| ანნა მათიაშვილი |
სექტემბერი მოდის ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებული თვეა. შემოდგომა კარს დიდ ქალაქებში გამართული მოდის ჩვენებებით მოგვადგა - მილანი, ლონდონი და ნიუ-იორკი მაღალი მოდის ახალ კოლექციებს მასპინძლობს. ისინი არა მარტო ჩვენი, არამედ სელებრითების ყურადღების ცენტრშიც მოხვდნენ. მილანის მოდის კვირეულის ჰაილაითებს უკვე გაეცნობოდით, ამჯერად კი დამსწრეთა გამორჩეულ ლუქებზე გიამბობთ.
სიმონ ეშლი
"ბრიჯერტონის" მსახიობი მიუჩა პრადასა და რაფ სიმონსის ჩვენებაზე პრადას ვინტაჟური კაბით გამოჩნდა. კაბა 2011 წლის კოლექციის ნაწილია, რომელიც ჯაზის ეპოქით იყო ინსპირირებული. 29 წლის სიმონ ეშლის ლუქში ერთადერთი ვინტაჟური ელემენტი მისი კაბა არ გახლავთ - პრადას შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები, რომლებიც 14 წლის წინანდელი კოლექციიდანაა, მოდის სახლმა წლევანდელ ჩვენებაზე თავიდან გააცოცხლა.
ჯეიკობ ელორდი
"Saltburn"-ისა და "Euphoria"-ს მსახიობი ჯეიკობ ელორდი მილანში 21 სექტემბერს გამოჩნდა. 27 წლის ავსტრალიელი ვარსკვლავი იტალიური მოდის სახლის ბოტეგა ვენეტას ჩვენებას ესწრებოდა.
დაკოტა ჯონსონი
ტყავის ქურთუკების სეზონი დაბრუნდა. შავი ტყავის ქურთუკი ის Statement Piece-ია, რომელიც ნებისმიერ საშემოდგომო ლუქს დაამშვენებს. მილანის მოდის კვირეულის წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი დაკოტა ჯონსონი სწორედ ამას ამტკიცებს. მსახიობმა ყვავილებით გაწყობილ ღია ვარდისფერ კაბას შავი ტყავის ქურთუკი იდეალურად შეუხამა.
ნორმანი
ამერიკელი მომღერალი და Dancing with the Stars-ის ვარსკვლავი მილანის მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექციის ჩვენებას დაესწრო. იტალიის ქალაქში ნორმანი ელეგანტური ყავისფერი გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა, რომელსაც მთელს სიგრძეზე მარგალიტის მძივი გასდევდა.
ნარა და ლაქი ბლუ სმიტები
ულამაზესი წყვილი, რომელმაც ტიკ-ტოკი დაიპყრო, ამჯერად გულშემატკივრების წინაშე მოდის დედაქალაქიდან წარსდგა. 3 შვილის მშობლები 20 სექტემბერს გუჩის შოუზე გამოჩნდნენ, სადაც პოდიუმზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გამოვიდა. ნარას სადა ლუქი ბეჟ და ყავისფერ ფერებში იყო გაწყობილი, ხოლო 26 წლის მოდელს გამჭვირვალე იისფერი ზედა და კლასიკური შარვალი ემოსა.
ჯულია გარნერი
ჯულია გარნერის All-Red ლუქი მილანის მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოების მფლობელი ამერიკელი მსახიობი გუჩის წითელ ხალიჩაზე წითელი ტყავის შორტით, გამჭვირვალე პერანგითა და პალტოთი გამოცხადდა.
ქერი მალიგანი და მაია ჰოუკი
მოდის ჩვენების მაყურებლებს შორის კამერებმა ამერიკელი მსახიობი ქერი მალიგანი და Stranger Things-ის ვარსკვლავი მაია ჰოუკი გვერდიგვერდ დააფიქსირეს. უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილი პრადას ჩვენებაზე სადა All-Black ლუქით გამოჩნდა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს მბრწყინავი ძვირფასი ქვები ანიჭებდა.
დეიზი ედგარ ჯონსი
"Normal People"-ის ვარსკვლავისგან დახვეწილი და ელეგანტური ლუქები უკვე აღარ გვიკვირს. ამჯერად გუჩის ჩვენებაზე მისულ დეიზი ედგარ ჯონსს თეთრი ნაქსოვი სამეული ეცვა, რომელიც ყვავილების დეტალებით იყო გაფორმებული. სამოსი მეტად მიმზიდველი მიმდინარე სეზონის მთავარი ტრენდის - ზამშის ყავისფერი ჩანთისა და ფეხსაცმელების მეშვეობით გახდა.