#მოდა

ქართველი მოდელები მსოფლიო მოდის ასპარეზზე - მოდის კვირეულების ციებ-ცხელება

გაზიარება:

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებებისთვის, მოდის დედაქალაქები ერთმანეთს ენაცვლებიან, რათა სახელგანთქმულმა თუ დამწყებმა მოდის სახლებმა და დიზაინერებმა მომავალი წლის SS23 სეზონისთვის თავიანთი ქმნილებები წარმოადგინონ. ნიუ-იორკი ლონდონმა ჩაანაცვლა, ლონდონი კი მილანმა, კვირეულების ციებ-ცხელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოდელებმაც, რომლებიც 2 სხვადასხვა კონტინენტზე, ათეულობით ცნობილი ბრენდის ჩვენებაში ვიხილეთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

თათია ახალაია

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ცნობილი ქართველი მოდელი თათია ახალაია უკრაინელი დიზაინერის სვიტლანა ბევზას გაზაფხული/ზაფხული 2023-ის ჩვენებაზე ვიხილეთ, თათიამ, Bevza-ს კოლექციიდან 2 ლუქი მოირგო. Bevza ერთ-ერთი ბრენდი იყო იმ 6 უკრაინული მოდის სახლიდან, რომელიც SS23-ის ჩვენებებზე ნიუ-იორკში ვიხილეთ.

მატილდა გვარლიანი

ახალგაზრდა ქართველი მოდელისთვის, ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მატილდა გვარლიანი უკვე ვიხილეთ ნიუ-იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც Fendi და Carolina Herrera გახლავთ.

9 სექტემბერს, Fendi-ს საიუბილეო კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც სახელგანთქმულ Fendi Baguette-ს მიეძღვნა მატილდა ნაქსოვ ფერად პულოვერში და მოდის სახლის უახლეს აქსესუარებში ვიხილეთ. რამდენიმე დღეში მატილდა, Carolina Herrera-ს პოდიუმზე გამოჩნდა და მოდის სახლის გრაციოზულობის ნათელი მაგალითი წარმოგვიდგინა მოკლე შავი კაბით და თვალისმომჭრელი დეტალებით.

Fendi-ს კიდევ ერთი ჩვენება 21 სექტემბერს გაიმართა, ამჯერად მოდის სახლმა მილანის მოდის კვირეულის ნავსაყუდელს მიაშურა, სადაც ქართველი მოდელი ნაცრისფერი ორეულით ვიხილეთ ჩვენებაზე. 23 სექტემბერს კი მატილდა Sportmax S/S 23 Show-ს ჩვენებაზე გამოვიდა ელექტრიკი მწვანე მოსაცმლითა და პრინტიანი ჩანთითა და ფეხსაცმელებით.

ეთო მიგრიაული

თანამედროვე ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მოდელი ეთო მიგრიაული, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებზე ლონდონის მოდის კვირეულზე ვიხილეთ. ეთომ PAUL & JOE-ს SS23-ის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე ულამაზეს ორეულში გამოჩნდა.

ნინი ტიგიშვილი

Look Models Management-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ნინი ტიგიშვილი წარმატებით გამოვიდა მილანის მოდის კვირეულზე, ახალგაზრდა მოდელმა ACT N°1-ის შთამბეჭდავ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი ულამაზესი ლუქი მოირგო.

ქეთი უნაპკოშვილი

ACT N°1-ის ჩვენებაში ნინისთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მოდელი იღებდა მონაწილეობას, Look Models Management-ის კიდევ ერთი ახალი სახე ქეთი უნაპკოშვილი პოდიუმზე ბრენდის სიურრეალისტური ტოპითა და კლასიკური შარვლით ვიხილეთ.

ზევით