საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი იწყება!

დიდი გასტრონომიული თავგადასავლისთვის მოემზადეთ, რადგან საქართველოში 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, პირველი საერთაშორიო გასტრონომიული ფესტივალი მოეწყობა.

პროექტის მიზანია Gastro Week-ის სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით. 

კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ.

28 სექტემბერს Tbilisi Gastro Week წინანდალში, Radisson Collection Hotel Tsinandali Estate-ში, გეპატიჟებათ. ვახშამს მსოფლიოში ცნობილი შეფები ‒ ჯანაინა რუედა და ჟოაო ოლივიერა ირაკლი ასათიანთან, Silk Hospitality-ს აღმასრულებელ შეფთან ერთად წარმოგიდგენენ.

29 სექტემბერი რესტორან Republic-ში გიმასპინძლებთ ვახშამს შეფი მაურიციო ზილო და შეფი ერეკლე ღონღაძე წარმოგიდგენენ. მაურიციო ზილო 1 მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია. ის ამჟამად პალერმოში მოღვაწეობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანს, Gagini Palermo Restaurant-ს, უძღვება.

30 სექტემბერს უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ვახშმით Axis Towers-ის რესტორან 'Falestra'-ში გიმასპინძლებთ, რომელსაც უკრაინელი შეფი ვოლოდიმირ იაროსლავსკი ცნობილ ქართველ შეფთან, მიშა ავსაჯანიშვილთან, ერთად წარმოგიდგენთ. საქველმოქმედო ვახშმის მასპინძელი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი ევგენია კულება იქნება, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინული Misto-Sad-ის ფონდში.

1-ელ ოქტომბერს Tbilisi Gastro Week ღია სივრცეში სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო ივენთზე გეპატიჟებათ, სადაც მოწვეული და ადგილობრივი შეფები საავტორო კერძებს შექმნიან და წარმოგიდგენენ პრეზენტაციას საკუთარი გასტრონომიული ხედვის შესახებ. სულ 16 შეფი იქნება ‒ ჟოაო ოლივეირა (პორტუგალია), მაურიციო ზილო (ბრაზილია), ჯანაინა რუედა (ბრაზილია), მაკსუტ ასკარი (თურქეთი), ვოლოდიმირ იაროსლავსკი (უკრაინა), ჰრვოიე კროფლინი (ხორვატია), თეკუნა გაჩეჩილაძე, გურამ ბაღდოშვილი, ლევან კობიაშვილი, მიშა ავსაჯანიშვილი, ქეთი ბაქრაძე, გიორგი იოსავა, ირაკლი ასათიანი, რამაზ გემიაშვილი, თამთა კიკალეიშვილი და დავით ნარი.

2 ოქტომბერს, Tbilisi Gastro Week-ის ბოლო დღეს, ვახშამზე გეპატიჟებათ, რომელიც ულამაზესი Littera-ს სივრცეში გაიმართება. ვახშამს ცნობილი ქართველი კულინარი, თეკუნა გაჩეჩილაძე ხორვატიელ შეფთან, ჰრვოიე კროფლინთან, ერთად წარმოგიდგენთ. კერძებს სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.

Tbilisi Gastro Week იმართება SOLO-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.

ზევით