#მოდა

Giorgio Armani SS23: მშვიდი და ნატიფი ესთეტიკა

გაზიარება:

ძველი ბერძნების მსგავსად, რომლებიც ფიზიკურ სილამაზეს ზნეობრივი ღირებულებების სარკედ აღიქვამდნენ, ჯორჯო არმანიმ, შინაგან და გარეგან სამყაროსთან დამაკავშირებელი ოქროს ძაფი იპოვა და ახალი 2023 წლის კოლექცია, ამ აღმოჩენას მიუძღვნა. გუშინ, მილანის მოდის კვირეულზე გამართულ Giorgio Armani-ს ჩვენებას ჰქონდა ყველა ძვირფასი მახასიათებელი, მათ შორის იდეა, არსი და უნიკალური პრეზენტაცია, რომელიც სრულფასოვანი ჩვენების ხსენებაზე გვახსენდება.

იტალიელი დიზაინერისთვის ფუფუნება და სიმდიდრე იმთავითვე ოქროს(ფერ)თან ასოცირდება და გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც სწორედ სიმდიდრის და გრაციის იდეაზეა აგებული. არმანის არასდროს დაუმალავს, რომ ის თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის სამუშაოზე და ელეგანტურად ჩაცმულ ქალებზე, რომლებსაც თავად დიზაინერი მოსავს. გარდა იმისა, რომ დიზაინერის ახლი კოლექცია მის მშვიდ და ნატიფ ესთეტიკას კიდევ ერთხელ იმეორებდა, ეს ჩვენება შინაგანი მეს გამოვლენას, მის პატივისცემას და ამაღლებას მიეძღვნა.

„სულიერებაზე მუშაობა რთული სულაც არ აღმოჩნდა ჩემთვის, ეს დისკურსის გაგრძელება და მის წინ წაწევას ემსახურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ რეალობას ვეხებოდი. მჯერა, რომ ჩემი იდეების განხორციელებას გავაგრძელებ, თუმცა დიდი სიფრთხილით მოვეკიდები იმას თუ რა ხდება ჩემ გარშემო და მისი რა ნაწილის მოყოლას გადავწყვეტ საზოგადოებისთვის“ - განაცხადა ჯორჯო არმანიმ ჩვენების შემდეგ.

მოდელები ოქროსფერი კაბებით, აბრეშუმის დახვეწილი სილუეტებით და მდიდრული აქსესუარებით ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდნენ პოდიუმზე და არმანის მსუბუქი და ჰაეროვანი კოლექცია წარადგინეს. კოლექციის სიმარტივე და მისი დახვეწილობა ამაღელვებელი აღმოჩნდა, არმანიმ კიდევ ერთხელ მოახერხა და თავისი პრაგმატულობით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველზე.

ზევით