#მოდა

ირაკლი რუსაძის ავანგარდული ხედვა და განუმეორებელი SITUATIONIST

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

სულ რამდენიმე საათში, პარიზის მოდის კვირეულზე, ქართული მოდის წარმომადგენლები: ბრენდი - Situationist და მისი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ირაკლე რუსაძე წარდგებიან. ირაკლი, დღეს 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას უჩვენებს მსოფლიოს და როგორც ყოველთვის, მისი ეკლექტური ქმნილებების მიმართ ინტერესი, ახლაც ძალიან დიდია.

სანამ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი დიზაინერის ახალ კოლექციას, უკეთ გავიცნოთ ქართული მოდის გამორჩეული ფიგურა - ირაკლი რუსაძე.

მოდის სფეროს მიმართ ინტერესი ირაკლის ცხოვრებაში, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გაჩნდა, 6-7 წლიდან მან ხატვა დაიწყო, 14 წლიდან კი ირაკლი კონსტრუირებით, გამოჭრის ტექნიკითა და თარგებით დაინტერესდა და მოდის მიმართ ინტერესიც, სწორედ ამ პერიოდში გაღრმავდა. 15 წლის ახალგაზრდამ მოახერხა და მოდის ინდუსტრიაში გზის გაკვალვაც დაიწყო. 

 

მოდა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია ჩემთვის... თავისუფლება აუცილებელია ხელოვანისთვის, შეუძლებელია თავისუფალი ხედვისა და აზროვნების გარეშე კარგ შედეგს მიაღწიო

 

21 წლის ირაკლი რუსაძემ Mercedes-Benz Fashion Week-ზე სადებიუტო კოლექცია წარადგინა, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება ნახვისთანავე დაიმსახურა. 2016 წელს ირაკლიმ, გუნდთან ერთად ქართული მოდის სამყაროს ახალი სიტყვა - Situationist შექმნა, რომელმაც წარმატებას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე დამაჯერებელი სვლით მალევე მიაღწია.

თბილისის მოდის კვირეულს ჯერ მილანის, შემდეგ კი პარიზის კვირეულების ძირითად განრიგში აღმოჩენა მოყვა, Situationist-ის წარმატებას ხელი ცნობილმა სახეებმაც შეუწყვეს, რომლებმაც ერთი მეორის მიყოლებით მოირგეს თვითნასწავლი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები.

 

ჩვენი მიზანი არ არის ტანსაცმლის შექმნა ცნობილი ადამიანებისთვის, ჩვენ ვქნით ყველასთვის, ვინც მასში საკუთარ თავს ხედავს და მოსწონს ჩვენი ხედვა.

ირაკლი რუსაძის ხელწერის ამოცნობა რთული არასდროსაა, ის ყოველთვის განსხვავებულ და შთამბეჭდავ კოლექციებს გვთავაზობს, რომლებსაც ფონად მუდამ ქართული ისტორიული მემკვიდრეობისა და ავანგარდული ხედვის მიქსი გასდევს. სწორედ, ამ ორი სტილის თანხვედრა აქცევს Situationist-ის თითოეულ კოლექციას უნიკალურსა და მდიდარს და სწორედ ამას ველით დღეს ირაკლისგან.

ზევით