THE THROUGH HER LENS კინოს ინდუსტრიაში ქალების ხმის ამაღლებაზე ზრუნავს

კანის ფესტივალზე, მსახიობ ქეით ბლანშეტს 81 ქალთან ერთად, ძალიან საჭირო და დროული სიტყვით გამოსვლა ჰქონდა. ბლანშეტის თქმით, ფესტივალის დაარსებიდან კიბეებზე სულ 82 ქალს, ხოლო 1866 მამაკაც რეჟისორს დაუდგამს ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ, კინო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობა სხვა სურათს გვანახებს. საბედნიეროდ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე უამრავი პროგრამა არსებობს. მათ შორისაა ქალი კინორეჟისორების ფორუმი - The Through Her Lens.

2015 წელს Tribeca-სა და Chanel-ის მიერ შექმნილი კონკურსი, აშშ-ში მცხოვრებ ქალ ხელოვანებს ინდუსტრიაში განვითარებასა და წარმატებაში ეხმარება. The Through Her Lens-ის საკონსულტაციო კომიტეტი უკვე წარმატებული და ცნობილი ქალი რეჟისორებისა და ხელოვანებისგან შედგება. კონსულტაციას ფესტივალში მონაწილე ახალბედა რეჟისორებს, პროდიუსერებს, სცენარისტებს სწორედ ისინი უწევენ. 

Tribeca CHANEL-ის ქალი კინორეჟისორების პროგრამა ახალ, უნიკალურ ხმებს ეძებს და მათ თვითდამკვიდრებაში ეხმარება.

მენტორები ფესტივალში მონაწილეებს თავიანთი იდეების განხორციელებაში ეხმარებიან და მათ იდეებს, ტექსტებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს ეცნობიან. 2024 წლის მრჩეველთა კომიტეტის წევრები  ჯეინ ფონდა, პატი ჯენკინსი, ლორა კარპმანი, გრეტა ლი, ალინა ვიქტორია როკველი და კერი ვაშინგტონი გახლავთ. 

ქალები კინოაუდიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა თავად ფილმის რეჟისორების, სცენარისტებისა თუ პროდიუსერების როლში ნაკლებად გვევლინებიან. ეს იმის ბრალი არ არის, რომ ქალებს ნაკლებად საინტერესო იდეები ან არასაკმარისი ნიჭი აქვთ, არამედ იმის, რომ მათ საჭირო რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. ეს პროგრამა კი ქალებსა და მათთვის სასურველ კარიერას შორის ხიდის როლს ასრულებს და დამწყებ ხელოვანებს ამ ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. 

7 ივნისს, ნიუ-იორკში Tribeca-ს თანადამფუძნებლის, Jane Rosenthal-ისა და Chanel-ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. რომელსაც, როგორც ცნობილი ქალი მსახიობები, რეჟისორები და სცენარისტები, ასევე The Through Her Lens-ის მიერ აღმოჩენილი ახალი სახეები ესწრებოდნენ. უკვე დაანონსდა, რომ  ფინალისტი კანდიდატებისთვის The Through Her Lens-ის გუნდი ტრადიციულ ვორქშოპებსა და ფორუმს, 2024 წლის სექტემბერში გამართავს. მთავარი პრიზი კი 80 000 დოლარის ოდენობისაა. მენტორები და სესიების ლიდერები ცნობილი კინორეჟისორები, მწერლები და პროდიუსერები იქნებიან, რომლებსაც კამერის წინ, თუ მის უკან, მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ.

5 ივნისს Tribeca ფილმის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის დასრულებასთანავე, 17 ივნისს, კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს The Through Her Lens-იც შეწყვეტს, ამის შემდეგ ფინალისტების გამოვლენის პროცესი დაიწყება, არჩეული ხელოვანი ქალები კი სექტემბრის ფორუმს დაესწრებიან, რომელზეც საბოლოო გამარჯვებულიც გამოვლინდება.

ზევით