ლუკა მიქაძემ ყაზახეთის მოდის კვირეულზე 2025 წლის კოლექცია წარადგინა. ლუკა ქართული მოდის სცენაზე ახალი ხმაა. ის ქმნის ნამუშევრებს, რომლებშიც დიზაინერის ინდივიდუალური ხედვა სოციალური დატვირთვის მქონე გზავნილებთან ერთიანდება. მისი უახლესი კოლექცია კი ქუჩის სტილსა და თავისუფლების იდეას ეხმიანება. პოდიუმზე მოდელები მოქნილი, თავისუფალი და ასიმეტრიული ფორმის სამოსით გამოჩნდნენ. კოლექციაში, სადაც შავი და თეთრი ფერები ჭარბობს, დიზაინერის გამორჩეული სტილი მკაფიოდ ჩანს და სამოსზე დატანილი წარწერები კვლავ წამყვანი ელემენტი გახლავთ.
ლუკა მიქაძე
კოლექციის კონცეფციასა და კვირეულზე მიღებულ გამოცდილებაზე დიზაინერი The Diary-სთან ინტერვიუში თავად გვიყვება.
ლუკა, გაგვიზიარეთ თქვენი უახლესი კოლექციის კონცეფცია – რა იყო შთაგონების მთავარი წყარო? ლუკა: კოლექციით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ ერთიანდება მოდა და ხელოვნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი უბრალოდ სამოსი არ იყოს - მას უნდა ჰქონდეს იდეა, ემოცია და სათქმელი. მთავარი თემა კი თავისუფლებაა - ჩვენი უნიკალურობა ჩვენს ჩაცმულობაზე ისახება.
როგორი იყო კოლექციაზე მუშაობის პროცესი? ლუკა: იყო ბევრი ფიქრი, უამრავი გათენებული ღამე და არაერთი ცვლილება, რადგან ხშირად რაღაც არ გამოდიოდა ისე, როგორც მინდოდა. თუმცა, საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და მინდა ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა.
როგორია ყაზახეთის მოდის კვირეულზე მიღებული გამოცდილება და როგორ მიიღო თქვენი კოლექცია საერთაშორისო აუდიტორიამ? ლუკა: ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. კოლექციამ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა - როგორც ადგილობრივი საზოგადოებისგან, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისგან. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მოდის კვირეულის ორგანიზების დონე ძალიან მაღალი და პროფესიონალური იყო.
ჩვენების ბოლოს თქვენი ცნობილი მაისურით გამოჩნდით პოდიუმზე. რისი თქმა გსურდათ ამ ჟესტით? ლუკა: მაისურზე ეწერა „აფხაზეთი საქართველოა“. აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სათქმელი მხოლოდ საქართველოში კი არა, ისეთ ქვეყანაში გამეჟღერებინა, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი - ერთი შეხედვით უბრალო ჟესტი, მაგრამ ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელი.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.