ტრადიციებზე დაფუძნებული ბუტიკური ტიპის მეღვინეობა

გაზიარება:

საქართველოში სულ უფრო მეტ პოპულარობას ბუტიკური ტიპის მეღვინეობა იძენს, სწორედ ასეთ განეკუთვნება შალვა გვარამაძის მეღვინეობა, რომელიც მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციებზე დაფუძნებული ოჯახური საწარმოა და მას მამასთან ერთად უფროსი ვაჟი, ლევანი მართავს. შალვა გვარამაძის დიდ ბაბუას, ალექსანდრე გვარამაძეს სოფელ აზმანაში, საქართველოს ისტორიული კუთხეში - მესხეთში, საიდანაც გვარამაძეების გვარი იღებს სათავეს, საუკეთესო ვენახები ჰქონია და უნიკალური მესხური ღვინოს მწარმოებელიც გახლდათ. 

1985 წლიდან შალვა გვარამაძემ ვენახების გაშენება საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ კი კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დაიწყო. სოფელი კარდენახი ოდითგანვე ცნობილია თავისი განსაკუთრებული ნიადაგითა და კლიმატით, რაც უნიკალურ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს აქ გაშენებულ ყურძენს. დღეს, მეღვინეობას საკუთრებაში 100 ჰექტრამდე ვენახები გააჩნია, რომლებიც მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 390 მეტრზეა გაშენებული. ვენახების ნაწილი გაშენებულია ქინძმარაულის ისტორიულ მიკროზონაში, სოფელ ენისელის ტერიტორიაზე მდინარე ჩელთის სანაპიროზე, ასევე წარაფების, ახოებისა და მოწყობილის მიკროზონებში, რაც უნიკალურ თვისებებს ანიჭებს შალვა გვარამაძის მეღვინეობის ღვინოს. სოფელ კარდენახში, გვარამაძეების მამულში, მდებარეობს მეღვინეობის მარანი, სადაც 140–მდე ქვევრია.

წინაპართა ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მეღვინეობას ეხება. გვარამაძების გვარი კი ერთგულად  აგრძელებს ათასწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და საუკეთესო ხარისხის კახურ ღვინოს ამზადებს, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო არენაზე და მათ შორის ჩვენი რედაქციის, კახეთში Jazz & Wine ფესტივალის სტუმრობისას.

ზევით