#მოდა #სპორტი

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის ჩანთა LOUIS VUITTON-მა დაამზადა

გაზიარება:

Rugby World Cup France 2023-ის დრამატული ფინალი ახალი ზელანდია vs სამხრეთ აფრიკა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა წლევანდელი თასი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოედანზე, Louis Vuitton-ის ჩანთით სოფი ტერნერმა და დენ კარტერმა წარადგინეს. მასპინძელ ქვეყანასთან, საფრანგეთთან თანამშრომლობით, Louis Vuitton-ის მოდის სახლმა Webb Ellis Cup-ისთვის უნიკალური ჩანთა დაამზადა, რაც ბრენდისა და რაგბის სამყაროს შორის 2015 წელს დაწყებული ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენდა.

Louis Vuitton-მა პირველად, რაგბის მსოფლიო თასის ჩანთა 2015 წელს დაამზადა, თუმცა პირველი მოკრძალებული ვერსიისგან განსხვავებით, წლევანდელი ვერსია მეტად კომპლექსური და მულტიფუნქციური გახლდათ. პარიზის შემოგარენში, Louis Vuitton-ის ისტორიულ სახელოსნოებში, ჩანთის დამზადება მოდის სახლის ოსტატებს დაევალათ. რამდენიმე თვიანი შრომის შედეგად კი მივიღეთ, ჩანთა, რომლის კორპუსის ექსტერიერსაც ბრენდის მყისიერად ცნობადი მონოგრამი ამშვენებდა. ჩანთის წინა პანელები მოხატული იყო ლურჯი, წითელი და თეთრი ასო V-ით, რომელიც ერთდროულად გამარჯვებისა და მოდის სახლის აღმნიშვნელი იყო  (victory და Vuitton).

რაგბის სპორტული მემკვიდრეობის ხაზგასასმელად, ჩანთა გვერდზე რომაული ციფრი XV ამშვენებს, რომელიც რაგბის კავშირის 15 მოთამაშეს წარმოადგენს.

რაგბის სიმბოლიკის პარალელურად, დიზაინი ერთგული დარჩა მოდის სახლის მარადიული ესთეტიკის და წარმოადგინა ოქროსფერი ჩამკეტები და სამაგრები, რომელიც Louis Vuitton-ის ჩანთის ხელწერად 1860-იანი წლებიდან მიიჩნევა.

„Rugby World Cup France 2023 მსოფლიოს აჩვენებს ყველაფერს, რასაც მას საფრანგეთი სთავაზობს. ეს ოფიციალური სამოგზაურო ქეისი არის Louis Vuitton-ის უნიკალური ცოდნისა და ოსტატობის შედეგი. ჩვენთვის პატივია, რომ სწორედ ამ ჩანთაში მოთავსდება Webb Ellis Cup 2023 წლის ტურნირის დასრულებამდე“, - განაცხადა კლოდ აჩერმა.

Louis Vuitton აკეთებს იმას, რასაც Louis Vuitton-ს საუკეთესოდ გამოსდის და ამაში, 28 ოქტომბერს გრანდ ფინალზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ზევით