#WOMEN POWER

ქეთა ლომიძე: „უბრალოდ უნდა დაიჯერო შენი საქმის და მისთვის იბრძოლო“

გაზიარება:

ავტორი: მარიამ გერგედავა

 

ნათელი გონებისთვის არ არსებობს საზღვრები, შეზღუდვები ან ჩაკეტილი სივრცე, ის გამოსავალს ყოველთვის პოულობს და შთაგონების ძიებაში ზოგჯერ საკუთარ საწყისსაც უბრუნდება, ასე მოხდა ერთი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ყოვლისშემძლე გოგოს ცხოვრებაშიც - ქეთა ლომიძემ, რომელთა რეგალიისა და „საქმენი საგმირონის“ ჩამოთვლა აუცილებლად შორს წაგვიყვანს, პანდემიის პერიოდში სტარტაპი წამოიწყო და Loop-ით ბიზნესსამყაროს კიდევ ერთი ახალი ამპლუით შეუერთდა.

პირადი ისტორია - გოგო, რომელსაც ყველაფერი შეუძლია...

რატომაც არა? - როდესაც ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, პირველი სწორედ ეს შეკითხვა მახსენდება. პასუხი კი აერთიანებს ყველა ჩემს ისტორიასა თუ წამოწყებას, მიზნებს, რისთვისაც ვიბრძვი. 

ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი მქონდა, მინდოდა რომ მასშტაბურ ცვლილებებში ჩემი წვლილი შემეტანა, და თან დამემტკიცებინა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

სტანდარტებში ჩაჯდომა მოსაწყენია, სტერეოტიპების მსხვრევას კი მრავალფეროვან გამოცდილებებთან ერთად საოცარი შეგრძნება მოაქვს. შენ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ხარ - ჩემთვის ეს გრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რისკიც ჩემი ისტორიის განუყრელი ნაწილია. პირველად ალბათ მაშინ გავრისკე, როდესაც სარეჟისოროზე ჩავაბრე.

„ანაბეჭდი“ ჩემი სტუდენტობის ყველზე ნათელი პერიოდია, რომელსაც მოჰყვა ონლაინ ჟურნალი Beat Magazine. სახელი ხასიათის შესაფერისი - ფეთქვა, იმისთვის რომ ყველას დაეჯერებინა - ხელოვნება ცოცხალია და ის თითოეულ ჩვენგანის სათქმელს ამბობს.

წარმატება ჩემი გუნდის გარეშე არ გამოვიდოდა. ყველაზე დიდი მონაპოვარი და მოტივაცია ჩემთვის სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლების გარეშეც საქმის კეთება ვერ წარმომიდგენია.

სიახლეები სირთულეების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა იმაზე სასიამოვნო არაფერია ხედავდე როგორ ძლიერდები დღითიდღე და როგორ შეგაქვს საკუთარი წვლილი საზოგადოების აზრის ფორმირებაში. აი მაგალითად ჟურნალი „თორმეტი“, რომლის შექმნის იდეაც მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა. მივხვდით, რომ უფრო ფართო თემებზე გვინდოდა წერა და გამბედაობა მოვიკრიბეთ. დღეს კი „თორმეტი“ უკვე ონლაინ გამოცემას წარმოადგენს, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტრენდებს და ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ ციფრულ სამყაროში.  

ჩვენ, ქალებმა, უნდა დავიჯეროთ რომ ვართ თანასწორუფლებიანები და რომ სუსტი ქალი არ არსებობს!

Forbes Woman Georgia-ს შემთხვევა ალბათ განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში. რადგან აქ მე და ჩემი პარტნიორები არა მხოლოდ ერთი მიზნისთვის გავერთიანდით, არამედ თითქოს შევავსეთ კიდეც ერთმანეთი. დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით - განახლებული გამოცემა გარკვეულწილად უნდა ყოფილიყო ქართული რეალობიდან გამომდინარე და ფართო მასებზე ორიენტირებული, ხიდი ბიზნესსა და ხელოვნებას შორის.

Covid 19 როგორც გამოწვევა და ახალ რეალობაში ადაპტაცია...

ჩემი მოტივაცია ახალი გამოწვევებია, თან საკმაოდ საპასუხისმგებლო, კოვიდმა მასწავლა რომ მე მართლა ყველაფერი შემიძლია: ვიყო ერთდროულად  დედა, დაწყებითი კლასის მასწავლებელიც, დიასახლისიც და ასევე ვმართავდე და ვხელმძღვანელობდე ყველა იმ საქმეს რასაც ვაკეთებ ერთდროულად, როდესაც გყავს პატარა შვილი უბრალოდ არ გაქვს უფლება გაჩერდე, დანებდე და არაფერი აკეთო, ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილია.

დიდი იდეებისთვის ბრძოლა მოტივაციას მაძლევს ვიყო უფრო ძლიერი დედა. მინდა ჩემს შვილს სჯეროდეს, რომ სტერეოტიპების ნგრევა რთული, მაგრამ შესაძლებელია. 

ასევე მინდა, რომ თავისუფლების იდეა ყველაზე მეტად უყვარდეს. ჩვენ  ანტერპრენერებს გვიწევს რომ თავიდან ბოლომდე ჩართულები ვიყოთ ყველა ჩვენს პროექტში, რომლებიც საკუთარი შვილებივით გვიყვარს და რომლების აღზრდასა და განვითარებაში ყოველდღიურად შეგვაქვს წვლილი.

ჩემთვის სწორედ ამიტომაა ბედნიერება იყო ანტერპრენერი, საინტერესო თავგადასავლებთან ერთად ყოველთვის მახსოვს ერთი რამ, არ უნდა გავჩერდე! Failure story არ არსებობს. ნებისმიერი მარცხი არის ახალი გამოწვევა, სწორედ ეს მინდა რომ ვუთხრა ქალებს. ვურჩევდი მათ, რომ არასდროს გადაუხვიონ თავიანთი ღირებულებებიდან და დაუჭირონ მხარი ერთმანეთს, არამხოლოდ პრობლემების დროს, ასევე გაიზიარონ ერთმანეთის წარმატების ისტორიები. 

სიბნელეში გაჩენილი სანათის იდეა...

სანათის შექმნის იდეა  პანდემიის პერიოდში გამიჩნდა . ქსოვის მიმართ ბავშვობაში გაჩენილი სიყვარული ზუსტად ამ დროს ამოტივტივდა და სპონტანურად, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, ძაფებით მოქსოვილი პირველი სანათი გავაკეთე.  მანამ, სანამ ჩემს  მიერ შექმნილი სანათი იმ სახეს მიიღებდა, როგორი სახითაც დღეს მომხმარებელს სთავაზობს Loop-ი.

პროცესი საკმაოდ საინტერესო  შრომატევადი იყო - ძველებურ კარკასზე სხვადასხვა ტიპის ძაფების გამოყენებით დიდხანს ვსწავლობდი  დამზადების ტექნიკას, მანამ სანამ საბოლოოდ იდეალური სისქისა და ფორმის სანათი არ დამზადდა, რომელმაც გარშემომყოფებისაგან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა და საბოლოოდ იმის სურვილიც გამიჩნდა , რომ სანათების შეძენა სხვებისთვისაც ყოფილიყო შესაძლებელი.      

ლუპის სანათების შეძენა თიბისი კონცეპტში მოწყობილ შოურუმში არის შესაძლებელი და ასევე  ლუპის  Instagram და Facebook გვერდებზე.

Loop კვანძს ნიშნავს და ძაფის, როგორც საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალის როლს უსვამს ხაზს, მასალის, რომლითაც საინტერესო  პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი. ჩემი აზრით ლუპის სანათები  ნებისმიერ ოთახს - როგორც სამზარეულოს ასევე მისაღებსა და საძინებელსაც უხდება, იდგმება როგორც თაროზე, ასევე იატაკზე ,მაგიდაზე  მფლობელის გემოვნებისა და ხედვის მიხედვით. 

 როგორია ქეთა ლომიძის და Loop-ის სამომავლო გეგმები...
ჩემთვის ეს იყო სპონტანურად და თამაშ-თამაშით დაწყებული თერაპიული საქმიანობა, რომელიც  საბოლოოდ საინტერესო ბრენდად ჩამოყალიბდა , თუმცა დღეს უკვე  ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველდღიურად ვარ ჩართული და ვმუშაობ პროდუქტის განვითარებაზე, ამ ეტაპზე ვმუშაობ სანათების ახალ დიზაინზე ,რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია იყოს ლუპის კატალოგში.

 

ზევით