#nankakikalia #მოგზაურობა

ჯაზი და ღვინო კახური

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

შემოდგომა რომ ოფიციალურად კახეთს ეკუთვნის ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. კახური შემოდგომა ოქროსფერია, ქარვისფერია და ქვევრისფერია ერთდროულად და არაფერი ისე არ უხდება ამ დიდებულ კუთხეს, როგორც შემოდგომის მზე, ქვევრის ღვინო და ჯაზი, ჰო, ჰო არ მოგესმათ, ჯაზი! ყველაფერი კი უიკენდზე, წინანდლის მამულში დატრიალდა, იტალიურმა სვინგ კვინტეტმა Rudy Valentino & Baleras ნამდვილი ჯაზ ცეცხლი დაანთო კახურ სცენაზე. კი, გვიყვარს ქართველებს მუსიკა, თან ძალიან, ღვინოც გვიყვარს, კარგი კახური, ქვევრის. კარგი მუსიკა და კარგი ღვინო კი Jazz & Wine ფესტივალზე წინანდალში საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

jazz and wine kakheti

იტალიური ჯაზ ფესტივალზე იტალიური მხოლოდ ჯაზი როდი იყო, სიცილიელმა კულინარებმა სპეციალურად ამ ფესტივალისთვის გასაოცარი კერძები მოამზადეს და ვინც დაგემოვნება მოასწრო, დამეთანხმება, ეს კერძები ნამდვილი კულინარული შედევრი იყო.

ჯაზი და ღვინო კახეთი

საღამოს გაჯაზებაზე კი ქართული, საოჯახო ღვინის კომპანიებმა იზრუნეს. არაერთი გასაოცარი ღვინო იყო წარმოდგენილი და მათ შორის თავად წინანდლის მამულის ღვინოები. წინანდალის მამულის "წინანდალი" დიდი ხანია ჩემი ფავორიტი ღვინოების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა წინანდლის მამულის მეღვინეობის კომერციული დირექტორის, კოკა არჩვაძის რეკომენდაციით Jazz & Wine 2021 - ფესტივალიდან კიდევ ერთ განსაკუთრებულ ღვინოზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელიც ასევე ჩემ ფავორიტ ღვინოდ იქცა და ეს არის Gvaramadze Winery-ის "წარაფი". 

Jazz & Wine

დღის პროგრამის გაგრძელებად ჯადოსნური მუსიკალური პროექტი “United Pianists” იქცა. ჯაზითა და ღვინით განებივრებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მოგვეცა ორ როიალზე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პიანისტის მიერ შესრულებული ჩარლი პარკერის თემები მოგვესმინა. მაღალი რანგის მუსიკოსები დენი გრისეტი (აშშ), მიხალ ტოკაი (პოლონეთი), რობერტ ტარენზი (იტალია) და პაპუნა შარიქაძე (საქართველო) პირველად წინანდალში შეხვდნენ ერთმანეთს, შესაბამისად, ეს კონცერტი ჯაზის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, უმეტესად, იმპროვიზებული იქნა.

მშვიდი შაბათი დღე არც ისე მშვიდი აღმოჩნდა წინანდალში, ჯაზმა, ღვინომ და კულინარიამ თავისი სათქმელი თქვეს, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა გვიან საღამოს ორი მუსიკოსი, რომლებმაც "პოსტკოვიდ" საზოგადოებას ნამდვილი ფეიერვერკი მოგვიწყვეს. დიახ, დიდი ხანია ასე და ამდენი არ მიცეკვია. დიჯეი "მაესტრო" ვნებით დაეშვა მუსიკალური ემოციის ორომტრიალში, თან გაიყოლა ჰოლანდიაში მოღვაწე გერმანელი საქსოფონისტი, სიუზან ალტმა და მათთან ერთად ჩვენც, ჯაზის მოყვარულები და ამ ემოციით ვიქნებით მანამ, სანამ Eastern Promotion ახალ, გასაოცარ ჯაზ ფესტივალს არ შემოგვთავაზებს.

 

ხალხის ემოციის გასაზიარებლად კი, ჩვენი ფოტოგრაფის ანა ნაყოფიას ფოტოები დაათვალიერეთ:
ზევით