#დეკორი

კოკო შანელის დეკადენტური აპარტამენტი პარიზში #31RueCambon

გაზიარება:

ცნობილმა დიზაინერმა გაბრიელა კოკო შანელმა თავისი პირველი ქუდების მაღაზია, 1910 წელს პარიზის გულში 21 Rue Cambon-ში გახსნა, 8 წლის შემდეგ კი მახლობელ შენობაში 31 Rue Cambon-ში დაიდო ბინა, მას შემდეგ ეს შენობა ისევე როგორც მისი რჩეული აპარტამენტი მთავარ როლს ასრულებდა კოკოს შემოქმედებაში და სამუდამოდ დაუკავშირდა შანელის უკვდავ სახელს. 

აპარტამენტი ხელუხლებელი დარჩა, დღემდე იმ ბინაში ყველაფერი ისეა, როგორც 1971 წელს კოკო შანელმა გარდაცვალებისას დატოვა. 1983 წლიდან მოყოლებული ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა კარლ ლაგერფელდი და შთაგონებას კოკო შანელის საცხოვრებელში ეძებდა. სწორედ ამ სახლმა უბიძგა კარლს ჩინური კულტურის მოტივებით შეექმნა კოლექცია, ან სულაც ნაქარგები გამოეყენებინა ახალ სილუეტებში, გაბრიელას გარდაცვალების შემდეგაც კი მისი მემკვიდრეობა, მისი ფიქრებით, გემოვნებითა და ესთეტიკით შთაგონებული კედლები სხვებს შთააგონებდნენ.

კოკო შანელი აპარტამენტში დღის უმეტეს ნაწილს ატარებდა, მაგრამ ღამეს იქ არასდროს ათევდა, ეს ადგილი მისთვის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობებისთვის, სოციალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. ამ ბინის ზემოთ ყოველთვის იყო და დღემდე რჩება Chanel-ის ატელიეები, სადაც 200-ზე მეტი მკერავი დაუღალავად მუშაობს.

სარკისებრ კიბეს, სადაც კოკო შანელი საკუთარ შემოქმედებას ათვალიერებდა, მეორე სართულზე, გაბრიელას საკულტო აპარტამენტამდე მივყავართ. აპარტამენტში სულ რამდენიმე ოთახია, ბნელ შესასვლელში მე-18 საუკუნის სავარძელი დგას, რომელშიც კოკო შანელი ფოტოგრაფმა ჰორსტ პ.ჰორსტმა გადაიღო 1937 წელს. იატაკიდან-ჭერამდე ყველაფერი კოკოს საყვარელი პრინტებით არის მოცული, ხის თაროებზე დღემდე სკრუპულოზურადაა განლაგებული წიგნების ულამაზესი ტომეულები და რაც მთავარია შენარჩუნებულია მისი საყვარელი კამილიების ელემენტები და ლომის სკულპტურა.

შანელის ბინა მუდმივად მასპინძლობდა მსოფლიოში ცნობილ მხატვრებს, მათ შორის ალბერტო ჯაკომეტის (მისი ერთ-ერთი სკულპტურა დღემდე იკავებს ადგილს 31 Rue Cambon-ში), სალვადორ დალის და პაბლო პიკასოს. ამ აპარტამენტში იქმნებოდა Chanel-ის საკულტო ტვიდი კოსტიუმი, რომელიც დღემდე რჩება მოდის სახლის სავიზიტო ბარათად. 

დღეს აპარტამენტი ყველასთვის დაკეტილია სახლის ყველაზე პრესტიჟული სტუმრების (და ერთგული კლიენტების) გარდა.

ზევით