#ცნობილები

„რაც ყველასგან განგასხვავებს, ის არის შენი ძალა“ - მერილ სტრიპის უცნობი ისტორია

გაზიარება:

სამი ოსკარი, ცხრა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია, ბაფტას ჯილდო და ნომინაცია გრემიზე - ეს თანამედროვეობის ყველაზე ბრწყინვალე მსახიობის, გარდასახვის ოსტატის, საოცრად ნიჭიერი და გავლენიანი ქალის მერილ სტრიპის მიღწევათა ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მისი კარიერული ცხოვრების მწვერვალადაა მიჩნეული.

კინოს ცოცხალი ლეგენდა სახელად მერილ სტრიპი დღემდე რჩება იმ შთამაგონებელ ფიგურად, რომელსაც დამწყები თუ შემდგარი მსახიობები აღმერთებენ, ჰბაძავენ და ცდილობენ მისი სამსახიობო ოსტატობის დეტალები შეისწავლონ. თუმცა მერილს სტრიპი ბევრად მეტია, ის არა მხოლოდ ლეგენდარული მსახიობი, არამედ კლიმატის ცვლილების აქტივისტი, ქველმოქმედი, ერთგული მეგობარი და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მფლობელიც კია.

ნამდვილი სახელი

1949 წლის 22 ივნისს დაბადებულ გოგონას დედისა და ბებიის მსგავსად მერი დაარქვეს, მეორე სახელად კი ლუისი შეურჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სახელი ოჯახური ტრადიციის მნიშვნელობის მატარებელი იყო, მამამისმა მისი ოდნავ შეცვლა გადაწყვიტა და ქალიშვილს მოფერებით მერილს ეძახდა, როგორც მსახიობი წლების შემდეგ აღნიშნავდა, ის ყოველთვის მერილთან იყო ასოცირებული, შემდეგში კი დიდ კინოინდუსტრიას, სწორედ მერილ სტრიპის სახელით შეუერთდა.

დაკარგული ცხოვრების სიყვარული

მერილ სტრიპისა და დონ გამერის სიყვარულის ისტორია ათწლეულებს ითვლის, მერილი და დონი ერთ-ერთ სამაგალითო წყვილად მიიჩნევიან, რომელთა სიყვარულმაც 1978 წლიდან მოყოლებული არა ერთ გამოცდას გაუძლო და დღემდე ბრწყინვალედ ითვლება. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის მერილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის შესახებ, რომელიც მსახიობის ცხოვრებაში დონის გამოჩენამდე არსებობდა.

1976 წელს მერილმა, ფილმ Measure for Measure-ის ქასთინგზე მსახიობი ჯონ კაზალე გაიცნო, მათ შორის სიმპათიები მალევე გაჩნდა და ფლირტიც მალევე გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში. საუბედუროდ, ჯონს ერთი წლის შემდეგ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის 1978 წელს გარდაიცვალა. მერილმა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია მისი სხეულის ნაწილი გახდა.

დაპატენტებული სახელი

როდესაც საკულტო ფიგურა ხდები, დიდია იმის ალბათობა, რომ შენი სახელის გამოყენება მავანმა უნებართვოდ დაიწყოს, სწორედ ამ რეალობის წინაშე აღმოჩენილმა მერილმა საკუთარი სახელი დააპატენტა და აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში შეიტანა მოთხოვნა, რომ თავისი სახელის გამოყენების უფლება მხოლოდ მას ჰქონოდა.

კლიმატის ცვლილების აქტივისტი

2009 წელს, 18 განსხვავებული სამეცნიერო ასოციაცია მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დედამიწა გლობალური დათბობის საშიშროების წინაშე იდგა და ამ ყველაფრის შეცვლის უნარი, მხოლოდ ადამიანებს შესწევდათ. თუმცა, ამ მოვლენამდე ათწლეულებით ადრე, მერილ სტრიპი შეშფოთებული იყო კლიმატის ცვლილების ფაქტებით და მომავლის შესაცვლელად აქტიურად იბრძოდა.

ახლა, როდესაც დედა ვარ, მაგიჟებს ის ფაქტი, თუ როგორ მომავალს ვქმნით. ბევრს ვკითხულობ გლობალური დათბობის შესახებ და ეს სისულელე სულაც არ არის - განაცხადა მსახიობმა 1988 წლის ინტერვიუში.

ჯანსაღი ურთიერთობა ასაკთან

მერილ სტრიპის სიდიადეში ის ფაქტები გვარწმუნებენ, რომელშიც მსახიობი არა ერთი, არამედ მთელი ორი ნაბიჯით წინ იყო მთელ მსოფლიოზე. ახლა, როდესაც ცნობილი ადამიანები ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ასაკის მატებასთან ერთად მიიღოს საკუთარი თავი, მერილ სტრიპმა ყოველივე საკუთარ თავზე უკვე გამოცადა.

მერილ სტრიპს არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის, არც სილამაზისთვის გაუღია მსხვერპლი, პირიქით, ამაყია საკუთარი თავით და ასაკით, რომლის შესაბამისადაც გამოიყურება და ჰოლივუდის არაჯანსაღ დამოკიდებულებებზე ხშირად საუბრობს.

ზევით