ვალერი სოკოლიკ: „ქართველ ხალხს, ისევე როგორც არავის, ესმის, რა მოაქვს რუსულ სამყაროს“

ავტორი: ვალერი სოკოლიკ

 

უკრაინაში დიდ საერთაშორისო კომპანიაში ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 8 ქვეყანასთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა მათ შორის: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ბელარუსი გახლდათ, ამ უკანასკნელთან ურთიერთობას ახლა ვწყვეტთ. ქმართან და პატარა ქალიშვილთან ერთად (ახლა ის 2,6 წლისაა) სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობდით კიევში.

ვგრძნობდი რომ ომი დაიწყებოდა, ეს ყველაზე დიდი შიში იყო ჩემს ცხოვრებაში. 4 თვით ადრე შევუთანხმდი საქართველოში ჩემს კოლეგებს რომ ჩემთვის საცხოვრებელი ეპოვათ. აქ დიდი გუნდი მყავს, რომლებიც ჩემთვის კოლეგებზე ბევრად მეტი არიან.

24 თებერვალს გვიან ღამე გამომეღვიძა, თუმცა არა აფეთქებების გამო, 3 საათი იქნებოდა და ჩემი გული ისე გამალებით ცემდა რომ აღარ დამეძინა. ახალ ამბებს გადავავლე თვალი და პუტინის გამოსვლას პირდაპირ ეთერში მოვუსმინე, მივხვდი რომ იწყებოდა, დილის 5 საათზე პირველი აფეთქებების ხმაც გაისმა. 

პირველივე დღეს საღამოს 21 საათზე, ჩვენ - მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი კიევიდან წავედით. 3 მანქანით ვიყავით, სულ 14 ადამიანი და აქედან 6 ბავშვი იყო.კიევიდან როვნომდე გზას, ჩვეულებრივ, 4 საათი სჭირდებოდა - ჩვენ 12 საათი მოვანდომეთ. სწორედ ამ დროს კიევ-ჟიტომირის გზატკეცილზე დესანტი დაეშვა. სულ რაღაც 4 საათით გავჩერდით, რომ მძღოლებს დაეძინათ და ისევ გზაზე დავბრუნდით.

ლვოვში ჩავედით და ჩემი სამსახურის დახმარებით ვიპვეთ სასტუმრო, სადაც ღამეს გავათენებდით. თუმცა, სასტუმროს გარდა, სხვა დღეებში მინდორშიც გვეძინა და ბენზინგასამართ სადგურზეც.

ყველაზე რთული საზღვარზე ქმრებთან განშორება იყო, ბარგი 1 მანქანაში გადავიტანეთ, თან მხოლოდ დოკუმენტები, ფული და ბავშვის საჭმელი მქონდა, სულ ეს იყო.

უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადავკვეთეთ, მინდა აღვნიშნო, რომ იქ შესანიშნავი ადამიანები დაგვხვდნენ, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ, საზღვარზე საჭმელი და მობილურის ბარათები დაგვირიგეს. რუმინეთში 10 ღამე დავრჩით, ჩემმა მეგობრებმა გზა გააგრძელეს, თუმცა მე მანქანის გარეშე ვიყავი, ამ დღეების განმავლობაში 6 საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე.

ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები: დედა, მამა, ბებია, დეიდა ბავშვებთან ერთად - ყველა კიევში დარჩნენ.

თბილისში ათენის გავლით ჩამოვფრინდით, მთელი თვითმფრინავი სავსე იყო ბავშვებითა და ქალებით. საქართველოში 14 მარტს ჩამოვფრინდი, სიტყვებით ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი როდესაც მებაჟემ მკითხა დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა ან ღამის გასათევი ადგილი თუ გვქონდა, მაშინ მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავით და ცრემლები ვერ შევიკავე, გავაცნობიერე, რომ ჩვენ აქ ლტოლვილები არ ვართ.

აქ ჩემი მეგობრები და კოლეგები შეგვხვდნენ, უსასყიდლოდ მოგვცეს საცხოვრებელი და ნივთები ბავშვებისთვის, პირველი დღეების სურსათიც ნაყიდი ჰქონდათ. უკვე ერთი თვეა აქ ვართ, აქედან ვმუშაობ, ჩემი კომპანია არ გაჩერებულა, ცდილობენ ხელფასების მინიმუმ 30% მაინც გადაგვიხადონ, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობის უზომოდ მადლიერი ვარ.

როდესაც ოფისში მივდივარ ბავშვთან ძიძა რჩება, აქ მართა კომფორტულად ვცხოვრობ, თუმცა მორალურად ძალიან რთულია. ჩემი გოგონა მუდამ ეძებს მამას, შენ კი ვერ უხსნი მას რატომ არ არის მამა ახლა მის გვერდით. ხშირად ქუჩაში სხვა მამაკაცებს მისდევს მამა ჰგონია, როდესაც აღმოაჩენს რომ ის არ არის, ტირილს იწყებს.

მუდმივად ტელეფონით ხელში ყოფნა და მონიტორინგით დაძინება და გაღვიძება ძალიან რთულია, გამუდმებით ოჯახის წევრებზე ვფიქრობ, ბებიები წამლების გარეშე დარჩნენ, ინსულინი კიევში აღარ იშოვება ამიტომ მას მახლობელ ქალაქებში ვეძებთ. უკრაინაში საკვებიც რთულად იშოვება, გამომდინარე იქიდან რომ გზები დაიბომბა, მარაგი საკმაოდ მწირი დარჩა. 

ჩაკეტილ ქალაქებში ჩადენილი სისასტიკის ამსახველ ფოტოებს ნამდვილ ნერვულ შეტევამდე მივყავარ, იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობდნენ, ბევრს აღარ აქვს სახლი, სამწუხაროდ დაკარგულებიც არიან. 

გამუდმებით ერთი შეკითხვა მიტრიალებს თავში: რატომ? თუმცა, პასუხები არ ისმის. ჩემში ბრაზმა დაისადგურა, ვიცი, რომ არასდროს ვაპატიებ რუსებს ჩვენს დანგრეულ ცხოვრებას, არ არსებობენ კარგი და ცუდი რუსები, არ მეცოდებიან ისინი ვინც დისკომფორტს გამოექცნენ, რადგან ჩვენ ბომბებისგან და სიკვდილისგან მოგვიღწია თავის დაღწევა. 

ქართველ ხალხს, ისევე როგორც არავის, ესმის, რა მოაქვს რუსულ სამყაროს. გესმით, რომ არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტია საფრთხის ქვეშ, საქართველოს თავისუფლებაც სასწორზეა. რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ხვალ აქ იქნებიან.


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პრექტ GOGO!-ს იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. ვალერი ERC Distribution Georgia-ში მუშაობს, მასთან დაკონტაქტებას მისი Facebook გვერდის მეშვეობით შეძლებთ.

ზევით