#მოგზაურობა

აღმოაჩინე მეზობელი სომხეთი

გაზიარება:

გაზაფხული იდეალური დროა იმისათვის რომ მოგზაურობა განვაახლოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც არც ზედმეტი სიცხე გვაწუხებს და არც სიცივისგან გვეთოშება ხელები. თუმცა, რა სეზონიც არ უნდა იყოს, არასდროს ვამბობ მოგზაურობაზე უარს, ვინაიდან სხვადასხვა კულტურისა და ერების ისტორიის გაცნობა ცოდნისა და ზოგადად მსოფლმხედველობის გაღრმავებაში მეხმარება.

თებერვალი დადგა და ხეში წყალი ჩადგა, ჩიტმა ჩიორამა კი საძირკველი გადგა, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ კი მოწვევა გამომიგზავნა, ალბათ მათ კოსმოსიდან ჩემი გზავნილები მიიღეს (დიდი ხანია სომხეთის სტუმრობა მსურდა).

armenia
ერევნის დრონის კადრი გასაოცარი არარატის ხედით

სომხეთში ჩემს სტუმრობას მოკლე შეჯამებით დავიწყებდი: სტუმართმოყვარე ერი ძალიან დიდი ისტორიით, საკმაოდ გემრიელი და ჯანსაღი სამზარეულოთი. ერთ-ერთ საკვირველ აღმოჩენებიდან კი ის იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავის აფრენიდან ზუსტად 20 წუთში ერევნის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვჩნდი, როგორ? ფრენის მანძილი თბილისსა და ერევანს შორის 170 კმ-ია, თუკი თვითმფრინავის საშუალო სიჩქარე 750 კმ / სთ-ია, მგზავრობას დაახლოებით 0,19 საათი დასჭირდება, არც კი, აი ასე!

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka 💫 (@nankakikalia)

ზვართნოცი სომხეთის მთავარი აეროპორტია და სომხეთის ეროვნული ავიაკომპანიაა Fly Arna პირდაპირ რეისებს თბილისი-ერევანი, ერევანი-თბილისი ყოველ მეორე დღეს ასრულებს, ღირებულება 200 ლარის ფარგლებშია (ერთი გზა). Fly Arna “ლოუქოსტერია” და ის ავიაკომპანია Air Arabia Group-ისა და სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის (ANIF) თანამონაწილეობით შეიქმნა. Fly Arna-ს ეკიპაჟი ძალიან ყურადღებიანია, ფრენაც საღამოს საათებშია, ასე რომ ფრენისას დაისითაც დატკბებით და არარატსაც, რამდენიმე წუთით, თუმცა ნახავთ. ამავე ავიახაზების მეშვეობით შეგიძლიათ თბილისიდან ერაყის, ბაღდათის მიმართულებით განახორციელოთ ფრენა, ჰმ, საინტერესო იქნებოდა მომდევნო ტური ერაყში დამეგეგმა...

თბილისის აეროპორტი
მე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, Fly Arna-ს მოლოდინში ჩემს პირველ ტიკ-ტიკ ვიდეოს ვიღებ

არ მოვიტყუები თუკი გაგიმხელთ რომ, ყოველთვის მსურდა სომხეთის სტუმრობა, ვფიქრობ იმისთვის რომ უკეთ გაიგო შენი ქვეყნის, შენი ერის ისტორია, უკეთესად უნდა იცნობდე შენ მეზობლებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, დაახლოებით ნახევარი საათი, ძალიან კომფორტული ფრენა და არარატთან პირველ „შეჯახება“, ამ ყველაფერმა უდავოდ დიდი დადებითი ემოცია გამოიწვია. შემდეგ კი იყო არაერთი საინტერესო დღე მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლით, გასაოცარი კერძებითა და საინტერესო ამბებით, რაზეც  ლოკალურმა ტურისტულმა კომპანიამ Arara Tour - მა ზედმიწევნით იზრუნა.

დღე მეორე:

პირველი საღამო ერევანში გავატარე, სომხური კულინარიის ლაბირინთებში, ამ კონკრეტულ დღეს არ ჩავუღრმავდები, კულინარიაზე მოყოლა მოსაწყენია, ის გემოს აღქმის რეცეპტორებით თავად უნდა აღიქვათ. სომხეთის კულტურასა და არქიტექტურას კი ზვართნოცით ვეზიარე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება არარატზე და მე აბსოლუტურად ვიზიარებ სომხების სიყვარულს არარატის მიმართ, მას მომაჯადოებელი ძალა აქვს.

სომხეთი

643-652 წლებში აგებული ზვართნოცის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მოიცავს საკათედრო ტაძარს, კათოლიკოსის სასახლეს, რამდენიმე ბაზილიკას, აბანოს, ღვინის მარანს და სხ., წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს არამხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. მას UNESCO 2000 წლიდან იცავს. 

armenia

ამავე დღეს ვეწვიეთ ვაღარშაპატს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის რეზიდენციას. აქ მთავარი ღირსშესანიშნაობა ეჩმიაძინის ტაძარია, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. მონასტრის ადგილზე უძველესი ხის ეკლესია ჯერ კიდევ 303 წელს აუგიათ, ხოლო ქვის ეკლესია უკვე V-VII საუკუნეებში. სომხური საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშის სამრეკლო 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს ააგეს. საინტერესოა, როდესაც არქიტექტურისა თუ კულტურის ნიმუში დროში არ იყინება, საუკუნე-საუკუნე იზრდება, თითქოს ყოველი ეპოქიდან რაღაც ნაწილს უკვდავყოფს. სამწუხაროდ, ეჩმიაძინის მონასტერში შესვლა რეკონსტრუქციის გამო ვერ მოვახერხე, არადა ბევრი წავიკითხე საკურთხეველზე, რომელიც არარეალურად ლამაზია, თუმცა ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია რომ სომხეთს ძალიან მალე ისევ ვესტუმრო. 

Etchmiadzin Cathedral

მას შემდეგ რაც კულტურული საკვები მივიღე, Arara Tour -ის დამსახურებით Machanents House-ში აღმოვჩნდი, რომელიც რესტორანსაც და არტ გალერეასაც მოიცავს საკუთარ თავში. გაგიკვირდებათ და სომხური სამზარეულო მდიდარია ცოცხალი სალათებით, რაც მოგეხსენებათ ვეგეტარიანელისთვის (ანუ ჩემთვის) ნამდვილი ბედნიერებაა. ეს ადგილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ვინაიდან სადილის ბოლოს მოგვიტანეს სპეციალური ნამცხვარი Gata, რომლის შიგთავსში იმალებოდა მონეტა და ვინც ამ მონეტას აღმოაჩენდა მისთვის ის წელი წარმატებული იქნებოდა. აბა გამოიცანით ვინ აღმოაჩინა ეს მონეტა?!

დღე მესამე

sevan lake

მომაჯადოებელი ძალა აქვს სევანის ტბას. "სომხეთის მარგალიტი" კავკასიის უდიდესი ტბაა და ნამდვილად გასაოცარი სანახაობაა.

აქვე აღმოაჩენთ სევანავანკს, არქიტექტურულ კომპლექსს სევანის ტბის კუნძულზე, საიდანაც საოცარი ხედი იშლება სევანის ტბაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სუვენირების მაღაზიებთან ვჩერდებოდით, როდესაც გაიგებდნენ რომ საქართველოდან ვიყავით, განსაკუთრებული სითბოთი გვეპყრობოდნენ და გვასაჩუქრებდნენ კიდევაც.

sevanavank monastery

სევანავანკიდან დილიჯანისკენ გავეშურეთ, რომელიც ცნობილი სამთო და ბალნეოლოგიური კურორტია სომხეთში. ქალაქს თითქმის მთლიანად გარს აკრავს დილიჯანის ნაკრძალი და ზაფხულის ცხელ დღეებში სწორედ აქაურობას აფარებენ თავს სომხები. თუკი Gen Z -ს არ წარმოადგენთ, დილიჯანზე ფილმი "მიმინო" ამოგიტივტივდებათ ჩემსავით თავში, აღარ მახსოვს რა კავშირი ჰქონდა მას მთავარ გმირებთან, თუმცა ის კი მითხრეს, რომ ამ ქალაქში ამ ფილმის გმირებს ძეგლიც კი დაუდგეს.

დღის ბოლოს კი Concept hotel by Coaf-ში შემთხვევით აღმოვჩნდი, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო რომ პირველივე დღიდან Arara Tour -მა ყოველი ჩემი სურვილი და მოთხოვნა გაითვალისწინა და ძალიან მარტივად შემიცვალა დაგეგმილი WOW Glamping სასტუმროთი, დარწმუნებული ვარ ბუნებაში დასვენების მსურველებს აუცილებლად მოგეწონებათ გლემპინგი, რომელიც ლორეს პროვინციაში მდებარეობს და სულ რაღაც 70 კმ-ით არის დაშორებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან. 

concept hotel

საინტერესო ფაქტია, რომ ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. მეფე დავით IV აღმაშენებლის დროს ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში იყო.

დღე მეოთხე

განსაკუთრებული ემოციებით ახპატის სამონასტრო კომპლექსში ყოფნისას დავიმუხტე. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია ნშანის მთავარი ეკლესია, რომელიც გარედან შემკულია ეკლესიის დონორების სკულპტურული გამოსახულებით, რომლებსაც პატივის ნიშნად ეკლესიის კედლებზე უკვდავყოფდნენ, აქვე იხილავთ წიგნთსაცავს, სატრაპეზოს და სამრეკლოს.

armenia

ისტორიის მიერ შემონახულ მონუმენტებს გასაოცარი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ, თუმცა ადამიანები, რომლებიც გიზიარებენ ამ ისტორიას, ორმაგად დიდი ტვირთის მატარებლები არიან, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თუ ვინ გიმასპინძლებთ. ჩემთვის საოცრად ემოციური იყო სომხური სიმღერის მოსმენა, რომელიც თუ არ ვცდები დედას ეძღვნებოდა და ახპატის სამონასტრო კომპლექსში ჩვენი გიდისგან, ანასგან მოვისმინე.

armenia

სომხეთზე შეიძლება ბევრი დავწერო და ბევრი რამ მოგიყვეთ, მათ შორის კულინარიაზე, თუმცა ყურადღებას ერევანზე გავამახვილებდი სადაც აუცილებლად დავბრუნდები ქალაქის ნამდვილი სულის ბოლომდე შესაცნობად.

ერევანი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, თუმცა დედაქალაქად 1918 წლიდან იქცა და ის სომხეთის რიგით მე-14 ისტორიული დედაქალაქია. პირადად მე ქალაქის გაცნობას, აღქმას და სიყვარულს მისი არქიტექტურით ვიწყებ. არქიტექტურა მოგიყვებათ ქალაქის ყველა საიდუმლოს. სომხეთის დედაქალაქს აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული ბრუტალისტური არქიტექტურა; ყველგან ნახავთ გეომეტრიულ ფორმებს.

nanka kikalia
ერევნის კასკადი - გრანდიოზული კიბე ერევანში

საინტერესოა მასალა ტუფი რომელიც სომხეთში როგორც სამშენებლო მასალა აქტიურად არის გამოყენებული. მე განსაკუთრებით ვარდისფერი ტუფის ნაგებობები ჩამრჩა გულში, რომლებიც სხვადასხვა ელფერს იძენდნენ აისი დაისის მიხედვით.

erevan

საინტერესო იყო მოგზაურობა სომხეთში და მკითხველს ვურჩევდი დაიწყონ მეზობელი ქვეყნების აღმოჩენა და მოგზაურობა.

აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტსArara Tour -ს და Fly arna-ს გასაოცარი დღეებისთვის სომხეთში.

ზევით