„ჩვენ არავისთვის გვითხოვია გადარჩენა, ისედაც იდეალური ცხოვრება გვქონდა“

ავტორი: კატია იამკოვაია

 

მე კატია ვარ, უკრაინიდან ოდესიდან, ჩემი ცხოვრება 24 თებერვლამდე იდეალური გახლდათ, მქონდა საყვარელი სამსახური, სულიერი სიმშვიდე და უკეთესი მომავლის იმედი, თუმცა სწორედ ამ საბედისწერო დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დილას ადრე ახლობელმა დამირეკა, რომელიც საზღვართან ახლოს ცხოვრობს და მითხრა, რომ ჩვენი მიმართულებით რაღაცას ისროდნენ.

პირველი აფეთქებები არ გამიგონია, ტელეფონზე საუბარი განვაგრძე, თუმცა ჯერ ერთი აფეთქების ხმა გავიგონე, შორიდან ისმოდა და სულ მალე უფრო ახლოს მოისმა. იმ მომენტში ჩემს გონებაში ჯერ კიდევ სიმშვიდე სუფევდა, ვერ წარმომედგინა, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელი იყო რუსეთი თავს დასხმოდა უკრაინას, თუმცა ეს ყველაფერი დღემდე ვერ გამიგია.

ნელ-ნელა დავიწყე რეალობის გაცნობიერება, მივხვდი რომ ნივთები და დოკუმენტები უნდა შემეგროვებინა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერსაც ინერციით ვაკეთებდი.

ჩანთის ჩალაგებისთანავე ბანკში მივედი თანხის გამოსატანად, იმას ვაცნობიერებდი, რომ ფულის გამოტანა შესაძლოა პრობლემა გამდარიყო. ბანკში მისულს უზარმაზარი  რიგი დამხვდა, მაინც შევძელი თანხის გამოტანა და საუზმისთვის, ჯერ კიდევ ქუჩაში მდგომს ჩემთან ახლოს, აფეთქების ხმა გავიგონე. როგორც აღმოჩნდა რუსებმა მიზანში საწყობი ამოიღეს, რომელიც ჩემი სახლიდან 3-5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. 

აფეთქების ხმა იმდენად დიდი იყო რომ ყველაფერმა რყევა დაიწყო, მე ვერც კი მივხვდი მიწაზე როდის დავწექი, ალბათ ინსტინქტის დამსახურება იყო

ამ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლში მარტო არ დავრჩებოდი და მშობლების სახლისკენ ავიღე გეზი, არ მინდოდა მათზეც ნერვიულობა, მაგრამ არც საკუთარი სახლის დატოვების იდეა მხიბლავდა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა რომ აფეთქებების ხმა შორიახლოს მესმოდა, ბოლომდე მაინც არ მქონდა გააზრებული რატომ უნდა წავსულიყავი საკუთარი სახლიდან, ვის სურდა ასე ძალიან ჩვენი გადარჩენა, ჩვენ ხომ ეს არ გვითხოვია, ისედაც იდეალური ცხოვრება გვქონდა.

რუსებისგან განსხვავებით ჩვენ გვქონდა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, ვაკეთებდით იმას რაც გვსურდა და როგორც გვსურდა, სიტყვა ომის გამო ციხეში თავს არავინ გვიკრავდა 15 წლით, მაშინ ვის სჭირდება სინამდვილეში გადარჩენა?

საქართველოში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ის დამიკავშირდა და მითხრა რომ მოხალისეების შუამდგომლობით შემეძლო ჩამოსვლა და დასაქმება, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე უნდა მიმეღო, მაშინ უარი განვაცხადე, არაფრის უკან მოტოვებას არ ვაპირებდი. როდესაც ამ შემოთავაზების შესახებ ჩემს ახლობელს და ოჯახის წევრებს განვუცხადე მათ ჩემი დარწმუნება დაიწყეს, მითხრეს, რომ საქართველოში მეგობრებთან მშვიდად ვიქნებოდი და ჩემს თავზე რაკეტები მაინც აღარ იფრენდნენ.

საბოლოოდ, წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ის ავტობუსი რომელზეც ჩემი მეგობარი მიყვებოდა უკვე გამოსული იყო, თვითმფრინავს კი ვერ დაველოდებოდი. ერთ-ერთ ჩატში გოგონა აღმოვაჩინე, რომელიც მანქანით სტამბულში აპირებდა წასვლას, მას დავეკონტაქტე და რუმინეთის გავლით სტამბოლში რამდენიმე დღეში აღმოვჩნდი, იქ კი ავტობუსის ბილეთი ავიღე თბილისის მიმართულებით.

საქართველოში რომ ჩემი ნებით ჩამოვსულიყავი, ეს მშვენიერი მიმართულება იქნებოდა სამოგზაუროდ, თუმცა იმის გამო რომ იძულებით მოხდა, ძალიან ძალიან მინდა სახლში დაბრუნება.

წამწამების სპეციალისტი ვარ, ამიტომ საქართველოში სამსახურის პოვნა არ გამძნელებია, ახლა Nail Bar #1-ში ვმუშაობ. ერთადერთი პრობლემა რომელსაც აქ ყოფნის დროს გადავაწყდი არის ის, რომ ქართველებს რუსი ვგონივარ და ხშირად ამის გამო ძალიან უხეშად მპასუხობენ ან საერთოდ არ მპასუხობენ. ერთხელ პასპორტის ჩვენებაც კი დამჭირდა იმის დასამტკიცებლად რომ უკრაინიდან ვარ. 


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პრექტ GOGO!-ს იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. კატია დღეს Nail Bar #1-ში წამწამების სპეციალისტად მუშაობს, კატიასთან დაკავშირებას მისი Instagram გვერდის მეშვეობით შეძლებთ.

ზევით