#მოდა

უკრაინელი დიზაინერის ომით გამოწვეული ტკივილის ანარეკლი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

მოდური ჩვენებები იშვიათად იწყება წუთიერი დუმილით, თუმცა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ეს სწორედ ის დასაწყისი იყო, რომლითაც უკრაინელმა დიზაინერმა სვიტლანა ბევზამ თავის ქვეყანას მიაგო პატივი და რუსეთის აგრესია ხმამაღლა დაგმო. Bevza ერთ-ერთი ბრენდი იყო იმ 6 უკრაინული მოდის სახლიდან, რომელიც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებზე ნიუ-იორკში ვიხილეთ.

სვიტლანა ბევზა ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის ნაცნობი სახელია, დიზაინერი საკუთარი სახელობის ბრენდთან ერთად 2017 წლიდან იღებს მოდის კვირეულებში მონაწილეობას, თუმცა ეს შემთხვევა ბევრი მიზეზის გამო გახდა გამონაკლისი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სვიტლანა იძულებული გახდა მშობლიური ქალაქი კიევი შვილებთან ერთად დაეტოვებინა და ლტოლვილად ქცეულიყო. მისი მეუღლე ვოლოდიმირ ომელიანი, პოლიტიკოსი, რომელიც მთავრობის მინისტრი იყო 2016 წლიდან 2019 წლამდე, უკრაინაში დარჩა და სამშობლოს დღემდე საკუთარი ხელებით იცავს.

Bevza-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით „მყიფე სამშობლო“, რომელიც უოლ სტრიტზე, ერთ-ერთ შენობაში გაიმართა, სვიტლანასთვის თითოეულ დეტალში პირადული იყო, კედელზე გაკრული უკრაინის დროშით დაწყებული, პატრიოტული სიმბოლოებით დატვირთული კოლექციით დამთავრებული.

„ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ესმის, რომ ეს რეალურად ხდება. და დღეს უკრაინაში ომის 202-ე დღეა. ათასობით ადამიანი დაიღუპა... იძულებული გავხდი, ბავშვებთან ერთად წავსულიყავი ქვეყნიდან. ჩემი ქმარი კი ომშია“, - განაცხადა სვიტლანამ.

ჩვენებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ხორბლის მარცვლების, როგორც ნაყოფიერი უკრაინის სიმბოლო, თუმცა აქსესუარებში ის შავ ფერში იყო გამოყენებული, იმის საჩვენებლად, რომ რუსებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინის ნაყოფიერებას ძლიერი დარტყმა მიაყენეს ხორბლების გადაწვით.

„ჩვენ, ჩვენს ნაყოფიერ მიწებს ვიცავთ და ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, თავისუფლებაა და შენივე მიწაზე მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“ - განაცხადა დიზაინერმა ჩვენების დასრულებისას.

ზევით