სილამაზის კერპი სახელად მერი შერვაშიძე

მერი შერვაშიძე,

„მაღალი, ზღაპრულად ლამაზი პირისახის, ფრიად დახვეწილი მიხრა-მოხრა და ჟესტიკულაცია, არაჩვეულებრივი მეტყველება“ - ამ სიტყვებით ახასიათებდა XX საუკუნის ქართველ სილამაზის კერპს მერი შერვაშიძეს, ფოტოგრაფი დამანა მდივნიშვილი და ნამდვილად იყო ჭეშმარიტება მის სიტყვებში. აფხაზეთის მთავრის ქალიშვილმა, მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვრა, მერის სილამაზეზე მუდმივად დადიოდა თქმულებები, მის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც, სიმართლისა და მითების გზაგასაყარზე კი მერი შერვაშიძე იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზა, მონაკოს პრინცესას შთაგონება, თურქეთში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული და ფრანგული მოდის სახლ Chanel-ის მოდელი.

მერი 1888 წელს გენერალ-მაიორ პროკოფი შერვაშიძისა და ნინო მხეიძის ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო, როდესაც მამის სამსახურის გამო მერი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, როდესაც იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მერი პირველად უნახავს, მას განცვიფრება ვერ დაუმალავს: „რა მშვენიერებაა, ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია“, მალევე მერი იმპერატორის დედის ფრეილინა გახდა.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სხვა ქართველ არისტოკრატებთან ერთად, მერისა და მის ოჯახს საქართველოში დაბრუნება მოუწია, აქ მერი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტზე გიგუშა ერისთავზე დაქორწინდა. არსებობს თქმულება, რომ ეს ქორწილი უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა გალაკტიონ ტაბიძისთვის, რომელსაც მერი პლატონურად უყვარდა და თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურიც კი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ მერი შერვაშიძე წლების შემდეგაც უარყოფდა ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ის გალაკტიონს არც კი იცნობდა, თავად მწერალი კი არასდროს ამხელდა „მერის“ ვინაობას, ეს ისტორია მერის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

მერი შერვაშიძე,

რამდენიმე წელიწადში მერის საქართველოდანაც მოუწია გადახვეწა, 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე მერი და მისი მეგობრები ბათუმიდან კონსტანტინეპოლში, კონსტანტინეპოლიდან კი პარიზში გაემგზავრნენ. სწორედ აქ იწყება, მერის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი, თუმცა მანამ სანამ პარიზულ ამბებს მიმოვიხილავდეთ, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ამბავი, რომელიც კონსტანტინეპოლში გატარებულ დღეებს და მსოფლიო სილამაზის კონკურსს, უკავშირდება, რომლის უკონკურენტო გამარჯვებულად, სწორედ მერი შერვაშიძე მოგვევლინა.

მერი შერვაშიძე,

 საზღვრებს გარეთ ცხოვრება მერისთვის და მისი ოჯახისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, შერვაშიძეები და გიგუშა ერისთავი ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდნენ და თავის გასატანად სამშობლოდან წაღებული ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდათ. მაშინ, როდესაც ქართველი ოჯახი ემიგრაციაში უიმედოდ დარჩა, საბედისწერო შეხვედრა ელისეის კაფეში გაიმართა - მერი შერვაშიძე, იმპერატორის ბიძაშვილს პრინც დიმიტრი პავლოვს შეხვდა, რომელმაც მერის დახმარება შესთავაზა და მეგობართან გაგზავნა. დიმიტრის მეგობარი არც მეტი არც ნაკლები გაბრიელა შანელი აღმოჩნდა, რომელიც სწორედ იმ პერიოდში მოდური რევოლუციით იყო დაკავებული. საკულტო დიზაინერი მერის ნახვისთანავე მოხიბლულა მისი ინდივიდუალიზმით, ელეგანტურობითა და სილამაზის ხაზგასმის მისეული ხერხებით. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ სამოდელო საქმიანობა სულაც არ ითვლებოდა სახარბიელო საქმედ, მერი შერვაშიძე შემოთავაზებას დასთანხმდა და Chanel-ის მანეკენად დაიწყო მუშაობა.

მერი შერვაშიძე,

1947 წელს, გიგუშა ერისთავი პარიზში მოულოდნელად გარდაიცვალა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მერიმ გიგუშას გარდაცვალების შემდეგ კიდევ ათწლეულები იცოცხლა და თაყვანისმცემელთა რაოდენობასაც არასდროს უჩიოდა, ის აღარასოდეს დაქორწინებულა.

ნელ-ნელა მერი შერვაშიძეს ოჯახის სხვა წევრებიც შემოაკლდნენ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მერი პარიზის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვორბდა, იქ სილამაზის კერპი რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა მოინახულა და თავის დოკუმენტურ ფილმშიც გადაიღო.

მერი შერვაშიძე 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, მის მაყვლისფერ თვალებს ელვარება არასდროს დაუკარგავთ.

ზევით