ქართული ღვინო 8,000 წლიან ისტორიას ითვლის და დიდი ხანია, რაც მხოლოდ ინდუსტრიად აღარ განიხილება – ის ქვეყნის იდენტობისა და კულტურის ნაწილია. ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში დღეს ახალი მიმართულებაც ჩნდება. სწორედ ასეთია ცქრიალა ღვინო, რომელიც ქართულ ხასიათს თანამედროვე ფორმით გადმოსცემს.
ელენე The Diary-სთან ინტერვიუში გვიყვება, თუ როგორია VERVE-ს ფილოსოფია და რას ნიშნავს იყო ქალი მეღვინე საქართველოში.
ელენე, რატომ შექმენით საკუთარი ცქრიალა ღვინის ბრენდი?
ელენე: პროფესიით მეღვინე ვარ. ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი პროფესიული გზა გამეგრძელებინა და შემექმნა საკუთარი პროდუქტი – ბრენდი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული. დღეს მეღვინეობა ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა მინდოდა ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომელიც გამორჩეული იქნებოდა და განსაკუთრებით ქალების გულს დაიპყრობდა.
რას ნიშნავს VERVE?
ელენე: VERVE ფრანგული სიტყვაა, რომელიც გამოხატავს ენთუზიაზმსა და იმ ცოცხალ ენერგიას, რაც კარგი ცქრიალა ღვინის თვისებაა. ზუსტად ეს განწყობაა გადმოცემული ჩვენს პროდუქტშიც. ჩემთვის VERVE არის გამორჩეული სასმელი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას განსაკუთრებულად აქცევს.
როგორ აღწერდით თქვენი ცქრიალა ღვინის გემოსა და ხასიათს?
ელენე: VERVE არის მაღალი ხარისხის ქართული ცქრიალა სასმელი, რომელიც მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა, იგი დაბალანსებულია არომატებითა და ელეგანტურობით. ჩვენ ვაწარმოებთ ოთხი სახეობის ცქრიალა ღვინოს: ფეიხოას, ატმის, როზე-კოწახურის არომატით და კლასიკურს – არომატის გარეშე. ჩვენი გამორჩეულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხარისხი და არომატების მრავალფეროვნება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იპოვონ სასმელი საკუთარი გემოვნების მიხედვით.
ქვეყანაში, სადაც ტრადიციული ქვევრის ღვინოებია ყველაზე ცნობილი, როგორ ახერხებს VERVE საკუთარი ადგილის დამკვიდრებას?
ელენე: ქვევრის ღვინო ჩემთვის განსაკუთრებულად ფასეულია – უდიდეს პატივს ვცემ ამ ტრადიციას, რომელიც მსოფლიომაც აღიარა. თუმცა VERVE წარმოადგენს მეღვინეობის სხვა მიმართულებას, რომელსაც თავისი აუდიტორია და მომხმარებელი ყავს. ჩვენი მთავარი მიზანია მუდმივად შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და სიახლეები. VERVE-მ ძალიან მოკლე დროში შეძლო მომხმარებლების გულების მოგება – განსაკუთრებით ქალების და არა მხოლოდ.
იყო ახალგაზრდა ქალი ღვინის ინდუსტრიაში გამოწვევაა. რა რჩევას მისცემდით გოგოებს, რომლებიც საკუთარი გატაცებას ბიზნესად გადაქცევას ცდილობენ?
ელენე: მართალია, ეს სფერო მარტივი არ არის, თუმცა მიხარია, რომ სტერეოტიპები თანდათან ინგრევა. ჩემთვის სქესს მეღვინეობაში მნიშვნელობა არ აქვს. ადრე, და ზოგჯერ დღესაც, ქალი მეღვინე გარკვეულ ირონიას იწვევდა, განსაკუთრებით მამაკაცებში. მომწონს და მეამაყება, რომ დღეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში უამრავი წარმატებული ქალი მეღვინე გვყავს.
რაც შეეხება რჩევას, ჩემი გამოცდილებით გეტყვით: არ დაელოდოთ იდეალურ მომენტს. VERVE-ს იდეა ბევრი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. რაღაცის მოლოდინმა წლები დაგვაკარგვინა.
ასე რომ, თუნდაც 10 ბოთლით იწყებდე – დაიწყე! მთავარია, ნაბიჯი გადადგა და გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.
ჩვენც ასე დავიწყეთ – მე და ჩემი მეუღლე თავად მივდიოდით შეკვეთებზე სხვადასხვა ობიექტებში. როცა საქმე გიყვარს და ბოლომდე გჯერა შენი იდეის, შედეგი აუცილებლად მოვა.
როგორია VERVE-ს მომავალი?
ელენე: VERVE-ს მომავალი ისეთივე იქნება, როგორი პროდუქტიც არის თავად: ხარისხიანი, დახვეწილი, მრავალფეროვანი და, რა თქმა უნდა, ელეგანტური.
The Diary-ს გუნდი ქართველი გოგოს კიდევ ერთ წარმატებულ ბრენდს გაგაცნობთ. ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Kawalsky დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს გვთავაზობს – იქნება ეს სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ჩანთები თუ სამოსი.
საქართველოში მდგრადი მოდის რუკაზე ბევრი ახალი და საინტერესო დიზაინერი ჩნდება. ამ ინდუსტრიის ნაწილია ლიკა ჯოჯუა, რომლის სახელობის ბრენდი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად სტილური და თან იზრუნო გარემოზე.