#მოდა

MBFW თბილისი - დღე III

გაზიარება:

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის, რიგით მესამე დღის ჩვენებებს, წინ დამწყები დიზაინერებისთვის ტრამპლინად წოდებული Benext უძღვოდა. მოდისა და ხელოვნების სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების წინაშე, ახალგაზრდა და საოცრად პერსპექტიულმა დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები წარადგინეს, მათი შექმნის ინსპირაციაზე ისაუბრეს და კოლექციის კონცეფციაც მიმოიხილეს.

სწორედ Benext-ის მონაწილეების მრავალმხრივი აზროვნება და შემოქმედითი უნარი იქცა წლევანდელი მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ჩატარების ერთ-ერთ მოტივაციად.

Benext-ის კონკურსი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ჩაბნელებული ჩვენების დარბაზი ტატუნა ნიკოლაიშვილის ბრენდის TATUNA-ს შემოქმედებამ რომ მოიცვა. TATUNA-სთვის 2023/24 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მთლიანად მდგრადი მოდის იდეით იყო მოცული. ინსტალაციით წარმოდგენილი კოლექცია მთლიანად გადამუშავებული ან გამოუყენებელი მასალისგან იყო შექმნილი, ეკო-მეგობრული კოლექციის თითოეული სილუეტი ნათელი მტკიცებულება გახლდათ იმისა, რომ მოდას და მის შემოქმედებს რეალურად აქვთ შესაძლებლობა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ როგორც საკუთარ საქმეს, აგრეთვე გარემოს.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე გამოჩენიდან 15 წლის შემდეგ, აკა ნანიტაშვილი და მისი მოდის სახლი AKA NANITA, მოდის კვირეულის მუდმივი წარმდგენები არიან. წელს, ბრენდის იდენტობა და მისი ვიზუალიზაცია სამოსში 2023/24 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. Pink Obssesion-ის, დახვეწილი სილუეტებისა და კლასიკური ესთეტიკის ფონზე, AKA NANITA-ს მბზინავი ინიციალები კოლექციის მთავარი აქცენტი გახლდათ.

MBFW თბილისის III დღეს, კვირეულზე უზბეკი დიზაინერის დილდორა კასიმოვას დებიუტი გაიმართა. მოდის სამყაროსთვის აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი ფავორიტი წარმომადგენლის ხელწერისთვის დამახასიათებელი ფემინურობა, ელეგანტური ქსოვილები და უნიკალური ნაქარგები Dildora Kasimova-მ დიდი პატივით წარადგინა მოდის კვირეულზე. 

დღის ფინალური აკორდი ირაკლი რუსაძემ და Situationist-მა შეასრულეს. Pre Spring Summer 2024-ის კოლექციის წარსადგენად, დიზაინერმა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი და მისი მარადიული სიმბოლო აბანო 5 შეარჩია. Situationist-ი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის კალენდარში ერთადერთი მუდმივი ქართული ბრენდია, მშობლიურ ფესვებს მის ავანგარდულობას და კულტურულ სიმდიდრეს არასდროს ივიწყებს და მეტიც, ყოველთვის დიდი პატივით წარადგენს კოლექციებში, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი...

ზევით