#UKRAINE

ზელენსკების ოჯახი: ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი სიმდიდრე

გაზიარება:

დღეს უკრაინაში ახალი ისტორია იწერება, სულ რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მსოფლიომ უკვე გაიცნო გმირი პრეზიდენტის სახელით, ევროკავშირის მოთხოვნის წევრობას ხელი მოაწერა. უკრაინელები 5 დღეა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავენ საკუთარ მიწა-წყალს, მათთვის ხომ ერთი მხრივ მირაჟად ჩანს ხორბლის აბიბინებული მდელო და ნათელი ცა, რომელსაც აუცილებლად დაიბრუნებენ, მეორე მხრივ კი გმირი პრეზიდენტის ხატება, რომელსაც წამითაც არ უფიქრია ქვეყნის დატოვება და გაქცევა, მეტიც, კიევში ამ წუთამდე იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახი.

ვოლოდიმირ ზელენსკის უკან მისი სიმდიდრე დგას - მეუღლე ელენა ზელენსკა, 17 წლის ქალიშვილი ალექსანდრა ზელენსკაია და 9 წლის ვაჟი კირილ ზელენსკი. ვოვას და ოლენას სიყვარულის ისტორია ათწლეულებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირი და ელენა ერთ სკოლაში 10 წელიწადი სწავლობდნენ, მომავალი პრეზიდენტი მომავალ ცოლს არ იცნობდა. ოლენა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ის ყოველთვის მოკრძალებული და მორცხვი გოგო იყო, რომელსაც ხმაურიანი ყრილობები და უცნობებთან საუბარი არასდროს უყვარდა.

კინოთეატრთან მორცხვი გოგოსა და ბიჭის გაცნობამ, როგორც მათი, ასევე მსოფლიოს ბედი შეცვალა. ვოვას და ოლენას შეხვედრა საბედისწერო იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარება, არავინ იცის ვინ იქნებოდა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ არა მისი მეორე ნახევარი, ქალი, რომელიც ყოველთვის ვოლოდიმირის ჩრდილში იდგა.

2019 წლამდე არა მხოლოდ სამყარომ, არამედ უკრაინელმა ერმაც ძალიან ცოტა რამ იცოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ნახევრის, ელენა ზელესკას შესახებ. მეუღლის, ვოვასგან და Studio Quarter 95-ის კოლეგებისგან განსხვავებით, ელენა იშვიათად ჩნდებოდა ბომონდის წვეულებებზე, არასდროს იძლეოდა ინტერვიუს და არ ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანებზე. „იმით ვიყავი დაკავებული, რაც მიყვარდა“ - იხსენებდა ოლენა. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული Quarter 95-ის განვითარების საქმეში, მოგვიანებით კი ელენა სტუდიის სცენარისტი გახდა.

ოლენა და ვოვა ზელენსკები ყოველთვის ცდილობდნენ შვილები ზედმეტი საჯაროებისგან დაეცვათ. მართალია მათი  უფროსი ქალიშვილი საშა უკვე მონაწილეობდა ფილმებში, ოლენა იმედოვნებდა, რომ ეს გატაცება ამაზე შორს აღარ წავიდოდა. რაც შეეხება პრეზიდენტის უმცროს შვილს - კირილს, მას ზელენსკებმა ნორმალური ბავშვობით ტკბობის საშუალება მისცეს და მაქსიმალურად მოარიდეს კამერებს.

ოლენა ზელენსკა, მეუღლის ვოლოდიმირის მსგავსად არაჩვეულებრივი მოსაუბრეა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის არ ჩანს ეკრანებზე, არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება არქივში იმისა, რომ მისი მეტყველება ლოგიკური და სტრუქტურირებულია, ოლენა ყოველთვის ყურადღებით არჩევს სიტყვებს და ზედმეტი შელამაზების გარეშე საუბრობს.

„მე არასაჯარო ადამიანი ვარ, მაგრამ ახალი რეალობა თავის წესების დაცვას მოითხოვს და ამის შესრულებას მაქსიმალურად ვცდილობ“ - ამბობდა ოლენა, მას შემდეგ, რაც ის უკრაინის პირველ ლედად მოგვევლინა. „ვერ ვიტყვი, რომ საჯაროობა ან პრესასთან ურთიერთობა ჩემთვის სტრესულია, თუმცა კულისებში დარჩენას მაინც ვამჯობინებ. ჩემი ქმარი ყოველთვის წინა პლანზეა, მე კი ჩრდილში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რა არ მიყვარს, მე ვიპოვე საჯაროობის სასარგებლო თვისებები. ერთ-ერთი მათგანი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მიმართ ადამიანების ყურადღების მიპყრობაა“ - ელენა ზელენსკა.

ვოლოდიმირი და ელენა განუყრელები არიან, არა იმიტომ, რომ მათ დიდი სიყვარულის ისტორია, ერთად გატარებული წლები და ორი მშვენიერი შვილი აკავშირებთ, არამედ იმიტომაც რომ ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის და ამ მძიმე ჟამსაც კი ელენა ზელენსკამ ზუსტად იცის, რომ მეუღლის და ქვეყნის პირველი პირის ზურგის გასამაგრებლად, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და მათთვის იმედის ჩასანერგად გმირი ქმრის უკან, ჩრდილში კიდევ ერთხელ უნდა იდგეს და უკრაინას აძლიერებდეს.

ზევით