#GOGO!

სადაც არ უნდა იყო, იგრძენი საქართველო GEOJE-სთან ერთად

გაზიარება:

ერის იდენტობის განმსაზღვრელი, უძველესი ნაციონალური სამოსის ელემენტები თანამედროვე მოდის სამყაროში პატივსაცემ ადგილ იკავებენ. ეთნოგრაფიული ქართული ელემენტებით, სილუეტებით, ნაქარგებითა და ორნამენტებით არაერთი უნიკალური სამოსი იქმნება ქართველი დიზაინერების მიერ, დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ წამოწყებას GeoJe-ს გაგაცნობთ.

ჯინსის ქსოვილითა და ტრადიციული ქართული სამოსის ელემენტებით შექმნილი პირველი ქართული ბრენდის დამფუძნებელი თამრიკო თოდუა გახლავთ. GOGO!-ს რუბრიკაში თამრიკო სტარტაპის კონცეფციის, მისი მახასიათებლების, უნიკალურობისა და მრავალფეროვნების შესახებ გვიამბობს.

მე, თამრიკო თოდუა...

დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში. ჩემი ცხოვრების 27 წელი უკრაინაში გავატარე, თუმცა ჩემი მშობლები ყოველთვის ნერგავდნენ ჩემში საქართველოს სიყვარულს და მიყვებოდნენ ჩვენი ტრადიციების, ჩემი ფესვებისა და აფხაზეთში ცხოვრების წლებზე.

8 წლის წინ თბილისში დავქორწინდი და საცხოვრებლად გადმოვედი. თავიდან მთლიანად ბავშვებს მივუძღვენი თავი და 2 წლის წინ, COVID 19-ის პირველი ლოქდაუნისს შემდეგ, გავაცნობიერე, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება მსურდა. პროფესიით იურისტი ვარ, სადოქტორო დისერტაციაც დავიცავი, მაგრამ საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი ცხოვრება იურისპრუდენციასთან დამეკავშირებინა.

იდეიდან - სტარტაპამდე

სკოლაში სწავლის პერიოდში, ჯერ კიდევ მე-9 კლასიდან მიყვარდა ინდივიდუალურად შეკერილი ტანსაცმლის ტარება. და ეს ჩემი ჰობი გახდა. და თანდათან, უკვე უნივერსიტეტში, ჩემი გარდერობის ალბათ 50% შეკვეთით გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ მაქცევდა დიზაინერად, მაგრამ რა საქმე უნდა მეკეთებინა, ეს შეკითხვა დღის წესრიგში დიდხანს არ მდგარა. 

ძალიან მიყვარს ქართული ეროვნული სამოსის ჩაცმა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში თავისი გლობალიზაციით, საქართველოში იშვიათად ნახავ ვინმეს ეროვნულ სამოსში, ხშირად ეს განსაკუთრებული შემთხვევების საქმეა: ეროვნული დღესასწაულები, ქორწილები და ნათლობა. და შემდეგ, ერთ მშვენიერ დღესაც მოხდა ნანატრი Breinstorm: როგორ შევძლოთ და ეროვნული ტანსაცმელი ყოველდღიურად ვატაროთ? და არჩევანი ჯინსზე გაკეთდა, ვინაიდან შეუძლებელია წარმოიდგინო უფრო ჩვეულებრივი ტანსაცმელი, ვიდრე ჯინსი.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში...

უპირველეს ყოვლისა, დავიწყე ბაზრის შესწავლა, ვნახე იყო თუ არა ჩემი იდეა უკვე შოურუმების თაროებზე. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ არ იყო. შემდეგ იყო ჩაფლობა ჯინსის სამყაროში და მისი წარმოების საგულდაგულოდ შესწავლა.

ვირტუალურად გავიცანი ცნობილი ჯინსის ბრენდის Ksenia Sсhnaider-ის უკრაინელი შემქმნელი ქსენია შნაიდერი. სოციალურ ქსელში მივწერე, რჩევა ვკითხე და პასუხმაც არ დააყოვნა. შევისწავლე წიგნები ქართულ სამოსზე, გადავხედე რამდენიმე დისერტაციას ქართული ჩაცმულობის ისტორიაზე, მის ჭრილში, მოვიარე მუზეუმები, სადაც შესაბამისი ექსპოზიცია იყო განთავსებული და დავიწყე ესკიზის გაკეთება.

ვინაიდან ჩემი ხატვის უნარები სადღაც სკოლის მოსწავლის დონეზეა, ვიპოვე გოგონა, რომელმაც ჩემი იდეების მოსმენის შემდეგ, ისინი ქაღალდზე გადაიტანა. ვიპოვე ქარხანა, გავარკვიე თანამშრომლობის პირობები და დავიწყე შაბლონების შემუშავება, მიღებული ესკიზების საფუძველზე.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ პერიოდში იყო ისეთი ნივთების შექმნა, რომლებიც იქნებოდა გარდერობის ძირითადი ნაწილი ან ადვილად შერეული სხვა ნივთებთან. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში წარმატებას მივაღწიე.

GeoJe-ს კონცეფცია

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თითოეული ქმედება მიმართული უნდა იყოს ტანსაცმლის გაყიდვების ზრდაზე და პოტენციური მყიდველის დარწმუნებაზე, რომ ეს სამოსი მას შეცვლის, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა არასწორია.

GeoJe-ში ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტანსაცმელი ნამდვილად აუმჯობესებს განწყობას, გვანიჭებს თავდაჯერებულობას, ხაზს უსვამს ინდივიდუალობას, მაგრამ ტანსაცმელი ნამდვილად არ გვაუმჯობესებს. მხოლოდ კეთილი საქმეები ახერხებენ ამას, სწორედ ამიტომ, გვსურს ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ყურადღება სიკეთისკენ მივმართოთ. 

ბრენდი ეფუძნება გარდერობის ისეთი საბაზისო ელემენტების გამოყენების იდეას, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას. ჩვენთვის ეს ბაზისები ტრადიციული ქართული სამოსის დეტალებითაა გაჯერებული. აქედანვე დაიბადა ჩვენი სლოგანი: back to basic with Georgian accent.

ბრენდის კიდევ ერთი სლოგანია: სადაც არ უნდა იყო, იგრძენი საქართველო GeoJe-სთან ერთად.

განხორციელებული იდეები

ამ ეტაპზე ჩემი სამი იდეა განვახორციელე. პირველი არის ქურთუკი (denim jacket). კლასიკური ჯინსის ქურთუკისა და ქართული ტრადიციული სამოსის გზები გადავკვეთე, მას ჯიბეები დავამატე, რომელიც ქართულ ჩოხაში ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ამ გზით ქურთუკმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. 

მეორე ქმნილება არის 2 in 1. ერთ შემთხვევაში ეს არის პერანგი - კაბა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი ტანსაცმელი და წარმოადგენს დამოუკიდებელ სრულფასოვან სილუეტს. ხოლო მეორეში - ეს არის კარდიგანი, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი იმიჯი გაამდიდროთ. ამ პროექტზე მუშაობის დროს, შთაგონებული ვიყავი ქართლ-კახეთის რეგიონის ქალების კაბებით, კერძოდ, მკლავების სილუეტით.

მესამე კი არის კორსეტი, რომელიც კარგად უხდება როგორც თეთრ პერანგს, ასევე ყელიან ზედას, რომელიც ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება. კორსეტებს შიშველ სხეულზეც იდეალურად ირგებენ, სხვადასხვა სამოსთან შეხამებით შეგვიძლია შევქმნათ როგორც კლასიკური, ასევე ყოველდღიური ლუქი.

ამ ეტაპზე ჩემი პროდუქცია წარმოდგენილია თბილისის 3 მაღაზიაში - co.mode (აბაშიძის 14-ში), moods collection (კოტე აფხაზი 22), geofashionlab (ფალიაშვილის 47ა).

ჩემი სამომავლო გეგმები...

განვიხილავ განვითარების 3 მიმართულებას: 1) ხაზის გაფართოებას (შემოდგომა/ზამთარი, გაზაფხული/ზაფხული). 2) საბავშვო ჯინსის ხაზის შექმნას ქართული ელემენტებით 3) მონაწილეობის მიღებას ევროპაში, ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს გამოფენაში განვითარებადი დიზაინერებისთვის - Tranoï.

ზევით