 127, სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე.

ზევით