#მხატვრობა

ამერიკული რეალიზმის ფუძემდებლის ედვარდ ჰოპერის მისტიკური სამყარო

გაზიარება:

„დიდებული ხელოვნების ნიმუში, მხატვრის შინაგანი ცხოვრების გამოხატულებაა, სწორედ ეს შინაგანი მოგზაურობა ხდება მისი პიროვნული ხედვის განმსაზღვრელი სამყაროს შესახებ“ - ედვარდ ჰოპერი.


ხელოვნების სამყაროში, ექსცენტრული ჯეფ კუნსისა და ენდი უორჰოლის გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე, ამერიკელი მხატვარი ედვარდ ჰოპერი (1882–1967) მოღვაწეობდა. მაშინ, როდესაც ხელოვანები ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი პიარზე, ჰოპერი ყურადღებით ამუშავებდა თავის პიროვნებას და საკუთარი სახელის უკვდავყოფას ცდილობდა. როგორც ჩანს, გამოუვიდა კიდეც! დღეს, ედვარდ ჰოპერის სახელი ამერიკელი რეალიზმის ოსტატთან არის ასოცირებული, რომელიც ამერიკული მოდერნიზმის სტილისტურ საფუძვლად იქცა.

ავტოპორტრეტი

ედვარდ ჰოპერის შემოქმედება ნოირული, კინემატოგრაფიული სტილის სიმბოლოა, რომელიც ხასიათდება ინტიმური პერსპექტივებით, სინათლისა და ჩრდილის დრამატული ურთიერთქმედებით და ემოციურად იზოლირებული ფიგურებით, რომლებიც ჩვენი თვალთახედვის მიღმა ბინადრობენ. 

ჰოპერის ნახატებმა დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ კულტურულ გიგანტებზე, ისეთებზე როგორებიც იყვნენ: ალფრედ ჰიჩკოკი, მარკ როტკო და ედ რუშა.

მხატვრის შემოქმედება და ომამდელი თუ ომისშემდგომი ამერიკა, დროთა განმავლობაში, განუყოფელ მთლიანობად იქცა. მაშინ, როდესაც ქვეყანამ სწრაფი ცვლილებები განიცადა და ყოველდღიურად მდიდრდებოდა, ამერიკელებში შფოთვამ და მარტოობამ დაისადგურა, ედვარდ ჰოპერის ნამუშევრებს, სწორედ ამ სევდისა და განდეგილობის სინონიმად მოიხსენიებენ. თავად ჰოპერისთვის რომ გეკითხათ, ის თავის ნახატებში ამერიკული ესთეტიკის გამოვლინებაზე მეტს ხედავდა, მისთვის ისინი რაღაც უფრო პირადულს, მისი „შინაგანი გამოცდილების“ განსახიერებას წარმოადგენდნენ.

საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული ედუარდ ჰოპერის ნიჭი მშობლებმა ზრდასრულ ასაკშივე აღიარეს და ხელი შეუწყვეს მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი პოტენციალი, 10 წლის ასაკში, ედუარდი უკვე აწერდა ხელს საკუთარ ნამუშევრებს. მხატვრის კარიერა ჰოპერმა, NY School of Art-ში, ილუსტრატორად მუშაობის დროს დაიწყო, თავდაპირველად სახელოვნებო წრეებსა და მუზეუმებში მისი აკვარელის ნახატები აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი ზეთით შესრულებული ტილოები.

ბევრი ამერიკელი მხატვრის მსგავსად, ედვარდ ჰოპერმაც შთაგონებას ევროპელ ხელოვანებში, კერძოდ კი ფრანგულ ხელოვნებაში მიაგნო. 1906 წლიდან 1910 წლამდე ჰოპერმა, სამჯერ იმოგზაურა ევროპაში, დროის უმეტეს ნაწილს საფრანგეთში ატარებდა. იქ ყოფნის პერიოდი მხატვარმა საკუთარი უნარების განვითარებას დაუთმო, უმთავრესად ფოკუსირებული იყო პეიზაჟებზე. 1910 წლის შემდეგ ედვარდი, აღარ დაბრუნებულა საფრანგეთში. აკადემიაში დასწრების ნაცვლად, ჰოპერი სტუმრობდა მუზეუმებს, აკვირდებოდა ედგარ დეგას, ედუარ მანეს, კლოდ მონეს, პოლ სეზანის, ვინსენტ ვან გოგის და კამილ პისაროს ნამუშევრებს. მისმა დაკვირვებებმა ჰოპერს საშუალება მისცა, ფერთა პალიტრის გაფართოებითა და შუქის ეფექტურად გამოხატვით, განესაზღვრა საკუთარი სტილი.

ედვარდ ჰოპერის შემოქმედება განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო წლებში, ბევრი ამას COVID 19-ით გამოწვეულ იზოლაციას მიაწერს, თუმცა აუცილებელია გაიმიჯნოს იძულებითი იზოლაციისა და თვითიზოლაციის ცნებები, რომელიც ჰოპერის შემოქმედებას გასდევს. 

გასული საუკუნის მრავალი ხელოვანისგან განსხვავებით, ედვარდ ჰოპერს მხოლოდ ერთი სიყვარულის ობიექტი ჰყავდა, ჰოპერის მეუღლე, ჟოზეფინ ვერსტილე ნივისონ „ჯო“ ჰოპერი, ასევე მხატვარი გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ხელოვნების შესწავლის დროს გაიცნო. 1924 წელს ისინი დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, ჰოპერის კარიერა და ნამუშევარი დომინირებდა ჯოზეფინის კარიერაზე, თუმცა ამან გავლენა ვერ იქონია მათ ურთიერთობაზე, რომელსაც იდეალურსაც კი უწოდებენ.  43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1967 წელს ედვარდი გარდაიცვალა, ძალიან მალე კი ჯოზეფინი. მან ქმრისა და თავისი ნამუშევრები ნიუ-იორკში მდებარე უიტნის მუზეუმს გადასცა. 

ზევით