#GOGO!

Gerlisol - მხატვრობის სიყვარულით შექმნილი სახლის დეკორის სტარტაპი

გაზიარება:

მხატვრობისა და ხელნაკეთი ნივთების სიყვარულმა მარია გერლიანს ბიძგი მისცა ახალი ქართული სტარტაპისთვის ჩაეყარა საფუძველი. ხელოვნება მარიას ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებული ადგილიც ეკავა, თუმცა ჩანაფიქრის რეალობად ქცევამდე ყოველთვის იყო სხვადასხვა სახის დაბრკოლება. მსოფლიო პანდემიამ კი, როგორც არაერთ ქართულ სტარტაპს, მარიას საშუალება მისცა დიდი ხნის ოცნება აეხდინა.

მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის გაკეთებული საჩუქრებით, სახლის ულამაზესი დეკორებით ნელნელა უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა და მარიამ სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მისი წამოწყება ბიზნესის სახეს იღებდა, თავად კი GOGO-ების, ანტრეპრენერი ქალების რიგებს უერთდებოდა. სწორედ ასე დაიბადა GerliSol, რომლის შესახებაც სტარტაპის დამფუძნებელი თავად გვიამბობს.

 

მარია გერლიანი: GerliSol-ის დაარსება ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო, რადგან ბავშვობიდან ვარ გატაცებული ხატვით და ხელნაკეთი ნივთების შექმნით, თუმცა პანდემიამდე სხვადასხვა სფეროში ვმოღვაწეობდი და არ მქონდა საკმარისი დრო, რომელსაც საყვარელ საქმეს დავუთმობდი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაწყებულმა პანდემიამ ყველა სხვა საქმიანობა შემიჩერა, ამავდროულად მომცა საშუალება ამეხდინა დიდი ხნის ოცნება და მომხმარებლისთვის წარმომედგინა ხელნაკეთი ნივთების ჩემებური ხედვა.

თავდაპირველად, არ მქონდა მიზანი ბიზნესის სახე მისცემოდა ჩემს შრომას. უბრალოდ ვქმნიდი ნამუშევრებს დიდი სიყვარულით, რომლებსაც შემდეგ ახლობლებსა და მეგობრებს ვჩუქნიდი, რათა მათი სახლები გამელამაზებინა. მას მერე, რაც ჩემმა ნამუშევრებმა უცხო ადამიანებშიც გამოიწვია ინტერესი, ჩემივე მეგობრების არაერთი თხოვნის შემდეგ, გადავწყვიტე შემექმნა ბრენდი, რომელსაც ჩემი გვარისა და ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციის, მზის (ესპანურად “Sol” მზეს ნიშნავს) შეერთებით დავარქვი სახელი და შევქმენი ლოგო. ასე დაარსდა GerliSol.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდმა საკმაო ფინანსური სარგებელი მომიტანა, ჩემთვის ეს საქმიანობა მაინც რჩება საყვარელ საქმედ და არა ბიზნესად. უმთავრესი მიზანი არის ის, რომ მომხმარებლისთვის შევქმნა საინტერესო, განსხვავებული დეკორაციები და ამით პოზიტივი და დადებითი ენერგეტიკა შევიტანო მათ საყვარელ სივრცეში.

ყველა სტარტაპერი მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის. თავდაპირველად ხშირად გვიწევს წაქცევა და წამოდგომა. ბევრი სირთულის გადალახვა, მთავარია მიზანი არ დაკარგო და რაც მთავარია გიყვარდეს ის საქმე რომელსაც ემსახურები.

დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ სწავლობ როგორ უნდა აკეთო საქმე უფრო ეფექტურად და ამაში ნაკლები დრო, ენერგია და რესურსი დახარჯო.

ზევით