#GOGO!

მარიამ გულბანი: „მინდა ქალებს ის თავდაჯერებულობა მივანიჭო, რომელსაც იმსახურებენ“

გაზიარება:

მარიამ გულბანი 29 წლის დამწყები დიზაინერია, განათლება ტურიზმის მიმართულებით მიიღო, თუმცა ბავშვობის დიდმა გატაცებამ - ხელოვნებამ ზრდასრულ ასაკში შეახსენა თავი და გადაწყვიტა ცხოვრება მასთან დაეკავშირებინა. სწორედ ასე, საყვარელი ჰობიდან გაჩნდა მარიამის საოცრად დახვეწილი და ელეგანტური ბრენდი Gulbani Design, რომელიც ქართული მოდის სამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრებას ახლა იწყებს. 

მარიამ გულბანი, Gulbani Design, ქართული ბრენდი,

„მიუხედავად იმისა, რომ ხატვა კარგად არ მეხერხება, ბავშვობიდან მოყოლებული ვცდილობდი ჩანახატების გაკეთებას, სადაც წარმოდგენილი მყავდა გოგოები სადღესასწაულო სამოსში, თოჯინებისთვის ვკერავდი სამოსს და მუდმივად ვცდილობდი საკუთარი ან ოჯახის წევრების ტანისამოსი გარდამექმნა, ვჭრიდი და თავიდან ვცდილობდი განსხვავებული მოდელის შექმნას“ - ამბობს მარიამი.

ორიგინალური ხედვის და დიზაინერული გემოვნების შემჩნევა მარიამის მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ გასჭირვებიათ, სწორედ ისინი გახდნენ მოტივაციის წყარო იმისა, რომ მარიამს გადაედგა ნაბიჯი და საკუთარი ბრენდი შეექმნა.

მარიამ გულბანი, Gulbani Design, ქართული ბრენდი,

„როდესაც ჩემი დიზაინით შეკერილი სამოსით მხედავდნენ ხშირად ვიღებდი კომპლიმენტებს და აღნიშნავდნენ, რომ უნდა გადამედგა ნაბიჯი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა მეც დიდი სურვილი მქონდა და ვიფიქრე ნელ-ნელა დამეწყო რამდენიმე მოდელის შექმნა. თავდაპირველად, ეს იყო სადღესასწაულო, კლასიკური სამოსი, რომელიც განვათავსე სოციალურ ქსელში, მართლაც უამრავ დადებით წერილს ვიღებდი და მიჩნდებოდა მოტივაცია მეტი გამეკეთებინა ამ კუთხით“.

პირველი სერიოზული დაბრკოლების წინაშე მარიამი და Gulbani Design მაშინ აღმოჩნდნენ, როდესაც დედამიწა მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, მოგეხსენებათ, COVID 19-ის გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ აისახა სტარტაპებზე. მიუხედავად მძიმე ფონისა, მარიამმა მოახერხა ის, რომ საკუთარი სტილი და ხელწერა შეენარჩუნებინა და Gulbani Design-მა ნელი ნაბიჯებით, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად დააღწია პანდემიის მარწუხებს თავი.

მარიამ გულბანი, Gulbani Design, ქართული ბრენდი,

„მოთხოვნა სამოსზე შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მიცდია ბრენდის მიმართულების შეცვლა და ყოველდღიური სტილის სამოსის კერვაზე გადასვლა“ - მარიამ გულბანი.

Gulbani Design-ს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან, აქ თითოეული მოდელი უნიკალურია და მხოლოდ ერთხელ იქმნება. „ჩემი აზრით, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როდესაც გაცვია რაღაც განსხვავებული და იცი, რომ ის სწორედ შენთვის არის შექმნილი. ზოგადად იდეის შექმნაზე არ ვფიქრობ ბევრს, იმ მიზეზით, რომ მუშაობის პროცესში შესაძლოა რამდენჯერმე შევცვალო მოთხოვნა და ბოლო შტრიხამდე მიყვანილი მოდელიც კი გადავასხვაფერო“.

მარიამ გულბანი, Gulbani Design, ქართული ბრენდი,

„ძალიან ბევრს ვშრომობ ჩემი გეგმების ბოლომდე მისაყვანად, თანაც ამ საქმეში მარტო ვარ და თითოეული დეტალის შექმნას პირადად ვაკვირდები. გასულ კვირებში პირველად მივიღე მონაწილეობა მოდის საერთაშორისო ფესტივალზე და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სოფია გურეშიძეს“ - აცხადებს მარიამი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამი გვიმხელს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ახლა შოურუმის შექმნაა, რათა მომხმარებელთან კომუნიკაცია გაადვილდეს.

მარიამ გულბანი, Gulbani Design, ქართული ბრენდი,

„ჩემი მიზანია ქალებს გავულამაზო მათთვის მნიშვნელოვანი დღე, ამ სამოსით შევუქმნა სასიამოვნო განწყობა, მინდა მათ ის თავდაჯერებულობა მივანიჭო, რომელსაც იმსახურებენ“.

ზევით