#წიგნების თარო

აუცილებლად საკითხავი 10 წიგნი აფხაზეთზე

გაზიარება:

27 სექტემბრის მოახლოება და მისი დადგომა საქართველოს უახლოესი ისტორიისა და ქართველი ხალხის ჯერ კიდევ მოუშუშებელ ტკივილს გვახსენებს, გვახსენებს დაკარგულ მიწა-წყალს, მიტოვებულ სახლ-კარებს, დაცლილსა და გამოფიტულ ქუჩებს, ადამიანებს, რომლებიც დაუნდობელმა სისხლისღვრამ იმსხვერპლა და მომავალს, რომლისთვისაც ათიათასობით დევნილი გაიწირა.

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა, ათწლეულებმა განვლო და ჩვენი ქვეყანა დღემდე რჩება უთავო მხედრად, რომელიც დანაკლისს წამითაც არ ეპუება და დაკარგული ნაწილის დაბრუნებას მთელი ძალით ცდილობს. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, ერის დაცემა და გათახსირება ხომ მაშინ იწყება, როდესაც ერი თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს, ჩვენ კი დავიწყების უფლება არ გვაქვს, არც ახლა და არც მომავალში.

იმისათვის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ამბები ომსა და მშვიდობაზე, იმისათვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს 28 წლის წინანდელი დიდი დანაკარგის შესახებ, მწერალ ზვიად კვარაცხელიას დახმარებით, წარმოგიდგენთ აუცილებლად საკითხავ 10 წიგნს აფხაზეთის შესახებ, რომელიც სავსეა ბედნიერი ომამდელი მოგონებებით, ომით გამოწვეული ტრაგიკული ისტორიებით, მძიმე ხვედრითა და დიდი ტკივილით.

1. შორენა ლებანიძის „პენელოპე. მგზავრი“

ყიდვა

„ომი საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს არაა მარტო ქვეყნებს შორის ჭიდილი, ფულის ფლანგვა, სისხლისღვრა, საყვარელი ადამიანის გაცილება სხვა სამყაროში ან მშობლიური სახლ-კარის დატოვება ბედის ანაბარა, ომი ერთ დღეს არ იწყება და მეორე დღეს არ სრულდება. ომი აჩენს ანარქიას, ქაოსს და სხვა უამრავ პრობლემას.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი: შორენა ლებანიძემ ჩვენამდე მოიტანა რუსეთ-საქართველოს ომის დროინდელი მოგზაურობის ოთხდღიანი ქრონიკა, ტაქსით „გადალახული“ ჩატეხილი ხიდით რომ იწყება და უცხოეთში მიმავალი გაფუჭებული თვითმფრინავით მთავრდება. შუალედებში კიდევ ათასგვარი პრობლემა, შიში, გრძნობა, ეჭვი, დაღლა და სხვა მსგავსი გრძნობები იჩენს თავს. და იმ დროს, როცა პროტაგონისტს ყველაზე მეტად უჭირს, როცა მის გონებაში აზრებს დაუნდობელი ჭიდილი გაუმართავთ, ჰორიზონტზე მწერალი ირეკლება, რომელიც ხან ამხნევებს, ხან ურჩევს, ხან კიდევ ტუქსავს საყვარელ გმირს. საქმეც ეგაა, რომ ნორმალურ გზაზე ტყვიების წვიმა არ მოდის, მშვიდობიან გზაზე შენი ოჯახის „ამორწყვის“ სურვილით გახელებულ კაცს არ ხვდები და ყოველ წამს სიკვდილის შიში არ გწვავს“.

ანი დიდიშვილი

2. ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნი“

ყიდვა

„ეს წიგნი ომზეა, ომის შუაგულში დარჩენილ უსუსურ მოხუცებსა და ბავშვებზე, მათ თვალწინ დანგრეულ სახლებზე, ჭკუიდან შემცდარ მეზობლებზე, მოკლულ ბავშვებზეცაა ეს წიგნი, თუმცა ამდენი სისასტიკის კვალდაკვალ, ავტორს მაინც რჩება ძალა ბევრ სხვა ისეთ თემაზეც ისაუბროს, რომელიც კვლავაც სამყაროს დაუძლეველ უსამართლობად რჩება, სწორედ იმაზე, რასაც შესაძლოა მივყავართ კიდეც ომამდე: ქალებზე ისაუბროს, ჩვენი 11 წლის გმირის ბებიის მაგალითზე, რომელიც 13 წლის გაათხოვეს და ჯერ კიდევ ბავშვს ქალობა მიუსაჯეს.
თუმცა, ამდენი უსამართლობის ქარცეცხლში გახვეული ავტორი, მაინც არ ივიწყებს მოგვითხროს მართალ ადამიანზეც, ალაგ-ალაგ მაინც გაგვაგებინოს არა ხმა, არამედ ხმები„მღაღადებელთა უდაბნოსა შინა“, ადამინ(ებ)ზე, რომელიც რაოდენ დიდ ტალახშიც არ უნდა ჩააგდო, მაინც არ აიკრავს ჭუჭყს, რადგან ის მისი სხეულისთვის უცხოა.

და ამიტომაც, რა მნიშვნელობა აქვს, რა სახელს დავარქმევთ ომს, თუ ის უკვე დაიწყო და მძვინვარებს. მთავარია, იქამდე რა იყო, იქამდე, სანამ ომისწინა, წუთიერი გარინდება ჩამოდგებოდა დედამიწაზე და შემდეგ ერთბაშად იფეთქებდა. მთავარია, ჩვენი პერსონაჟისა არ იყოს, ბრმის შემხედვარეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გაგვივილია გონებაში, რომ ის ჩვენზე უკეთ ხედავდა, თუ დაგვიშვია, რომ ყრუს, რომელსაც ყველა ყრუს ეძახდა, ჩვენზე უკეთ ესმოდა?!“.

გვანცა ჯობავა

3. გიორგი შერვაშიძის „გოგლიმოგლი აფხაზურად“

ყიდვა

 „წიგნში იუმორით მოყოლილია ამბავი, სადაც გარკვეული დრამაც ტრიალებს. მეგობრის ქორწილში გასართობად წასულ პერსონაჟს თავბრუდამხვევი თავგადასავალი გადახდება.

 ავტორი არაჩვეულებრივად წერს და ვფიქრობ, მსგავსი იუმორისტული თემებით, თუნდაც რომანში აფხაზური კონფლიქტების გადაწყვეტის წამოჭრით და მსუბუქი დიპლომატიის გარევით, ქართველების და აფხაზების ურთიერთობის გაუმჯობესებას ეხმარება“.

გიორგი ლიპარიშვილი

4. სერგო წურწუმიას „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“

ყიდვა

„ამ ვრცელ რომანში, რომლის ავტოგრაფად სერგო წურწუმიამ დამიწერა – სოხუმში შეხვედრის იმედითო, ავტორი გამოღმითაცაა და გაღმითაც, და შუაზე კიდევ, მდინარის ნაცვლად ომი ჩამოუდის, აფხაზეთის ომი, თავისი ტრაგიკული დასასრულით, თავისი წინა ამბებით, დაღვრილი სისხლით, გადამწვარი სახლებითა და ადამიანებით, შეცდომებით, გმირობებით, ბევრი უაზრობებით თუ ცოტა აზრიანობებით.გამოღმიდან სოხუმელი ჯარისკაცის თვალით ვხედავთ, ზოგ-ზოგიერთ უგუნურ მეთაურს და მათ განწირულ, თავდადებულ, თუმცა კი უდისციპლინოდ მოლაშქრე-ჯარისკაცებს, როგორ დაეცემა სოხუმი და როგორ გადაიქცევა საკუთარ ქვეყანაში დევნილად თავადაც, სხვა უამრავ ადამიანთან ერთად – ომი კარია, რომელსაც არსაით მიჰყავხარ...

რომანის მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი, ომამდელი სოხუმის ერთი რედაქციის ცხოვრებაზეა და აქაც ის პრინციპი მუშაობს, ქართულ-აფხაზური ცხოვრების გამოღმითაც რომ ავტორია და გაღმითაც, თავისი დამოკლეს მახვილივით დაკიდებული საფრთხით, თუკი მოხდება – ომი კარია, რომელსაც არსაით მიჰყავხარ...

„ამ ორ არყოფნას „კარი არსაით“ ტიხრავს“ – ეს თავად ავტორის სტრიქონია ერთი მისივე უსათაურო ლექსიდან, რომანის მესამე, ყველაზე მოკლე ნაწილის ეპიგრაფად და ამ რომანის დედააზრიც ესაა – ომი კარია, რომელსაც არსაით მიჰყავხარ, არყოფნაში...

წაიკითხავ და შენც დაგიტოვებს ამაფორიაქებელ და მუდამ თანმდევ განცდას, რომ თუკი იომე, როგორც წესი, უკვე არყოფნაში ხარ...

მარტო ავტორის კი არა, მთელი ქვეყნის სადარდებელიც ხომ ესაა, მაგრამ... იმედიც ხომ არის, სოხუმში შეხვედრის იმედი, რომ არყოფნიდან ისევ ყოფნაში დაბრუნდეს ადამიანი...“, – „ომი კარია, რომელსაც არსაით მიჰყავხარ...“.

მიხო მოსულიშვილი

5. ბაბო შარვაშიძის მემუარები

მთავრის ქალიშვილის ავტობიოგრაფიული, თანმიმდევრული თხრობა უკვე ხანდაზმულ ასაკში არა წარსულისგან თავის დაღწევის, არამედ დროის გადასახედიდან წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობაა და ვფიქრობთ, თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. ის ერთგვარი ილუსტრაციაც შეიძლება გახდეს ურთულესი, გარდამავალი ეპოქის რეალიების გაცოცხლებისათვის, თუნდაც, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ჯერ დაუძლეველი თემების ნიუანსების ახსნისათვის. არაერთმნიშვნელოვან საფიქრალს აღძრავს ისიც, რომ დღიურები დაწერილია ინგლისურ ენაზე. აღმოჩნდა, რომ თავისი ყველაზე პირადული და არსებითი ამბების მოსათხრობად მთავრის ქალიშვილმა არც ქართული (მშობლიური), არც რუსული (იმ გარემოს ენა, სადაც თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა და მაღალი წრის ურთიერთობებში რუსული კლიშეები ისწავლა), არც ფრანგული (რომელსაც ბავშვობიდან ეუფლებოდა და შესანიშნავად იცოდა), არამედ უცხო – ინგლისური ენა აირჩია – იმ ქვეყნის ენა, სადაც ბოლო პერიოდში ცხოვრობდა და აღესრულა... 

ბაბო შარვაშიძე, დაბადებული 1859 წელს, სოფელ ლიხნიში, უშთამომავლოდ, უსამშობლოდ გარდაცვალებული ქალაქ ლონდონში, მართლაც საინტერესოა, ვისთვის და რატომ ტოვებდა საკუთარ მემუარებს, ვისთვის სურდა გაეზიარებინა შთაბეჭდილებები იმ ადამიანებსა და გარემოებებზე, ცხოვრების მანძილზე რომ შეხვედრია.... ეს მომავლის გზავნილი შეუძლებელია, რომ აბსტრაქტული მკითხველისთვის ყოფილიყო... აბსტრაქტული აუდიტორიისთვის შთაგონებით ვერ წერენ!.. მოგონებები უპირველესად სახსოვარივით დაუტოვა თავის მოხუც, ერთგულ მეუღლეს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ეს მხოლოდ მისი საკუთრება არ შეიძლება გამხდარიყო. ამიტომაც მგლოვიარე ალექსანდრე მეიენდორფმა დღიური ფოტოებითა და ნახატებით შეამკო და მისივე წრის საზოგადოებას წარუდგინა იმ შორეული იმედით, რომ ამ აკინძულ ხელნაწერს ოდესმე ბაბო შარვაშიძის სამშობლოშიც ნახავდნენ და საქართველოს ერთი კუთხის – აფხაზეთის მთავრის ოჯახის ამბავს მსოფლიოსაც გააცნობდნენ.

ნინო ხოფერია

6. ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე

ყიდვა

„რაზეა ეს წიგნი და:

როგორც მოკლე მინაწერიც გვაუწყებს:

უფრო ომზე, ვიდრე მშვიდობაზე!

შვილებდაკარგულ მშობლებზე, მერე თვითონაც რომ უნდა შეწირვოდნენ ომში დაღუპულ შვილებს!

ბავშვებზე, რომელნიც ერთ საათსა თუ ერთ დღეში უნდა გაეზარდა ომს, ხოლო გაზრდილთათვის სამუდამოდ მიესაჯა განგებას ბავშვის თვალები!

იმ ჭრილობებზე, ომი რომ აჩენს, მაგრამ მშვიდობა ხომ აშუშებს!

და კიდევ იმაზეა ეს წიგნი:

რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ!

ასეცაა დასათაურებული:

„ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“.

თანამედროვე ქართული პროზის სიმაღლეს ასე ხელშესახებად რომ აირეკლავს, მისი ზემოქმედების ძალას, მის სიღრმეს, მის მასშტაბურობას, მის გაქანებას, მის შთამბეჭდაობას, ამხელა კრებულში – გააზრებული შედგენის წყალობით – ერთი ჩავარდნაც რომ არ შეინიშნება და მხოლოდ კარგ და უკეთეს ნიმუშებს მოუყრია თავი.

„ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“ სრულიად რომ გარიდებულა პუბლიცისტურობას და თავით ბოლომდე მხატვრული სულით აღვსილა.

33 ამბავი – 33 წვეთი სისხლისა და 33 ჭრილობა, გამზადებული და გამიზნული მოსაშუშებლად”, – როსტომ ჩხეიძე, „33 წვეთად სისხლისა“ (დღიურის ფურცლებიდან).

7. „მანანა ანუას – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“

ყიდვა

„ძლიერ და მეამბოხე ქალებზე მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ყოველწლიურად უამრავი მხატვრული და დოკუმენტური რომანი იწერება, სხვადასხვა ტიპის გამოცემა მზადდება და იბეჭდება. ეს ინფორმაციულადაც საინტერესოა, საკითხავადაც ემოციური და რაც მთავარია, სამაგალითო, შთამაგონებელი.

ჩვენც გვყავს ასეთი ძლიერი და ღირსეული ქალები და მათ შორის რა თქმა უნდა მანანა ანუა – ადამიანი, რომლის 1993 წლის აფხაზეთის ომისდროინდელი დრამატული ამბავი შთამბეჭდავად მოგვითხრო შორენა ლებანიძემ.

ესაა სიმტკიცისა და განწირულ მდგომარეობაში ჰუმანიზმის იდეალების შენარჩუნების ისტორია. ის, რაც ომის თემაზე შექმნილი წიგნებიდან და ფილმებიდან გვხიბლავს და გვაკვირვებს, თავისი დამანგრეველი ძალითა და ერთი ადამიანის (ქალის) გაძლების/გადარჩენის წარმოუდგენელი უნარით, რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა და სულ ახლახან დაიწერა. ეს არის აუცილებლად წასაკითხი წიგნი“, – ზვიად კვარაცხელია.

8. გურამ ოდიშარიას - „შენთან-უშენოდ“

ყიდვა

„წარმოიდგინეთ, რომ არსებობს შავი ზღვის რესპუბლიკა და თქვენ მისი მოქალაქე ხართ. ეს კი ნიშნავს – დედამიწაზე ყველაზე მშვიდობიანი, პაციფისტური რესპუბლიკის მოქალაქეობას, პარლამენტს – დიდ ყავახანაში; დასვენების დღეებივით სასიამოვნო სამუშაო დღეებს; არავითარ დედაქალაქს (რომელიმე ქალაქს რომ გული არ დასწყდეს), არამედ ცენტრს – სრულიად შავი ზღვის სანაპიროს; არა კონკრეტულ, არამედ ნისლოვან-ბუნდოვან საზღვრებს, რათა რომელიმე მილიტარისტულ ქვეყანას არ მოუნდეს ამ საზღვრების ჯერ პოვნა და მერე შევიწროვება; ეს ნიშნავს პატარა ქვეყანას დიდი და ფილიგრანული დიპლომატიით; რესპუბლიკას ასეულობით ბენდით, ორკესტრით, ანსამბლით და მუსიკალური ჯგუფით; ორი პლაჟით – ერთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის რესპუბლიკას აღიარებენ, მეორე კი მათთვის, რომლებიც არ აღიარებენ...

გურამ ოდიშარია ასეთი მწერალია. მისთვის ზღვა ბედისწერულ ტოპოსად იქცა და განსაზღვრა კიდეც მისი შემოქმედებითი არეალი, სტილი, ატმოსფერო. მის ყველა ტექსტში ზღვა ზუსტად ის „ნისლოვან-ბუნდოვანი“ საზღვარია („შენთან-უშენოდ“), უფრო სწორად – ის უსამანო სამანი, რომელთან შეხებაც ბუნებრივად ცვლის ყველაფრის არსს, ბუნებრივად ბადებს ახალ რეალობას, ამ რეალობაში მყოფობის კოდექსს“, – ნაწყვეტი ნინო სადღობელაშვილის წერილიდან – „თავისუფლება ზღვის საჩუქარია“.

9. თეონა დოლენჯაშვილის - „ჩიტი არ გამოფრინდება“

ყიდვა

„ეს არის საოცრად ეპიკური და მეტაფორებით სავსე წიგნი. ბევრი ტექსტი წამიკითხავს ამ თემაზე, მაგრამ მე ასეთი სიმძიმის, ასეთი დრამატულობისა და შთაბეჭდილების აღწერა არაფრისგან მიმიღია. ეს ძალიან დიდი ლიტერატურაა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და დიდი გამბედაობა სიმართლის თქმის პრინციპის მიმართ. 

ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. ტრაგიზმია, სხვის ომში გმირობის ისტორიაც საკუთარი მშვიდობის დაცულობის სანაცვლოდ. საერთოდ სხვა ხედვაა. და იმდენად საინტერესოა, ისეთი ამბები და დეტალებია, ლიტერატურული თვალსაზრისით ხომ საოცრად შთამბეჭდავია, მაგრამ ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით კითხვისას სუნთქვა გიჩერდება. 

თეონა დოლენჯაშვილმა ყველაფერი გახსნა, ფრჩხილები გახსნა და ყველაფერი მოყვა. ეს არის ამავე დროს საკმაოდ თვითკრიტიკული რომანი, სადაც ადამიანობაც კი, როგორც ჰუმანური კონტექსტიც კი იცვლება და დიდი მადლობა მას ამ გამბედაობისთვის“, – ლაშა ბუღაძე. 

10. ირაკლი შამათავას - „გამშვები პუნქტი“

ყიდვა

„ირაკლი შამათავას წიგნში დენთის სუნი ტრიალებს, თუმცა ბევრს არ ისვრიან და არც ბატალურ სცენებს შეხვდებით, უბრალოდ ატმოსფეროა დენთის სუნით გაჯერებული“, – ​ბექა ახალაია.

„მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებიც გვირილას ეკითხებოდნენ ვუყვარვარ თუ არ ვუყვარო, თურმე, ირაკლი გვირილას, დავბრუნდები თუ არ დავბრუნდებიო, ეკითხებოდა. ჰოდა, ირაკლის მინდა ვუთხრა – დავბრუნდებით! მე ამ რწმენით ვცოცხლობ! მე იქ მელოდებიან მამა, მზე და ზღვა!“, – ქეთევან დუმბაძე ირაკლი შამათავას ორენოვან კრებულზე – „გამშვები პუნქტი“

წიგნები გამოშვებულია გამომცემლობა „არტანუჯისა“ და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ.

ზევით