ალა მიასკოვსკაია: „ასეთ მძიმე დროს ძალიან მნიშვნელოვანია შენი შვილებისთვის მეორე სახლი გეგულებოდეს“

ავტორი: ალა მიასკოვსკაია

 

მე მქვია ალა მიასკოვსკაია ვარ 35 წლის, მყავს ორი ლამაზი ბიჭი: მიხაილი, 7 წლის და კირილი, 4 წლის. ისინი ძალიან აქტიურები და ცნობისმოყვარეები არიან. ჩვენ კიევში ვცხოვრობდით, ბავშვები დადიოდნენ სკოლაში და საბავშვო ბაღში, ესწრებოდნენ ცურვას, აიკიდოს. მე მქონდა საკუთარი ბიზნესი - ბეწვის ნაწარმის შოურუმი. ისინი ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი, მაგრამ ამავე დროს საინტერესო და აქტიური ცხოვრებით.

თუმცა ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა, 24 თებერვალს დილის 5.20 საათზე, ჩემს ოჯახს, ჩემი სახლის ფანჯრის მიღმა, ძლიერი აფეთქების ხმაზე გაეღვიძა. ამ შიშისა და საშინელების სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის შემზარავი საშინელება, როდესაც არ იცი რა მოიმოქმედო, სად გაიქცე, რა იყოს შენი შემდეგი ნაბიჯი. ბავშვები ტირიან, შენ კი ამ დროს თქვენ ცდილობ გაარკვიო - რა ხდება? - რთავ ტელევიზორს, იწყევ ინფორმაციის მოძიებას მესენჯერში და როდესაც მეორე ძლიერი აფეთქების ხმა გესმის, რომლის შემდეგაც მთელი სახლი რყევას იწყებს, მხოლოდ მაშინ აცნობიერებ რომ გარეთ ომია. 

ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ჩვენს დროში ეს შესაძლებელი იყო და მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს დაემართებოდა.

აქ უკვე ნათელი გახდა ყველაფერი, გავაცნობიერე რომ ბავშვების გაყვანა აუცილებელი იყო. იმისთვის რომ მათ არ მოესმინათ და არ ენახათ ეს საშინელება, მაგრამ სად წავიდე? როგორ წავიდე? არ არსებობს მკაფიო ალგორითმი, რომელიც მსგავს სიტუაციაში მოქმედებისკენ მიგითითებს. 

ორი ღამე ბომბის თავშესაფარში გავატარეთ . მეზობლები ერთ დიდ ოჯახად იქცნენ და ეხმარებოდნენ ყველას, როგორც შეეძლოთ. ეს ძალიან დაგვეხმარა, რადგან ბავშვებს ისე მძაფრად არ უგრძვნიათ მთელი ის კოშმარი, რომელიც თავშესაფრის კედლებს მიღმა ხდებოდა. 

მესამე დღეს ლანჩის შემდეგ დასავლეთ უკრაინისკენ ავიღეთ გეზი, ჩემს მეგობარს ანასტასიასაც შევეხმიანე, რომელთანაც ომის დაწყების პირველივე დღიდან მქონდა კონკტაქტი, ანასტასია ქვრივია და 12 წლის ვაჟს მარატს მარტო ზრდის. ყველანი შევიკრიბეთ და ავტომობილი ნივთებით დავტვირთეთ, თუმცა წარმოდგენა არცერთს არ გვქონდა იმის შესახებ თუ რა უნდა წაგვეღო სახლიდან...

და აი ჩვენ ჩერნივციში ვართ (დასავლეთ უკრაინა) და მაინც არ ვიცით რა იქნება ამის შემდეგ. მახსოვს იმ დღეს მამაჩემმა დამირეკა, ის სამხედრო მფრინავი-ინსტრუქტორია, რომელმაც 2008 წელს ქართველი მფრინავები მოამზადა, მითხრა რომ საქართველოსკენ, მისი მეგობრებისკენ ამეღო გეზი, ასეც მოვიქეცით.

 ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების, ასეთ მძიმე დროს, ამ საზარელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწაზე შენთვის და შენი შვილებისთვის მეორე სახლი გეგულებოდეს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნინო ქათამაძის საქველმოქმედო ფონდში დავიწყე მუშაობა, ფონდის მთავარი მიზანი საომარო მოქმედებების შედეგად უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანების დასაქმებაა. ჩვენთვის, სპეციალურად შეიქმნა ტელეგრამის ჩატ ბოტი რომელშიც შესვლა სამსახურის მაძიებელ ყველა მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ სამუშაო ფორმის შევსება. ამის შემდეგ ჩვენ ვუკავშირდებით დამსაქმებლებს და ადამიანებს ვისაც სამუშაო ძალიან სჭირდება და ვცდილობთ დავაკავშიროთ ისინი.

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ბავშვების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებას და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტად შევუმსუბუქოთ ცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებული გახდნენ საკუთარი სახლი დაეტოვებინათ.


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პროექტ GOGO!-ს, Nino_Katamadze_Fund-თან თანამშრომლობით, იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. ალა მიასკოვსკაია ომის დაწყების შემდეგ ორ ვაჟთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ალა ნინო ქათამაძის საქველმოქმედო ფონდში მუშაობს და თანამემამულეებს საკუთარი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისი სამსახურის მოძებნაში, დასაქმებულების უფლებების სამართლებრივ დაცვაში და ქართულ საზოგადოებაში რესოციალიზაციის პროცესში ეხმარება.

ზევით