ოქტომბრის მთავარი პრემიერები: ახალი ფილმები და სერიალები

ოქტომბერში სტენლი ტუჩი „მონა ლიზას“ მოპარვას გეგმავს, ადამ ბროდი კი შეყვარებული რაბინის როლს უბრუნდება. თვის პრემიერებს შორისაა ჯეინ ოსტინის ახალი ეკრანიზაცია, სტივენ კინგის „კერი“, პოლიტიკური თრილერები და იმდენი ჩახლართული ურთიერთობა, რომ ოქტომბრის ღამეები ჩვეულ ოქტომბრის ღამეებს აღარ ჰგავს.

VERITY

დაკოტა ჯონსონის გმირი კროუფორდების სახლში მხოლოდ ერთი მიზნით მიდის: ცნობილი ავტორის დაუსრულებელი წიგნები უნდა დაასრულოს. თუმცა სამუშაო მალე სახიფათო გამოძიებად იქცევა, როცა ლოუენი ვერიტის საიდუმლო ხელნაწერს პოულობს. შემაშფოთებელი ჩანაწერების შემდეგ უკვე ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება მხატვრული გამონაგონი და სად იწყება კროუფორდების ოჯახის რეალური ამბავი. ვერიტის ენ ჰეთეუეი განასახიერებს, მის მეუღლეს კი ჯოშ ჰარტნეტი.

CARRIE

მაიკ ფლენეგანმა სტივენ კინგის „კერი“ რვა ეპიზოდიან სერიალად აქცია და ცნობილი ამბავი სოციალური მედიის ეპოქაში გადაიტანა. სამერ ჰ. ჰაუელის კერი დედასთან გარესამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობს, მამის გარდაცვალების შემდეგ კი სკოლაში პირველად მიდის. თანაკლასელების დაცინვა მალევე ინტერნეტშიც ვრცელდება, ამ დროს კი კერი აღმოაჩენს, რომ ტელეკინეზის უნარი აქვს. მის მკაცრ და რელიგიურ დედას სამანტა სლოიანი განასახიერებს.

BIG GIRLS DON’T CRY

ფილმის მოქმედება 2006 წლის ზაფხულში, ახალი ზელანდიის სოფელში ვითარდება. 14 წლის სიდი ცდილობს, უფროს გოგონებს დაუახლოვდეს და მათი ჯგუფის წევრი გახდეს. ამ ურთიერთობებში ის პირველ გატაცებებს, მეგობრობის სირთულეებსა და სოციალური მდგომარეობით გამოწვეულ განსხვავებებს აწყდება.

FALLING

კეი ჯეი აპას პერსონაჟს იზაბელ მეის პერსონაჟი უყვარდება, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ მისი საუკეთესო მეგობარიც მასზეა შეყვარებული. რომანტიკული კომედია სასიყვარულო სამკუთხედის ფონზე მეგობრობასა და ერთგულებას გამოცდის.

ANIMALS

ბენ აფლეკი ლოს-ანჯელესის მერობის კანდიდატს განასახიერებს, კერი ვაშინგტონი კი მის მეუღლეს. მათი შვილის გატაცების შემდეგ წყვილმა გამოსასყიდი უნდა მოაგროვოს, თუმცა ფულის ძიებასთან ერთად ერთმანეთისგან დამალული საიდუმლოებებიც მჟღავნდება. აფლეკი ფილმის რეჟისორი და სცენარის ერთ-ერთი ავტორიცაა.

THE SOCIAL RECKONING

ბენ აფლეკის პერსონაჟი ლოს-ანჯელესის მერობისთვის იბრძვის, როდესაც მის შვილს იტაცებენ. გამოსასყიდის მოსაგროვებლად მას და მის მეუღლეს წარსულში დამალულ საიდუმლოებებთან გახსენება უწევთ. მათ გამჟღავნებას კი შესაძლოა ოჯახიც შეეწიროს და პოლიტიკური მომავალიც. მთავარ როლებს ბენ აფლეკი და კერი ვაშინგტონი ასრულებენ. აფლეკი ფილმის რეჟისორი და სცენარის ერთ-ერთი ავტორიცაა.

LOVE OF YOUR LIFE

მაია და ჩარლი ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან, თუმცა ეს ნაცნობობა ორივეს ცხოვრებას ცვლის. რეიჩელ მორისონის რომანტიკულ დრამაში მარგარეტ ქუოლი და გაბრიელ ბასო წყვილს განასახიერებენ, რომელსაც სიყვარულთან ერთად დანაკარგის მიღება და ცხოვრების ხელახლა დაწყება უწევს.

VISIONQUEST

ამჯერად ეგზისტენციალურ კრიზისს ადამიანი კი არა, ანდროიდი გადის. ვიჟენი მათ ემალება, ვისაც მისი იარაღად გამოყენება სურს და ცდილობს გაარკვიოს, სინამდვილეში ვინ არის. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკაზე მეტად ახლო მომავლის სცენარს ჰგავს, არა?

SENSE AND SENSIBILITY

ჯეინ ოსტინის რომანის კიდევ ერთი ეკრანიზაცია. რით განსხვავდება ის წინამორბედებისგან? ჯორჯია ოუკლის ფილმში მთავარი აქცენტი ელინორისა და მარიანის ურთიერთობაზეა. უფროსი და თავშეკავებული და წინდახედულია, უმცროსი კი ემოციებს დაუფარავად გამოხატავს და ხშირად იმპულსურად მოქმედებს. ამჯერად მათი განსხვავებული ხასიათი დაპირისპირების მიზეზი კი არა, ერთმანეთის უკეთ გაგების შესაძლებლობა ხდება. ფილმის მთავარი ამბავი მხოლოდ სიყვარულის პოვნა არ არის. ის ორი დის ურთიერთობაზეა, რომლებიც ცხოვრების რთულ პერიოდში ერთმანეთის გვერდით დგომას სწავლობენ. ელინორს დეიზი ედგარ-ჯონსი განასახიერებს, მარიანს კი ესმე კრიდ-მაილსი.

SACRIFICE

ბერძნულ კუნძულზე გამართული საქველმოქმედო საღამო იდეალური უნდა ყოფილიყო, სანამ რადიკალური ჯგუფი სტუმრებს მძევლად აიყვანდა. ანია ტეილორ-ჯოი ჯგუფის ლიდერს განასახიერებს, კრის ევანსი კი კინოვარსკვლავს, რომელიც პოპულარობის მიუხედავად საკუთარ ცხოვრებაში აზრს ვეღარ პოულობს. მდიდრული წვეულება მალე ბრძოლად იქცევა, სადაც სტუმრების ერთადერთი საზრუნავი გადარჩენაა.

MASTERPLAN

სტენლი ტუჩის პერსონაჟი „მონა ლიზას“ მოპარვას გეგმავს და საქმისთვის კიბერდანაშაულის სპეციალისტსა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტს იწვევს. მხოლოდ ამის შემდეგ უმხელს, რომ ისინი და-ძმა არიან, თავად კი მათი წლების წინ გაუჩინარებული მამაა. წარმატება ვუსურვოთ. როგორც ჩანს, „მონა ლიზას“ მოპარვა ამ გეგმის ყველაზე მარტივი ნაწილია.

THE TERMINAL LIST: SEASON 2

ჯეკ კარის წიგნების სერიიდან ამჯერად True Believer გააცოცხლეს. ახალ სეზონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჯეიმს რისს საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების შეჩერებას ავალებს და სანაცვლოდ მისთვის წაყენებული ბრალდებების მოხსნას ჰპირდება. მოვლენები მოსკოვიდან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვირჯინიის შტაბ-ბინამდე ვითარდება.ვითარდება, დავალება კი რისის ოჯახის წარსულს უკავშირდება. მთავარ როლს კვლავ კრის პრატი ასრულებს.

NOBODY WANTS THIS: SEASON 3

ჯოანი და ნოა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან და ერთად იწყებენ ცხოვრებას. ამ გადაწყვეტილებას ახალი პრობლემებიც მოჰყვება. მათ კვლავ უწევთ რელიგიურ განსხვავებებთან, ოჯახების ჩარევასა და ახლობლების მოსაზრებებთან გამკლავება. მთავარ როლებს კრისტენ ბელი და ადამ ბროდი ასრულებენ. მესამე სეზონი Netflix-ზე 22 ოქტომბერს გამოვა.

KLARA AND THE SUN

ჯენა ორტეგა ამჯერად კლარას განასახიერებს, მზის ენერგიაზე მომუშავე ანდროიდს, რომელიც მაღაზიის ვიტრინიდან ელოდება თავის მომავალ მეგობარს. მას ავადმყოფი მოზარდი, ჯოზი ირჩევს. გოგონას მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლარა დარწმუნებულია, რომ მისი დახმარება მზეს შეუძლია. ტაიკა ვაიტიტის ფილმი კაზუო იშიგუროს ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.

ზევით