სამშაბათს, 23 მაისს, დუა ლიპამ და დონატელა ვერსაჩემ კანში Versace-ს კრუიზ კოლექცია, სახელწოდებით La Vacanza წარადგინეს. კოლაბორაციით შექმნილი კაფსულა კოლექცია, რომელიც ზაფხულის ცხელი ღამეებისთვისაა შექმნილი, მოდის სახლისთვის ახალი ერის დასაწყისად იქცა.
მომღერალმა და ლეგენდარული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, რამდენიმე წლიანი ურთიერთობა კიდევ უფრო განამტკიცეს, როდესაც გასულ წელს ნიუ-იორკში კოლაბორაციის იდეა გააჟღერეს. თანამშრომლობა ოქტომბრის თვეში ოფიციალურად დადასტურდა და დუა ლიპა ესკიზებზე მუშაობას იმავე დღიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. „დავიწყე პატარა ჩანახატების კეთება და დონატელას ვაჩვენებდი და ვეკითხებოდი: „რას ფიქრობ?“ ნამდვილად არ გამომდის ხატვა, მაგრამ ის საკმარისი იყო; ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა და შევძელით იდეების გადმოცემა“ - განაცხადა დუამ მედიასთან საუბრისას.
La Vacanza-მ Versace-ს საკულტო სილუეტებთან ერთად Y2K და გრეტა გერვიგის Barbie-ს ესთეტიკა გააერთიანა და შედეგად მივიღეთ შენარჩუნებული ბრენდის ეთოსი, რომელმაც პრიორიტეტი თანამედროვეობას მიანიჭა. კოლექციაში აქტიურად იყო გამოყენებული მეტალიკის დეტალები, რომლითაც ზღვისპირა სილუეტები და საცურაო კოსტიუმებიც კი შეიქმნა.
კანის კინოფესტივალის ფონზე მიმდინარე ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ვიტორია ჩერეტიმ, აირის ლოუმ, ლილი მოსმა, ირინა შეიკმა და სხვა ცნობილმა მოდელებმა.
დუა ლიპას და Versace-ს გზები პირველად 2018 წელს გადაიკვეთა, როდესაც მომღერალი, Brit Awards-ზე იმ პერიოდში ჰიტად ქცეული სიმღერის New Rules-ის შესასრულებლად სცენაზე მოდის სახლის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან Tresor de la Mer-ის პრინტიანი საცურაო კოსტიუმი მოირგო. ამ გადაკვეთის შემდეგ, მომღერალი მოდის სახლის ელჩადაც მოგვევლინა და Versace-ს ნამდვილ სახედ იქცა, ახლა კი ამ კოლაბორაციით ორმა გავლენიანმა სახელმა თავიანთი ჰორიზონტი გააფართოვა და რაღაც უფრო ძლევამოსილს დაუდო სათავე.
„ვგრძნობ, რომ ახლა შიგნიდან ვიცი Versace-ს ისტორია და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩავძირულიყავი ამ ყველაფერში“ - დუა ლიპა.