შენი მიზნები და ვიზუალიზაცია

ფსიქოლოგის რჩევები

შენ რეალურად ფლობ უშრეტ გონებრივ შესაძლებლობას, რომელიც ნებისმიერ დროს შენს განკარგულებაშია და მისი გამოყენება მაშინ შეგიძლია, როცა მოგესურვება. ეს შენი „ზეცნობიერია“ („ზე-მე“), რომელიც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში დაგროვებულ უდიდეს ინფორმაციას და ევოლუციურ მეხსიერებას ინახავს და შენ მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია. თუმცა ბევრ ადამიანს ამ უნარის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვს, ამიტომ ხშირად ოცნება, მიზნების დასახვა, მათი ასრულება ან ვიზუალიზაციის უნარი სხვა ადამიანის გონების განსაკუთრებული შესაძლებლობა გონია.

„წარმოსახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“, ალბერტ აინშტაინი

შენი უნარ-ჩვევებიდან ვიზუალიზაცია ალბათ ყველაზე ძლიერია. შენს ცხოვრებაში ნებისმიერი ტიპის დადებითი დინამიკა, ანუ წინსვლა გონებაში წარმოდგენილი სურათით იწყება. სწორედ დღეს ვინც ხარ და სადაც ხარ შენს გონებაში აწმყოში დაფქისირებული სურათების და რწმენა-წარმოდგენების დამსახურებაა. როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენს რეალობაში რაღაც ისე ვერ ხდება როგორც გვინდა და ცუდად ვართ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენს გონებაში რაღაც არასწორი პროცესები მიმდინარეობს,  ამიტომ  მოზღვავებული არასწორი ფიქრების და სურათების შეცვლით შეგვიძლია ცხოვრებაც შესაბამისად სხვა მიმართულებით შეცვალოთ. დაიწყე ამის კეთება არა ხვალ, არა ორშაბათს,  არამედ დღეს , ახლა, ამ წუთს. აიღე ზამბარიანი რვეული და ათი-თორმეტი მიზანი ჩამოწერე, რომელთა მიღწევაც უახლოეს მომავალში გინდა, ყოველ ღამე დაძინებამდე წარმოიდგინე, როგორი ცხოვრება გექნება, როდესაც შენს მიზნებს მიაღწევ და ვინ იქნები იმ მომენტში. ალბერტ აინშტაინმა თქვა: „წარმოსახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“. ნაპოლეონ ბონაპარტმა განაცხადა, რომ „ფანტაზია მსოფლიოს მართავს“. ნაპოლეონ ჰილმა კი დაამატა: „შენს გონებას რისი წარმოდგენა და დაჯერებაც შუძლია, ამას მიაღწევს კიდეც“.

„გაუფრთხილდი შენს  ხედვასა და ოცნებებს, ვინაიდან ისინი შენმა სულმა შობა და შენი მიღწევებისთვის აუცილებელი გენერალური გეგმის საფუძველია“, ნაპოლეონ ჰილი

არსებობს ვიზუალიზაციის ოთხი ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ პრაქტიკაში გამოიყენოთ და თქვენს ყოველდღიურ სავარჯიშოდ აქციოთ.

1. ვიზუალიზაციის პირველი ასპექტი სიხშირეა, ანუ რამდენჯერ უნდა წარმოიდგინო, რომ მიზანს მიაღწიე ან რომელიმე კონკრეტული შემთხვევის დროს შესანიშნავად იმოქმედე. რაც უფრო ხშირად წარმოიდგენ გონებაში საუკეთესო შესრულების და მიღწეული შედეგის ფოკუსირებულ სურათს, მით უფრო მალე აქცევს შენი ქვეცნობიერი მას რეალობად.

2. ვიზუალიზაციის მეორე ელემენტი წარმოდგენილი სურათის ხანგრძლივობაა, ანუ რამდენ ხანს შეგიძლია ამ სურათის გონებაში გაჩერება და შეჩერება.

3. ვიზუალიზაციის მესამე ასპექტი სიცხადეა, რამდენად ნათლად წარმოიდგენ შენს მიზანს და შემდეგ უკვე შედეგს. თავიდან მიზანი ბუნდოვანია, ამიტომ რაც უფრო ხშირად დაწერ, გადაწერ და დააკონკრეტებ მიზანს უფრო ცხადი და ნათელი გახდება, საბოლოოდ კი ისე სრულყოფილად ჩამოყალიბდება, რომ მოულოდნელად სწორედ ასეთად გამოჩნდება შენს რეალობაში, როგორიც წარმოგედგინა.

4. ვიზუალიზაციის ბოლო ასპექტი ინტენსიურობაა. ანუ რამდენად ინტენსიური სიძლიერის ემოციით აღიქვამ კონკრეტულ სურათს. ეს ვიზუალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

შენი ამოცანაა, მანძილი იმ ადგილს, სადაც ახლა ხარ და შენს მიზნებს შორის, რომელთა მიღწევაც გაქვს ჩაფიქრებული, შეამცირო! და ბოლოს გახსოვდეს, ვინც გინდა რომ იყო შენ ის უკვე ხარ! 

ნათია ფარქოსაძე, ფსიქოკონსულტანტი

ზევით