13 სექტემბრის საღამოს, წმინდა პეტრეს მოედანი ანტიკური სიწმინდისა და თანამედროვე ხელოვნების შეხვედრის ადგილად იქცა. ვატიკანში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა კონცერტზე „მადლი მსოფლიოსთვის“ (Grace for the World), რომელმაც ისტორიაში მესამე World Meeting on Human Fraternity დახურა.
Ph: Gregorio Borgia
საღამოზე კომპანია Nova Sky Stories-ის 3000-ზე მეტი დრონი ბაზილიკის თავზე ღამის ცას ანათებდა. ვატიკანის ისტორიაში პირველად, დრონებმა ცა გამოსახულებებით მოხატეს, რასაც აღფრთოვანებისგან დადუმებული საზოგადოება უყურებდა. შოუ გარდაცვლილი პაპ ფრანცისკეს გამოსახულებით დაიწყო. ამას მოჰყვა მშვიდობის მონუმენტური მტრედი და მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება პიეტა, რომელიც მოედნის თავზე დიდებულად დაცურავდა. შემდეგ დრონებმა მიქელანჯელოს „ადამის შექმნიდან“ ხელები და ღვთისმშობლის ხატი „Salus Populi Romani“ გამოსახეს.
Ph: Gregorio Borgia
დრონების შოუს თან ახლდა Amazing Grace-ის დუეტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ და ამერიკელმა მომღერალმა, ტედი სუიმსმა შეასრულეს. მათი ხმები სიჩუმეში ჩაძირულ მოედანზე გაისმა, დრონების სუსტ ხმას შეერწყა და საზეიმო, შთამბეჭდავი ატმოსფერო შექმნა.
იტალიის ცა მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილის ტილოდ იქცა. შოუს თანარეჟისორები ანდრეა ბოჩელი და ამერიკელი მომღერალი ფარელ უილიამსი იყვნენ.
Ph: AP Photo/Gregorio Borgia
„მინდა მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობა პაპ ლეო XIV-ს, რომ გაგვიღო ამ წმინდა ადგილის კარი და შეგვახსენა, რომ ჭეშმარიტი თანაგრძნობა და მადლი ძმობით იწყება – როცა ერთმანეთს ძმებად და დებად ვხედავთ“, – ფარელ უილიამსი.
კონცერტზე საერთაშორისო არტისტების შემადგენლობა წარდგა. საღამოს მთავარმა შემსრულებელმა, ანდრეა ბოჩელიმ, კონცერტი Ave Maria-თი გახსნა. სცენაზე ვიხილეთ ამერიკელი მომღერლები ჯონ ლეჯენდი და ჯენიფერ ჰადსონი. კოლუმბიელმა მომღერალმა კაროლ ჯიმ კი საღამოზე Mientras me curo el cora და ბოჩელისთან ერთად Vivo per lei შეასრულა.
ჯენიფერ ჰადსონი და ანდრეა ბოჩელი. Ph: Ernesto Ruscio
მუსიკალური პერფორმანსების გარდა, ღონისძიება მშვიდობისა და სამართლიანობის მოწოდებების პლატფორმად იქცა. ნობელის პრემიის ლაურეატმა კაილაშ სატიართიმ, მოზამბიკელმა აქტივისტმა გრასა მაშელმა და ერაყელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ნადია მურადმა, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ომისა და ძალადობის დასრულებისკეს, ადამიანის ღირსებისა და ძმობისადმი მეტი ერთგულებისკენ მოუწოდეს მსოფლიო საზოგადოებას.
კონცერტით დასრულდა ძმობის მსოფლიო შეხვედრა, რომელმაც 500 მონაწილე გააერთიანა. ღონისძიებაზე გლობალურ გამოწვევებზე დიალოგის პლატფორმა შეიქმნა, სადაც მშვიდობაზე, პლანეტაზე ზრუნვაზე, ტექნოლოგიების გავლენასა და კაცობრიობის მომავალზე ისაუბრეს.
პოლარიზაციით მოცულ ეპოქაში, „მადლი მსოფლიოსთვის“ სამყაროს გაერთიანების მცდელობაა, სადაც რელიგიური დღესასწაული მუსიკასთან, როგორც უნივერსალურ ენასთან ჰარმონიაში მოექცა.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.