LIYA: ქართველი GOGO-ს ბრენდი გლობალურ სცენაზე
დღეს ბრენდ LIYA-ს გაგაცნობთ, რომელმაც საერთაშორისო მოდის სცენაზე მინიმალისტური ესთეტიკითა და გამორჩეული სტილით დაიმკვიდრა ადგილი.
| ანა ციხელაშვილი |
მსოფლიოში სწრაფი მოდა დღითიდღე უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. ამ ტენდენციის ფონზე კი, საქართველოში სულ უფრო მეტი დიზაინერი ჩნდება, რომლებიც მდგრადი მოდის პრინციპებს უჭერენ მხარს. ერთ-ერთი მათგანია ლიკა ჯოჯუა, რომლის ბრენდი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად სტილური და, ამავე დროს, ზრუნავდე გარემოზე.
ლიკას კოლექციები საქართველოში, წინასწარი შეკვეთით იქმნება – ეს ამცირებს წარმოების ნარჩენებს და თითოეულ სამოსს უნიკალურობასაც ანიჭებს. ლიკა ჯოჯუასთვის მთავარი ღირებულებაა შექმნას ტანსაცმელი, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს აქტუალობას და ზუსტად მოერგება მომხმარებლის სტილსა და სხეულს. TheDiary GOGO! რუბრიკაში დიზაინერთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ლიკა, როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა მოდის სამყაროში და რა გახდა LIKA JOJUA-ს შექმნის შთაგონება?
ლიკა: ამ სფეროს მიმართ პატარა ასაკიდან მქონდა ინტერესი. პროფესიულად ამ გზას რამდენიმე წლის წინ დავადექი, როცა საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ მინდოდა ჩემი ხედვისა და იდეებისთვის ფორმა მიმეცა. LIKA JOJUA 2021 წელს შეიქმნა, თავდაპირველად ბრენდს 2802 ერქვა.
შთაგონება კი ხშირად მოდის კონტრასტებისგან – მაგალითად სიფაქიზისა და სიმტკიცის, კლასიკურობისა და ექსპერიმენტულის შერწყმის სურვილისგან.
როგორც დიზაინერს, რომელიც ქალებისთვის ქმნის სამოსს, როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ძლიერი ქალი?
ლიკა: თანამედროვე ძლიერი ქალი ის ადამიანია, ვისაც არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის, არ ექვემდებარება სტერეოტიპებს და გაბედულად ირჩევს საკუთარ გზას. მას აქვს გამოკვეთილი ხასიათი, სტილი და სათქმელი.
ვფიქრობ, რომ ტანსაცმელი ქალის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ის ასახავს მის შინაგან მდგომარეობას, განწყობასა და იდენტობას. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, როგორ ერგება სხვადასხვა სტილი კონკრეტულ ქალს, ვიდრე ერთი განსაზღვრული ესთეტიკის გარშემო ბრუნვა.
ტანსაცმელი ცოცხალი მატერიაა, ის ეხმიანება იმ ემოციებსა და ენერგიას, რასაც მისი მფლობელი ატარებს. ამიტომაც მიზიდავს სტილის მრავალფეროვნება, როგორც ხასიათის ცვლილებების ბუნებრივი გაგრძელება. ჩემს კოლექციებშიც სწორედ ამ ცვალებადობის, მრავალშრიანობის და გამბედაობის გამოხატვას ვცდილობ.
რომელი თამამი დიზაინი ან კომბინაციაა თქვენი კოლექციებიდან პირადად თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?
ლიკა: მაქვს რამდენიმე საყვარელი დიზაინი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, რომ ბევრად მეტი შემიძლია. ეს შეგრძნება თითქოს არ გაძლევს ბოლომდე გახსნის საშუალებას, მუდმივად თანმდევია.
მოდის სფერო არ არის მარტივი. გარედან ლამაზი და გლამურულია, შიგნით კი სავსეა გამოწვევებით. ეს სფერო არ გაძლევს დასვენების უფლებას და მუდმივად ითხოვს მოძრაობას, ძალისხმევას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას.
რა სირთულეებს აწყდებით მდგრადი მოდის მიმართულებით მუშაობისას და როგორ გესახებათ ამ სფეროს განვითარება მომავალში?
ლიკა: მდგრადი მოდის პრინციპების დაცვა ჩემთვის პირადი ღირებულებების გაგრძელებაა, თუმცა ამ გზას ბევრი სირთულე ახლავს. პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა და ეთიკურად წარმოებული მასალების მოძიება საკმაოდ რთულია – ხშირად ასეთი რესურსები ან მიუწვდომელია, ან ძალიან ძვირი, რაც პატარა და დამოუკიდებელი ბრენდისთვის დამატებით ბარიერს ქმნის.
ამ გამოწვევების საპირწონედ, ვიყენებ Deadstock მასალებს – ანუ ნაჭრებს, რომლებიც სხვა წარმოებებიდან დარჩა და, შეიძლება, საერთოდ აღარ ყოფილიყო გამოყენებული. მათ მეორე სიცოცხლეს ვაძლევ და ვცდილობ, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით შევქმნა პროდუქცია, რაც არა მხოლოდ ხარისხს ინარჩუნებს, არამედ ნარჩენების რაოდენობასაც ამცირებს.
ვემიჯნები Fast Fashion-ის იდეას – სისტემას, რომელიც ეფუძნება ჭარბ მოხმარებასა და დაბალ ფასად წარმოებას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანური თუ ეკოლოგიური ზიანი მოაქვს. ჩემი მიზანია, შევქმნა ნივთები, რომლებსაც გრძელვადიანი ღირებულება ექნება, როგორც ვიზუალურად, ისე ემოციურად.
მჯერა, რომ მოდის ინდუსტრიის მომავალიც სწორედ ამ ღირებულებებზე აშენდება: შეგნებული არჩევანი და პატივისცემა როგორც მომხმარებლის, ისე პლანეტის მიმართ.
როგორ აისახა თქვენი პირადი სტილი ბრენდის იდენტობასა და კონცეფციაში?
ლიკა: „LIKA JOJUA“ არის ის, რაც წლების განმავლობაში ჩემს თავში ყალიბდებოდა. ეს არის ფორმების, სტრუქტურისა და ტექსტურის სიყვარული, ფერზე ემოციური დამოკიდებულება. ვქმნი ტანსაცმელს, რომელსაც თავად ჩავიცვამდი. ბრენდი გამოხატავს ჩემს ხასიათს, ცვლილებებს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ განწყობებს. ჩემი ინტერესები ცვალებადია და ეს პირდაპირ აისახება ბრენდის სტილზე. ბრენდი, გარკვეულწილად, თვითგამოხატვის ფორმაა – არა იდეალურად გამოთლილი კონცეფცია, არამედ ცოცხალი და ჩემთან ერთად მოძრავი.
![]() |
|
რა გეგმები გაქვთ ბრენდის მომავალთან დაკავშირებით?
ლიკა: ვცდილობ, ბრენდი ეტაპობრივად განვავითარო და მისი საზღვრები გავაფართოო. უკვე ჩართული ვარ რამდენიმე საინტერესო პროექტში ამერიკაში, რაც ძალიან კარგი გამოცდილებაა. ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპი საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა იყოს. ვმუშაობ საერთაშორისო პროექტებზე და ვგრძნობ, რომ იქ არსებულ გარემოში ბევრად დიდი პოტენციალია განვითარების თვალსაზრისით.