#GOGO!

მემემე - სამოსი, რომელიც ბავშვებს მოსწონთ. კვირის GOGO!-ების საოცრად ფერადი ბრენდი

გაზიარება:

მე, მე, მე, - ეგოცენტრულად ჟღერს არა?! არა, თუკი ეს სიტყვა ბავშვისგან გვესმის, რომელიც საკუთარ თავს და სურვილებს ყოველთვის წინა ფლანგზე აყენებს. ჰოდა, ბავშვის გულწრფელი გამოძახილით ორმა ძალიან კრეატიულმა GOGO!-მ ახალი ქართული ბრენდი დაასათაურა. „მემემე“ რუსა დათუკიშვილისა და სოფო ბოლცეს ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა.

მემემე, საბავშვო ბრენდი, ტანსაცმელი

ბავშვობის მეგობრების ტანდემი online შედგა. სოფო გერმანიაში ცხოვრობს და უკვე 7 წელია მოდის სფეროში მოღვაწეობს. პროფესიით ჟურნალისტმა რუსამ კი წლების მანძილზე დაგროვილი იდეების განხორციელება ახალი გამოწვევით გადაწყვიტა.

სოფო ბოლცე - „მემემეს" თანადამფუძნებელი,კრეატიული დირექტორი

სოფო ბოლცე

სოფო: კინოსარეჟისორო განათლებიდან, ჯერ არასერიოზულად და მოკლე დროით ნახევარ განაკვეთზე მუშაობით და ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობისმოყვარეობით და აზარტით მოდის სფეროში გადავინაცვლე და 7 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. უკვე სამ წელიწად ნახევარია სენ ლორანში ვმუშაობ. მეხება უშუალოდ კლიენტებთან ურთიერთობა და ვარ ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ტრენინგ ამბასადორი.

რუსა დათუკიშვილი- ბრენდ „მემემე"-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

რუსა დათუკიშვილი

რუსა: ჩემი ძირითადი საქმიანობა წლების განმავლობაში ჟურნალისტიკას უკავშირდებოდა, მიმუშავია სხვადასხვა რადიო მაუწყებელსა და გამოცემაში, ყველაზე დიდ ხანს კი რუსთავი 2 -ზე გადაცემა „პოსტსკრიპტუმში"-ში. იგივე სფეროში სამუშაო გამოცდილება ხორვატიასა და გერმანიაშიც მაქვს მიღებული, თუმცა საქართველოში დაბრუნებულმა უფრო მშვიდ გარემოში გადავწყვიტე კარიერის გაგრძელება და სხვადასხვა კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედია მენეჯერის პოზიცია მეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ სფერო, რომელშიც ვმუშაობდი ძალიან მომწონს, მინდოდა საკუთარი საქმე დამეწყო. ბევრი არ მიფიქრია თუ რა კუთხით გავაგრძელებდი საქმიანობის, რადგან ყოველთვის მომწონდა მოდის სფერო და განსაკუთრებით ბავშვების ტანისამოსზე ფიქრი. ამიტომაც რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე გამეკეთებინა ტანისამოსი ბავშვებისთვის. რადგან მე ამ სფეროში გამოცდილება არ მაქვს, ჩემს ძალიან ახლო მეგობარს, სოფოს რჩევის საკითხავად დავუკავშირდი. სოფო უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მსოფლიოში წამყვან მოდის სახლში მუშაობს. იმდენად ბუნებრივად მოხდა ამ იდეის ერთობლივად განხორციელებაში სოფოს ჩართვა, რომ დისტანციურად შევძელით და დაახლოებით სამ თვეში შევქმენით „მემემე".

მემემე, ახალი ბრენდი, ბავშვების ტანსაცმელი, გოგოები

რატომ „მემემე"?

რუსა: რასაკვირველია ბრენდის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა რომ ყოფილიყო განსხვავებული, ადვილად დასამახსოვრებელი და ბავშვებთან დაკავშირებული. სიტყვა - მე ძალიან ბუნებრივად მოგვაფიქრდა, რადგან ბავშვებს საკუთარი თავი და სურვილები ყოველთვის წინა პლანზე აქვთ წამოწეული, თან ქართულ და ინგლისურ ენებზე ეს სიტყვა დაახლოებით ერთნაირად ჟღერს, ამიტომ საბოლოო ვერსიად დავტოვეთ „მემემე", სამჯერ მე, რადგან პატარების ეგოცენტრულობა კიდევ უფრო აშკარად წარმოგვეჩინა ჩვენი ბრენდის სახელში.

სამოსს აშკარად ეტყობა უშუალო „ბავშვური" გემოვნების გავლენა. ეს პირადი (დედური) გამოცდილების დამსახურებაა?

სოფო: ჩემს შემთხვევაში, ჩემს შვილთან ურთიერთობის გამოცდილება სამოსის ბავშვურობის მიზეზი ნამდვილად არის. იმაზე დიდი ბედნიერება მგონი მშობლისთვისაც არაფერია, როცა ბავშვებს ყველა შესაძლო მიზეზით ვახარებთ. გვინდოდა ისეთი სამოსი შეგვექმნა, რომელსაც ყოველ დილას ბავშვი თავად აარჩევდა, ჩაიცვამდა და თავს თვითდაჯერებულად, ლაღად, კომფორტულად იგრძნობდა. სოციალურ მედიაში სულ უფრო და უფრო მეტი ქართული წარმოების საბავშვო ბრენდი ჩნდება.

მემემე, mememe, საბავშვო ტანსაცმელი

რით გამოირჩევა „მემემე"?

სოფო: თითოეულ მოდელში ბევრ დეტალზე გვაქვს ნაფიქრი, მოსაწყენი არც ერთი მათგანი არაა. ყველა აითემში, ან კომბინაციაში მოულოდნელობაა, ეს ხან სილუეტია, ხან ნაქარგი, ხან გამორჩეული ფერი. „მემემეს" სამოსი გათამამებს და თავს მთავარ გმირად გაგრძნობინებს. გარდა ვიზუალური მხარისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, ამიტომ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებით ვმუშაობთ.

როგორც ვიცი, „მემემე" პანდემიის პერიოდში, დისტანციური მუშაობის შედეგად შეიქმნა. რა სირთულეებს გადააწყდით?

რუსა: სოფო უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს, იქ ჰყავს ოჯახი და აქვს სამსახური, შესაბამისად ჩვენი დისტანციური სამუშაო პროცესისთვის პანდემიას არ შეუშლია ხელი, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო ფიზიკურად საქართველოში ჩამოსვლას მაინც ვერ მოახერხებდა. შესაბამისად ესკიზების შექმნიდან დაწყებული, ნაჭრების არჩევით და შემდეგ კერვის პროცესის დისტანციურად ყურების ჩათვლით ყველაფრის გაკეთება დისტანციურად მოგვიწია. ყველაზე დიდი სირთულე მაინც ნაჭრების შერჩევა იყო, რადგან რთულია ტელეფონის ეკრანიდან ზუსტად აღიქვა ფერი და მიხვდე მატერიას. სირთულეს კერვის პროცესშიც წავაწყდით, რადგან სრულყოფილად ყველა დეტალს ვერ აღიქვამ, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც ისეთი გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mememe (@mememe_kidswear)

ჯერ მხოლოდ გოგონების კოლექცია გამოუშვით. იგეგმება თუ არა ბიჭების სამოსის წარმოება?

რუსა: ბიჭების ხაზი პირველ ეტაპზე არ გამოგვიშვია, თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში "მემემე"-ს აუცილებლად დაემატება ბიჭების ხაზიც.

რა ასაკის პატარებზეა გათვლილი ბრენდის სამოსი?

სოფო: ჩვენი სამოსი 4-დან 12 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. 

სად იყიდება "მემემე"-ს სამოსი?

რუსა: ამ ეტაპზე გვაქვს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები და ნებისმიერ მსურველს ტანისამოსის შეძენა ამ გვერდების საშუალებით შეუძლია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mememe (@mememe_kidswear)

GOGO!-ების რჩევა: თუ გინდა, რომ...

რუსა: თუ გინდა, რომ შენი ჩანაფიქრი რეალობად აქციო, ჩემი აზრით პირველ რიგში გჭირდება საკუთარი თავის მოტივაცია, მიზნის დასახვა, მონდომება, ამ საქმისთვის მაქსიმუმის გაკეთება, სირთულეების მარტივად გადალახვის უნარი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება ისეთი, როგორსაც ჩაიფიქრებთ.

სოფო: მგონია რომ შეცდომის დაშვების შიში არც გოგოებს და არც ბიჭებს ბევრ ისეთ რამეს არ აკეთებინებს, რაც დიდ სიამოვნებას მოგვგვრიდა. ვიღაცეების იმედების გაცრუებაზე დარდის ნაცვლად, მინდა რომ ყველამ ვამჯობინოთ ემოციურად აქტიური ცხოვრება და თუნდაც ბევრი შეცდომის დაშვება.

ზევით