#GOGO!

ეკომეგობრული „აზურიტი“: გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი დეკორატიული ნივთები

გაზიარება:

დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ქართულ ბაზარზე ინოვაციური, ესთეტიკური და რაც მთავარია ეკომეგობრული ბრენდი „აზურიტი“ გამოჩნდა. პროფესიით არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების რესტავრატორმა, ანი შეროზიამ გადამუშავებული ქაღალდისგან ინტერიერის დეკორატიული ნივთების დამზადება დაიწყო: სასანთლეების, ქოთნებისა და ლარნაკების შექმნის შემდეგ, ანიმ ეს ტექნიკა ავეჯის დასამზადებლადაც გამოიყენა და სულ მალე სახელოსნოს ფერადი სარკეები, მომცრო ზომის მაგიდები და სკამები შეემატა.

 

იმის გასაგებად, თუ როგორ გაჩნდა „აზურიტის“ შექმნის იდეა, რა კონცეფციის მატარებელია ბრენდი და როგორ გამოიყურება სტარტაპის სამომავლო გეგმები - „აზურიტის“ დამაარსებლის, ანი შეროზიას ინტერვიუს უნდა გაეცნოთ, რომელსაც The Diary-ს მკითხველს დიდი სიამოვნებით წარვუდგენთ.

როდის გაგიჩნდათ ბიზნესის დაწყების იდეა და მანამდე თუ იყავით დაინტერესებული ამ კონკრეტული საქმიანობით?

როდესაც ჩემს ნივთებზე მუშაობა დავიწყე, ეს პერიოდი დაემთხვა გლობალურ პანდემიას. ამიტომაც, ეს იყო ჩემთვის თავის შექცევის და ერთგვარი თერაპიის საშუალება. ჩემს ყოველდღიურ სამუშაო გარემოს მოწყვეტილი ვიყავი, მქონდა ბევრი თავისუფალი დრო და მინდოდა ეს სიცარიელე რამენაირად შემევსო.

ვითანამშრომლე სხვადასხვა ხელოვანებთან და დიზაინერებთან და იმედს ვიტოვებ, მომავალშიც მექნება არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

ზოგადად, ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინი. დიდი მიჯაჭვულობა მაქვს ასევე სიძველეებთან. ალბათ, ჩემი პროფესიაც ამან განაპირობა. მაგალითად, როდესაც ვუყურებ ანტიკურ ჭურჭელს, მაოცებს მისი დახვეწილობა, სინატიფე და ჰარმონიულობა.

რა არის თქვენი ბრენდის კონცეფცია?

ვფიქრობ, რომ თანამედროვე ნამუშევარი, იქნება ეს ფერწერული სურათი თუ სკამი, უნდა პასუხობდეს კონკრეტულ დროს და გარემოს. შესაბამისად, ასეთი ნამუშევარი ადამიანებისთვის უფრო ახლო და გულწრფელია. აზურიტი, ესთეტიკურ მხარესთან ერთად გამოირჩევა ეკო მეგობრულობით, რაც ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია.

რატომ დაარქვით თქვენს ბრენდს აზურიტი?

სახელზე ბევრი არ მიფიქრია; ვინაიდან ჩემი ნამუშევრები ფერადოვანია, მინდოდა რომელიმე ფერთან და მინერალთან ყოფილიყო დაკავშირებული. აზურიტიც ერთ-ერთი მინერალია, რომლისგანაც უძველესი დროიდან ამზადებენ ბუნებრივ პიგმენტებს.

ჩემთვის შთაგონების წყარო შეიძლება ყველაფერი იყოს: ყოველდღიური გარემო, საქმიანობა, ბუნება, ზოგადად ხელოვნების ნაწარმოებები და მრავალი სხვა.

რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნა ადამიანებისთვის, მათი ყოველდღიური გარემოსთვის კომფორტული ნივთები, იქნება ეს გამოყენებითი თუ დეკორატიული. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, აზურიტის ნივთებმა ხელი შეუწყოს მესაკუთრის პიროვნებისა და ხასიათის გამოხატვას, რადგან მჯერა რომ ინტერიერი ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. დიდ მოტივაციას მაძლევს საზოგადოების უკუკავშირიც, როდესაც ჩვენი შეხედულებები და გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის გამიჯვნას კომერციასა და ხელოვნებას შორის?

უბრალოდ არ ვმიჯნავ, არ მგონია რომ ეს საჭიროა. ნებისმიერ ხელოვანს თუ დიზაინერს სურს, თავისი ნამუშევარი შეაყვაროს სხვას, ისე როგორც თავად მოსწონს, უყვარს და აფასებს. ფულს, რომელიც შრომით მოიპოვე არ გადაიხდი ისეთ ნივთში, რომელიც არ მოგწონს და როდესაც არჩევანს შენს ნამუშევრებზე აჩერებენ ეს ძალიან სასიამოვნო და სტიმულის მომცემია.

ძირითადად სად ხდება ნივთების რეალიზაცია?

ამჯერად აზურიტის ნივთების შეძენა შესაძლებელია Why Not Gallery-ის ქართველი ხელოვანების Gift shop-ში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მაღაზია New Shop-ში და Azurite-ის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები ანტრეპრენერი და რა რჩევას მისცემდით მას?

პირველ რიგში, საჭიროა გიყვარდეს, მოგწონდეს და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, რომლებიც საწყის ეტაპზე ბევრია (მაგალითად, ვერ მიიღო შესაბამისი უკუკავშირი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საზოგადოება ჯერ არ გიცნობს), მოტივაცია არ უნდა დაკარგო. გარდა ამისა, შესაძლებელია, გარშემომყოფებისგან ბევრი განსხვავებული და ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები მოისმინო, რამაც შეიძლება დაგაბნიოს. მიუხედავად ამისა, მაინც სჯობს ძირითადად საკუთარ ინტუიციასა და გემოვნებას ენდო.

რაგეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძალიან მინდა სტუდია-სახელოსნო გავაკეთო, რაც სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე. ასევე მინდა გამოფენის მოწყობა, რომლის კონცეფციაზე ვმუშაობ ჩემს მეგობარ კურატორ მარიამ წიქარიძესთან ერთად და იმედი მაქვს მალე განვახორციელებთ. გარდა ამისა, მაქვს შემოთავაზება სიდნეის ერთი კონცეპტუალური მაღაზიიდან, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევრები, გავაგზავნო ჩემი სარკეები და სავარაუდოდ ეს არ იქნება ერთჯერადი თანამშრომლობა.

ზევით