#მოდა #Signature Look

Signature Look - ემილი ბლანტი

გაზიარება:

Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ტრადიციული რუბრიკაა, რომელშიც გამორჩეული ქართველი ინფლუენსერების მიერ შექმნილ Look-ებს მიმოვიხილავთ. დაჯილდოებებისა და წითელი ხალიჩების კიაფის სეზონზე, გადავწყვიტეთ, ჩვენი ფორმატისთვის მცირედით გადაგვეხვია და არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი ვარსკვლავების Signature Look-იც შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

ემილი ბლანტი

ატომური ბომბის შექმნის ორიგინალური ისტორიის Oppenheimer-ის გარშემო ინტერესი დღემდე არ წყდება. კრისტოფერ ნოლანის უახლესმა ეკრანიზაციამ, დაჯილდოებების სეზონი წარმატებულად გახსნა. ცხადია, ფილმის სამსახიობო შემადგენლობა მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია, თუმცა კიტი ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა ემილი ბლანტმა, Critics Choice Awards 2024-ზე გამოჩენისას Signature Look-ით მთელი ყურადღების მითვისება მოახერხა.

ემილი ბლანტი

მსახიობი წითელ ხალიჩაზე Giorgio Armani Privé-ს წითელი კაბით გამოჩნდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ წითელ ხალიჩაზე, წითელი ფერის კაბით გამოჩენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. საშიშროება არსებობს, რომ ფერი ფერს მარტივად ჩაყლაპავს. ემილი ბლანტმა და მისმა შეუდარებელმა წითელმა სილუეტმა კი ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. „ჩვენი მიზანი ძველი ჰოლივუდის გლამურის თანამედროვე ელფერით გაცოცხლება იყო“, - ამბობს ემილის სტილისტი ჯესიკა პასტერი. 

ემილი ბლანტი

Critics Choice Awards 2024-ზე ემილი ბლანტის მაგნეტიზმის წყარო, უდავოდ, მისი პიროვნული მახასიათებლები, თვალისმომჭრელი სილუეტი და სტილისტთა შეკრული გუნდია, რომლებიც ამ Signature Look-ის შესაქმნელად ერთიანი ძალებით მუშაობდნენ. „ჩვენ ყველანი ერთმანეთთან შეთანხმებულნი ვართ“, - ამბობს პასტერი, კრეატიულ ტრიუმვირატში მყოფი სტილისტი, რომელიც მეიქაფ არტისტთან ჯენ სტრაიხერთან და თმის სტილისტთან ლაინი რივზთან ერთად მუშაობს.

ემილი ბლანტი

ემილი ბლანტისა და მაკიაჟის არტისტის ჯენ სტრაიხერის გზები 2007 წელს გადაიყარა. მაშინ, ემილი The Devil Wears Prada-სთვის, დაჯილდოებების ცერემონიების ციებ-ცხელებაში, ჯენი კი ბლანტის იმდროინდელ შეყვარებულთან (და ამჟამინდელ ქმართან) ჯონ კრასინსკისთან მუშაობდა. მსახიობი მეიქაფ არტისტს, SAG Awards-ის მოსამზადებელ ფაზაში დაუკავშირდა და აგერ უკვე 17 წელია, მათი გზები ყოველ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ტრადიციულად იკვეთება. 

ემილი ბლანტი

ემილი ბლანტის ბიუთი ლუქის შესაქმნელად, ჯენს წინასწარ ჰქონდა წარმოდგენილი სრული ლუქი და კაბასთან და აქსესუარებთან კოორდინაციაში, Look-ის სრულყოფა მოახერხა. ჯანსაღი, მზის კოცნისებრი ბზინვარებით ღაწვებზე, თვალის მსუბუქი, ვარდისფერი მაკიაჟითა და ტუჩებზე Chanel-ის საკულტო Rouge Privé-თი, ემილი ბლანტის მაკიაჟი, ჰარმონიულად შეერწყა მის სადა ვარცხნილობას და საშუალება მისცა წითელ სილუეტს ნათლად გაებრწყინა.

ზევით