#მოგზაურობა

ლისაბონი - ფერების ქალაქი

გაზიარება:

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ასე მგონია, რომ ახალი შთაგონების, ინსპირაციისა და ახალი იდეების უდიდესი წყაროა. Covid-19 გამოწვეული შეზღუდვების გამო, ბოლო 1 წელია, თითქმის ვერსად ვახერხებ მოგზაურობას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის შუაგულში ვცხოვრობ. ასე რომ, მეც თქვენსავით, ხშირად ვათვალიერებ შარშანწინდელ და იმის იქით წლების ფოტოებს. ლისაბონი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია და სწორედ მასზე მოგიყვებით დღეს. ევროპის ყველაზე დასავლეთით მდებარე ფერადი ქალაქი, შვიდ მთაზეა აშენებული. ლისაბონს იქით მხოლოდ უკიდეგანო ატლანტის ოკეანეა, თავად ლისაბონში კი სან-ფრანცისკოს ტყუპი ხიდი, რეტრო-ტრამვაები, ვიწრო ქუჩები და ფერადი აღმართ-დაღმართებია. 

ლისაბონის თითქმის ყველა კუთხიდან ისმის „ფადო“ - ტრადიციული პორტუგალიური მუსიკა.  

პორტუგალია
ნინიშა სილაგაძე, Instagram: @itsninisha

STAY  

„იბეროსტარი“ ცნობილი luxury-სასტუმროების ქსელია. პორტუგალია კი ამ ქსელების ჩამონათვალს სულ რაღაც წელიწადია, რაც შეუერთდა. Iberostar Lisbon ფერდობზეა აშენებული და მისი აივნებიდან ქალაქის საოცარი ხედები იშლება.

სასტუმროს ინტერიერი დახვეწილი და თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი. სხვა სასტუმროებისგან კი, გარდა დახვეწილი ინტერიერისა, Iberostar Lisbon-ს თავბრუდამხვევი და სასიამოვნო სურნელი გამოარჩევს, რომელიც „იბეროსტარის“ სასტუმრო ქსელისთვის სპეციალურად შეიქმნა და ერთდროულად, ლიმონის, ლაიმისა და პიტნის სურნელს ატარებს.

სასტუმროს სპა, შიდა და ღია აუზები სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ქალაქში ფეხით სეირნობის შემდეგ, სრული რელაქსაცია მიიღოთ. 

EXPLORE

ლისაბონის ცენტრი მჭიდროდ დასახლებული ძველი კვარტლებისა და გრანდიოზული გამზირებისგან შედგება. ვინაიდან ქალაქი ფერდობზეა განლაგებული, აქვს მკვეთრი აღმართ-დაღმართები, სწორედ ამიტომ აქ საბაგირო და ტრამვაის სისტემა კარგადაა განვითარებული. ტრამვაების უმეტესობა კი ვინტაჟურია და ქალაქის ემბლემადაა ქცეული. ყველაზე პოპულარული N28 კი უამრავ ტურისტულ ადგილს მოგატარებთ და თავისი ხის ვაგონებით სხვა ეპოქაში გამოგზაურებთ. 

ლისაბონი, პორტუგალია

ლისაბონი იდეალური ადგილია ხანმოკლე ევროპული არდადეგებისთვის, თუმცა მას აშკარად ერთი ნაკლი აქვს... თქვენ აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება, რათა კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ამ ბებერი, ფერადი ქალაქის ხიბლი.

VIEW

ლისაბონის მზის ოკეანეში ჩასვენება დაუვიწყარი გახდება, თუ დაისით Rua de Santa Caterina-დან დატკბებით. აქედან ქალაქის საოცარი ხედი 360 გრადუსით იშლება, თუმცა რომანტიკოსებისთვის სხვა შემოთავაზებაც გვაქვს: აუცილებლად იქირავეთ იახტა ან პატარა გემი (sailingwithnigel.com) და მზის ჩასვლით ოკეანიდანვე დატკბით. ერთი მხრივ, მზის ჩასვლის ფონზე მოსრიალე იახტები, მეორე მხრივ კი ულამაზესი ქალაქის ულამაზესი ხედი. ჩვენი ფავორიტი Nigel-ის თანამშრომლები კი გემრიელ კოქტეილებსა და აპეტაიზერებს არ მოგაკლებთ.

lisbon, portugal

TASTE

წარმოუდგენელია შეიცნო ქალაქი ისე, რომ მის სამზარეულოს არ ეზიარო. ლისაბონი ცნობილია კერძებით, რომლებიც ძირითადად ზღვის პროდუქტებითაა მომზადებული. რედაქციის რჩეულ რესტორნად კი Luz-ია იქცა. მყუდრო და დახვეწილი ინტერიერით გამორჩეული რესტორანი პორტუგალიაში საუკეთესო მზარეულის ტიტულის მფლობელი შეფით, ჯორჯ ფერნანდესით იწონებს თავს. კერძების გემო ერთდროულად ტრადიციულიცაა და თანამედროვეც, ასე რომ ლისაბონში ყოფნისას, არ დაგავიწყდეთ თქვენი გურმანული ვნებები სწორედ აქ დაიკმაყოფილოთ. ტკბილეულის მოყვარულებს კი ვურჩევთ აუცილებლად გასინჯონ Pastel de Nata - ეს ტრადიციული პორტუგალიური ღვეზელია, რომელიც პირველად მე-18 საუკუნეში კათოლიკე ბერებმა ჟერონიმუშის მონასტერში გამოაცხვეს და მას მერე პორტუგალიელთა საყვარელი ტკბილეულია.

ზევით