#GOGO!

„წარმატებული ცხოვრება მქონდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა“

გაზიარება:

ავტორი: კარინა საგრატოვა

 

ინგლისურის ენის მასწავლებელი, თარჯიმანი და ბიზნეს ლედი ვარ, კიევში, უკრაინაში ბავშვთა ენის კლუბის მფლობელი ვარ, უფრო სწორედ ვიყავი. საერთაშორისო ენების სკოლების ოფიციალური წარმომადგენელი ვარ მთელ მსოფლიოში (ESE, EC, EF, Burlington), სწორედ ამიტომ ხშირად ვაწყობდი საგანმანათლებლო ტურებს სხვადასხვა ქვეყანაში. აგრეთვე ვმუშაობდი National Aviation University-ში სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას, თუმცა ონლაინ რეჟიმში.

9 წლის გოგოს დედა ვარ, ჩემი მშობლები (დედა და მამინაცვალი) ექიმები არიან, რომლებიც დღემდე რჩებიან კიევში და თავიანთ პროფესიას ემსახურებიან. ასევე იქცევიან ჩემი მეგობრებიც, ზოგი მათგანი მოხალისედ მუშაობს, ისინი თავშესაფარში გაკვეთილებს ატარებენ, ამზადებენ საჭმელს მათთვის, ვინც იტანჯება და გადაადგილების საშუალებას აძლევენ მათ, ვისაც ეს არ შეუძლია.

ამ წლისთვის ბევრი გეგმა მქონდა, მარტში ბიზნეს მოგზაურობის მიზნით უნდა წავსულიყავი კვიპროსში, მაისში არდადეგები როდოსში უნდა გამეტარებინა, ივლისში კი Moneskin-ის კონცერტს უნდა დავსწრებოდი რომში. ახალი, უფრო დიდი ბინის ყიდვას ვგეგმავდი. ჩემი ქალიშვილი მუცლის ცეკვის ტურნირის მონაწილე უნდა ყოფილიყო. საზაფხულო ბანაკსა და მომავალ სასწავლო მოგზაურობებს სოციალურ ქსელში აქტიურად ვარეკლამებდი. წარმატებული ცხოვრება მქონდა გეგმებითა და იმედებით. მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა...

24 თებერვალს ჩემი ქალიშვილის სკოლაში მიყვანას ვაპირებდი, ბავშვები ექსკურსიისთვის ემზადებოდნენ. ჩემმა ბოიფრენდმა გამაღვიძა და მითხრა, რომ უკრაინაში ომი დაიწყო. ტელევიზორის წინ ვიჯექი და ახალ ამბებს ვუყურებდი... ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ხდებოდა. ეს იყო ცუდი სიზმრისა და რეალობის ნაზავი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ან რა უნდა გამეკეთებინა...

ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა და მოგვიანებით ჩემმა მეზობელმა, რომელიც 2008 წელს დონეცკში იმყოფებოდა, მკაცრად მითხრა, რომ სასწრაფოდ პატარა ჩემოდანი უნდა ჩამელაგებინა... ის დარწმუნებული იყო, იცოდა რაზეც ლაპარაკობდა და მეც დავემორჩილე. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის პატარა ხელბარგში ტანსაცმელი ჩავდე, საბუთები მოვაგროვე და მაინც, ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში დასრულდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ ვუსმენდით აფეთქებების ხმებს, საათობით ვიმყოფებოდით ნესტიან, ჭუჭყიან ბომბების თავშესაფარში, გვეძინა ტანსაცმლით და ყოველ ჯერზე დიდი ხმაურის გაგონებისას შიშისგან ვცახცახებდით, ეს ყველაფერი დღემდე იწვევს შფოთვას ჩემში.

ომის მეოთხე დღეს ჩემი სახლის და საყვარელი ადამიანების დატოვების გადაწყვეტილება და უკრაინის უფრო უსაფრთხო რეგიონში წასვლა გადავწყვიტე. ზამთრის ბოლო დღეს დედას ძლიერად ჩავეხუტე და რკინიგზის სადგურის მიმართულებით წავედი. ის გრძელი საათი, რომელიც მატარებლის ლოდინში გავატარე არასდროს დამავიწყდება. სანამ მატარებელს ველოდებოდით, საჰაერო განგაში 2-ჯერ (ან მეტჯერ) გამოცხადდა, ჩვენ რკინიგზის სადგურის შენობის ქვეშ, აბსოლუტურ სიბნელეში, ბარგის ოთახში ვისხედით.

ჩვენი მატარებელი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა, რკინიგზის სადგურზე დიდხანს მოგვიწია დარჩენა. ციოდა, ჩვენ კი დაძინება გვინდოდა. საბედნიეროდ, დავინახე მატარებელი, რომელიც იმავე მიმართულებით მიდიოდა, კონდუქტორებმა უფლება მოგვცეს მატარებელში ავსულიყავით. ამან, რკინიგზის სადგურის ცივ იატაკზე დაძინებისგან გვიხსნა, მატარებელმა კიევი 6 საათის დაგვიანებით დატოვა.

საბოლოოდ, უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩავაღწიეთ, თუმცა იქ საცხოვრებლები სრულად იყო გადავსებული. კრივის დარბაზი ვიპოვეთ, რომელიც 45 ადამიანისთვის იყო საძილე ტომრებით აღჭურვილი. ვიცი იქ დიდხანს ვერ დავრჩებოდი. გადაწყვეტილება მოულოდნელად მივიღე. ჰუმანიტარული მატარებელი ჩოპიდან (სლოვაკეთის საზღვართან უახლოესი ქალაქი) ჩეხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა. მეორე დილას რკინიგზის სადგურზე იმ მატარებელზე მოსახვედრად წავედით.

უზარმაზარი რიგი დავინახე, დაახლოებით 500 ადამიანამდე, როგორც უკრაინელები, ასევე უცხოელები, ყველანი მატარებელზე მოხვედრას ცდილობდნენ. 6 საათის შემდეგ, პასპორტში ვიზის ბეჭედი ჩამირტყეს. ჩემმა მეგობარმა სახლში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მოხუცი მშობლები დატოვა, მატარებელში მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი ავედით. მატარებელში მყოფმა ემოციების მოზღვავება ვიგრძენი, ვიგრძენი სინანული უმოქმედობის გამო, შფოთვითი მღელვარება, მარტოობა, პანიკამ მომიცვა, რადგან არსაითკენ მივდიოდით, ისტერიკულად შემომეყარა გრძნობა, რომელიც ჩემი ნათესავებისა და მეგობრების მონატრებით იყო გამოწვეული... 30 წამით ადრე სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ჩემს შვილთან ერთად იქიდან ჩამოვედი. მესაზღვრეები მომდევდნენ და ცდილობდნენ მატარებელზე დავებრუნებინეთ, მაგრამ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი.

ჯოჯოხეთის ახალი წრე მაშინ დაიწყო. დასაძინებელი ადგილის გარეშე. ძალაგამოცლილი. მაგრამ ძლიერი გრძნობით - მე სახლში უნდა დავჩენილიყავი. ხალხს უნდა დავხმარებოდი, ჩემს მშობლებზე უნდა მეზრუნა და ჩემი შვილის ტანჯვა უნდა შემეწყვიტა. კიევისკენ შემდეგი მატარებელი გვიან ღამით გადიოდა. მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ლვოვში წავსულიყავი. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ შეცდომას ვუშვებდი ჩემი ქალიშვილის სახიფათო ადგილას დაბრუნებით. მე მათი მესმოდა, არავინ არ არის დაზღვეული ფეთქებადი ყუმბარისგან, ბრმა ტყვიისგან ან ჩამოგდებული ბომბებისგან და მათი ნამსხვრევებისგან. ლვოვში ჩავედი, იქ ნანახი სცენა სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. 

ნაბიჯის გადასადგმელი ადგილი არ იყო, ყველგან ადამიანები იყვნენ. იატაკზე მწოლიარენი მატარებელს ელოდებოდნენ, ნებისმიერი მიმართულებით მიმავალს. თუმცა, განრიგის შესახებ არანაირი ინფორმაცია არსად ჩანდა. სიცივე. არეულობა. თოში. როდესაც ხალხის ბრბო დავინახე, რომლებიც პოლონეთის მატარებელზე მოხვედრას ლამობდნენ, გავაცნობიერე, რომ არანაირი შანსი არ მქონდა. ჩემი ნატანჯი შვილის დანახვაზე გული ამიჩუყდა, ის თავის პატარა ჩანთაზე იჯდა, სახლის პლედშემოხვეული, ბინძურ გვირაბში. დილის 3:45 საათი იყო, ჩვენ ისევ არ გვქონდა ადგილი ღამის გასათევად. არავინ იცოდა, როდის მოვიდოდა მატარებელი. იმისთვის, რომ იატაკზე არ დაგვეძინა, გადავწყვიტე, რომ დასავლეთ საზღვარზე დავბრუნებულიყავით ნებისმიერი მატარებლით. მადლობა ღმერთს, მატარებელი 40 წუთში მოვიდა, ქუჩაში, პირდაპირ მიწაზე დაძინებასაც გადავურჩით.

მეორე დღეს იგივე მარშრუტი გავიარეთ. 6 საათიანი ლოდინის შემდეგ, ისევ მატარებელში ვიყავით. ახლა უკვე დაძრულ მატარებელს ვუყურებდი და ყელში ბურთი მეჩხირებოდა. რამდენიმე საათში, შევიტყვე, რომ დაბომბვის ტალღას ჩემი კლუბიც ემსხვერპლა, ის მნიშვნელოვნად დაზიანდა. მალევე გავაცნობიერე, რომ ყველაფერი, რაც იქ დარჩა უცნობებმა მომპარეს... „ჩემი შვილი“, ჩემი ცხოვრების 5 წელი, ჩემი დიდი ნაწილი, ჩემ პირადი ბიზნესი ერთ წუთში გაუჩინარდა... მხოლოდ ტკივილი და მწუხარება. ბრაზი და ისევ ტკივილი და მწუხარება.

გვიან ღამით ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავედით. ქალაქ ოსტრავაში მდებარე სპეციალური ბანაკი რკინიგზის სადგურიდან 1.5 საათის სავალზე იყო. ფაქტობრივად ფეხზე მდგომებს გვეძინა, თუმცა იმ ველურ სისწრაფეში ჩემი ტელეფონი გავტეხე, ჩემმა ქალიშვილმა კი თავისი სათამაშო დაკარგა... ამ გაქცევამ გამოგვფიტა, თუმცა ეს არ იყო დასასრული. მეორე დილას პრაღაში გადავედით. აეროპორტი მჭირდებოდა. საქართველოში გამომგზავრება გადავწყვიტე, სადაც ნათესავები და ახლო მეგობრები მყავს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დამოუკიდებელი, თავშეკავებული და ეფექტური ხარ, როცა აბსოლუტურად მოკლებული ხარ ახლო ადამიანების მხარდაჭერას - არაფერს წარმოადგენ.

აღმოვაჩინე, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ იყო, მხოლოდ ქუთაისის მიმართულებით და ისიც კვირაში ერთხელ. ფრენის უახლოესი თარიღი 5 მარტი იყო, თუმცა ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო და ჩვენს 10 დღე პრაღაში ჩავრჩით. ფული შემოგველია. მე გავცივდი. არანაირი პირობა არ მქონდა შვილისთვის საჭმლის მოსამზადებლად. ნამდვილად არ იყო ჩემი საუკეთესო ვიზიტი ჩეხეთში. 

მაგრამ, მიუხედავად ამისა ადამიანები ღიად გვიჭერდნენ მხარს უკრაინელებს! ისინი კეთილები და ძალიან  მომთმენები არიან.

საბოლოოდ, 12 მარტს დილით ადრე შეგვეძლო გამგზავრება საქართველოში! სამ საათ ნახევარი და ქუთაისში ვიყავით, კიდევ სამ საათ ნახევარი და თბილისში!

აქ ამოვისუნთქე.

მაგრამ, უსუსურობის შეგრძნებამ არ დამტოვა და მოულოდნელად მაშა ფედოროვას შევხვდი, რომელმაც Ukrainian-language of the year-ის საქველმოქმედო პროექტის მონაწილეობა შემომთავაზა. ეს არის სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია პირადად ჩემ მიერ შემუშავებული უკრაინული ენის გაკვეთილები გაიაროს, შემოწირულობა კი სრულად უკრაინის არმიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდასაჭერად ირიცხება. შესაძლოა, უახლოეს მომავალში პატარა ქართველებმა შეძლონ, ჩემი კიდევ ერთი პროექტის Summer Language Camp-CarryOn-ის ფარგლებში, საგანმანათლებლო და გასართობ მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება საზღვარგარეთ.


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პროექტ GOGO!-ს იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა.

ზევით